„თუ ტრამპი პუტინთან შეხვედრას ჩაშლის, ეს მკაფიო სიგნალია, რომ რუსეთის ქმედება უკრაინაში მიუღებელია“ - მენაღარიშვილი

„თუ ტრამპი პუტინთან შეხვედრას ჩაშლის, ეს მკაფიო სიგნალია, რომ რუსეთის ქმედება უკრაინაში მიუღებელია“ - მენაღარიშვილი

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ „დიდი ოცეულის" ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გაუქმება, საერთაშორისო თანამეგორობისთვის ერთგვარი გზავნილი იქნება იმისა, რომ რუსეთის ქმედება უკრაინასთან მიმართებით უკანონოა და რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

რა მოხდება, თუკი ტრამპი „დიდი ოცეულის" ფარგლებში რუსეთთან გასამართ შეხვედრას გააუქმებს, - მომავალში როგორ შეიძლება გაგრძელდეს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა, აღნიშნულთან დაკავშირებით „რეზონანსი" საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ირაკლი მენაღარიშვილს გაესაუბრა.

„ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის იმ აგრესიულ ქმედებას, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა აზოვის ზღვაში, უყურადღებოდ ვერ დატოვებდა. გაეროს უშიშროების საბჭოში ამერიკის წარმომადგენელმა ძალიან მკაცრი შეფასება მისცა რუსეთის უკანონო ქმედებას.

„თუკი ამერიკის პრეზიდენტი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება საკმაოდ მკაფიო სიგნალი იმისა, რომ რუსეთის საქციელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, აბსოლიტურად მიუღებელია," - აცხადებს ის.

„დიდი ოცეულის" სამიტის რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, რომელიც 29 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით არგენტინაში უნდა გაიმართოს, შესაძლოა ჩაიშალოს. შეხვედრის გაუქმება კი, გამოწვეული იქნება ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, - ამის შესახებ თავად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუბრობს.

მენაღარიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია რუსეთთან მიმართებაში სათანადო არ იქნება, რუსეთი კვლავ გააგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ რაც შეიძლება მკაცრი შეფასება უნდა მისცეს რუსეთის აგრესიულ ქმედებას იმისთვის, რომ იგი აღკვეთილ იქნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთმა შეიძლება ეს ქმედება გააგრძელოს და ბევრად უფრო მძიმე შედეგი გამოიღოს.

„იმ შემთხვევაში, თუკი საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადო შეფასებას არ მისცემს რუსეთის ამ ქმედებას, საუბარია რეგიონში უსაფრთხოებასა და ფართო მასშტაბიანი სამხედრო გართულების რისკებზე.

„ეს ყველაფერი აშშ-სა და რუსეთის მომავალ ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება. დაგეგმილი შეხვედრის გადადება და ჩაშლა, პოზიტიური მოვლენა ნამდვილად ვერ იქნება, მაგრამ ეს რეაქცია აბსოლიტურად აუცილებელია. მას შემდგომი ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს. თუკი ასეთ დარღვევებზე თვალს დახუჭავენ, სიტუაცია შეიძლება კონტროლს აღარ დაექვემდებაროს," - აღნიშნა მან.

მენაღარიშვილი იმედოვნებს, რომ დასავლეთის შეფასება მომავალში უფრო მწვავე იქნება და არა ისეთი, როგორიც პირველი შეფასება იყო.

„აქამდე რეაქცია მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლა, მაგრამ სხვაგვარი, პირველადი რეაქცია არც იყო მოსალოდნელი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევა რუსეთი, - გააგრძელებს თუ არა თავისი ამ ქმედების გაღრმავებას.

„მეზღვაურები დააპატიმრეს, მათ ნაწილს რამდენიმე წლით პატიმრობაც კი მიუსაჯეს. თუკი ეს ბოროტმოქმედება გაგრძელდა და რუსეთმა სიტუაციის დეესკალაციისთვის ნაბიჯი არ გადადგა, იმედი მაქვს დასავლეთს ბევრად უფრო მწვავე შეფასებები ექნება და უახლოეს მომავალში პრაქტიკული ნაბიჯები გადადგმული იქნება," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.