სააკაშვილის რევოლუციურ მოწოდებებს მისი მომხრეები ცივად ხვდებიან

სააკაშვილის რევოლუციურ მოწოდებებს მისი მომხრეები ცივად ხვდებიან

ცესკოს მიერ დათვლილია ხმების 100%, და სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებელი, თითქმის 20%-იანი სხვაობით იგებს. მანამდე კი, მას შემდეგ, რაც ეგზიტპოლის შედეგები ცნობილი გახდა, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხალხს „მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ" მოუწოდა, თუმცა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ სააკაშვილის განცხადებას „ერთი ადამიანის პირადი მოსაზება" უწოდა. რაც შეეხება მმართველ პარტიას, განაცხადეს, რომ სააკაშვილის განცხადება არაადეკვატურია.

„თქვენ ჩემი სახელი და გვარი იცით?! მე, ჩემი მეუღლის და ჩემი ქალიშვილის და, აი, ამ ადამიანების თანაგუნდელი ვარ უპირველეს ყოვლისა და ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა და არ გაცხადებულა ამ ტრიბუნიდან ამ შტაბში, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად. მე რომ ვიზიარებდე ამ პოზიციას, ეს იქნებოდა ამ შტაბის და გაერთიანებული ოპოზიციის აზრი," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია მომავალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს 18:00 საათზე გააკეთებს, - ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ გუშინ ღამით საგანგობო ბრიფინგზე განაცხადა.

მთავარი კითხვა, რას გააკეთებს გაერთიანებული ოპოზიცია, - აღიარებს მარცხს თუ შესაძლოა ველოდოთ რევოლუციის იმ სცენარს, რისკენაც ექსპრეზიდენტი სააკაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს?

„ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, შედეგი იქნება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, ჯარს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას.

„მოგიწოდებთ თქვენ, აიღოთ საქართველოს გადარჩენა საკუთარ ხელში. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ხელჩაკიდებული და ვიფიქროთ იმაზე, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ბედი წყდება. მოგიწოდებთ, ერთიანობისკენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ," - განაცხადა სააკაშვილმა გუშინდელ ვიდეომიმართვაში.

მმართველი პარტია სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის დესტაბილიაციის შემოტანის რესურსი არ გააჩნია და ექსპრეზიდენტის განცხადებას არაადეკვატური უწოდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მარცხის აღიარება და შეგუება უჭირს.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება არ არის ადეკვატური. გასაგებია, რომ უჭირს მარცხთან შეგუება, მაგრამ თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ ეს მარცხი იყო გარდაუვალი. საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში, საქართველო ადგას განვითარების გზას და არის ორიენტირებული მომავალზე. საზოგადოებამაც გამოიტანა ასეთი გადაწყვეტილება. საზოგადოებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ხალხის ნებას წინ ვერასდროს ვერაფერი დაუდგება, ვერც, მათ შორის, სააკაშვილის ის გამონათქვამები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმას ადასტურებს, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით მთელი წინა პერიოდის განმავლობაში.

„ბოლო დროს, როდესაც უკვე მიხვდა, რომ იყო დამარცხებული, მისი მიზანი არ იყო არჩევნებში გამარჯვება, მისი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ არეულობა, ქაოსის შემოტანა ამ ქვეყანაში, რასაც საქართველო აღარასდროს დაუშვებს.

„დესტაბილიზაციის შემოტანის რესურსი მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად არ გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ მხარდაჭერა არ ნიშნავს მის გიჟურ გეგმებზე აყოლას. მხარდაჭერა ნიშნავს დაფიქსირებას საკუთარი აზრის.

„ჩვენ პატივს ვცემთ, ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, მათ შორის ამ აზრის გამოხატვას და ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩაებმებიან იმ რაღაცა ქაოსის სქემაში, რაც მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ ლიდერს აქვს. აქედან გამომდინარე, ხმების მიღების რესურსი შეიძლება ჰქონდეს ვინმეს, მაგრამ იგივე რესურსი ბუნებრივად მათ არ გააჩნიათ არეულობის მოწყობის.

„ადამიანები, რომლებმაც განსხვავებული აზრი დააფიქსირეს, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ამ პროვოკაციას აჰყვებიან და წამოეგებიან", - განაცხადა მდინარაძემ.