"მეორე ტურამდე რომ მივედით, ეს პოლიტიკური კულტურის ზრდის დადასტურებაა" - ლაგაზიძე

"თუ ვაშაძე დამარცხდება, გაუყალბებენ თუ არ გაუყალბებენ, ნებისმიერ შემთხვევაში, გაერთიანებული ოპოზიცია იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა. რაც შეხება "ოცნებას", თუკი დაინახეს, რომ შედეგი მათთვის სასარგებლო არ დგება, უპირველესად ეცდებიან, შედეგების გამოცხადების დრო მაქსიმალურად გაიყვანონ. აქ მთავარია, რამდენად არიან მზად, რომ დამარცხება აღიარონ და ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ივანიშვილის რაციონალურობა იქნება საიმედო დასაყრდენი და მთავარია, რა იქნება მისი მოტივატორი", - აცხადებს ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე.

"რეზონანსი": მეორე ტურის საარჩევნო კამპანია დასრულდა. არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ეს კამპანია ძალიან დიდი დარღვევებით ხასიათდებოდა; პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ კამპანია იყო ბინძური და ერთმანეთს ადანაშაულებენ ამაში. თქვენი აზრით, როგორი იყო ეს საარჩევნო კამპანია?

ხათუნა ლაგაზიძე: ისტორიული ფაქტის შემსწრენი ვართ. როგორი სიბინძურითაც არ უნდა მიდიოდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი და ქართული საზოგადოება მივიდნენ მეორე ტურამდე, ეს პოლიტიკური კულტურის ზრდის დადასტურებაა და ეს პოზიტივია. რამ გამოიწვია ეს, ხელისუფლება გახდა იძულებული, მეორე ტურს დათანხმებოდა - ეს სხვა თემაა და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

რაც შეეხება, როგორ მიდიოდა საინფორმაციო კამპანია, არც პირველ ტურს აკლდა სიბინძურე, თუმცა მეორე ტურში იყო ამ სიბინძურის ვულკანისებრი ამოფრქვევა არჩევნებში მონაწილე ორივე პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან. არც ერთ სუბიექტს არ დაუკლია ხელი ერთმანეთისათვის.

"": არასამთავრობოებზე თავდასხმაც ვნახეთ და იუსტიციის მინისტრმა და სხვა დეპუტატებმა სამოქალაქო სექტორი ღიად დაადანაშაულეს "ნაცმოძრაობის" დაკვეთის შესრულებაში. არასამთავრობოების დასკვნას არჩევნებში დიდი მნიშვნელობა აქვს და ხელისუფლების ეს თავდასხმა რამდენად გონივრული იყო?

ხ.ლ.: როგორც ჩანს, ხელისუფლება სამოქალაქო სექტორთან მიმართებაში ტაქტიკის შეცვლას მეორე ტურის შემდეგაც არ აპირებს. ხომ გამოვიდნენ და გულზე ხელი იბრახუნეს, ჩვენ შევიცვლებით და ერთ წელში ნახეთ, რა იქნებაო. ამ ცვლილებაში სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი, როგორც ჩანს, არ უგულისხმიათ და ისედაც ხომ მუდმივად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და ახლა უფრო დაძაბეს.

როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, სამი ძირითადი მტრის ხატი შექმნეს, მათი არარუპორი მედიის, არასამთავრობოებისა და კრიტიკოსი ექსპერტებისაგან მაშინ, როდესაც მედიასაც, ექსპერტებსაც და მედიასაც მცირე წვლილი არ მიუძღოდათ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოყვანაში. მათ მიერ დაანონსებულ ცვლილებებში კი, როგორც ჩანს, ამ მტრის ხატის ნგრევა არც იგულისხმება.

"": "ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ დასავლეთისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩატარდება თუ არა ეს არჩევნები მშვიდ გარემოში და ამით გაირკვევა, არის თუ არა საქართველო მზად, ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, როგორი იქნება არჩევნების დღე?

ხ.ლ.: დესტაბილიზაციის სცენარის ალბათობას ვერ ვხედავ. გაცილებით დაძაბული იქნება, ვიდრე პირველი ტური. გაერთიანებული ოპოზიცია არის უპრეცედენტოდ მომზადებული ყოველგვარი გაყალბების შესაძლო მცდელობის აღსაკვეთად და, ალბათ, ხელისუფლება ამაში დარწმუნებულია. ხელისუფლებამ ძალიან მძაფრად განიცადა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების კრიტიკა იმიტომ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები რამდენჯერმე შეხვდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა.

როგორც ჩანს, "ოცნებისათვის", ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ არჩევნების ლეგიტიმურობა დასავლეთმა აღიაროს. ამიტომ არ ველი, რომ უშუალოდ არჩევნების დღეს გაყალბებების იმგვარი რაოდენობა იყოს, რომელმაც შეიძლება, არჩევნების შედეგზე მოახდინოს გავლენა.

"": 8 საათის შემდეგ რას ელოდებით?

ხ.ლ.: თუ ვაშაძე დამარცხდება, გაუყალბებენ თუ არ გაუყალბებენ, ნებისმიერ შემთხვევაში, "გაერთიანებული ოპოზიცია" იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა. რაც შეხება "ოცნებას", თუკი დაინახეს, რომ შედეგი მათთვის სასარგებლო არ დგება, უპირველესად ეცდებიან, შედეგების გამოცხადების დრო მაქსიმალურად გაიყვანონ. აქ მთავარია, რამდენად არიან მზად, რომ დამარცხება აღიარონ და ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ივანიშვილის რაციონალურობა იქნება საიმედო დასაყრდენი და მთავარია, რა იქნება მისი მოტივატორი.