ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურიდან განთავისუფლებულმა 21-მა თანამშრომელმა 27 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იბერიის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ისინი კომპენსაციისა და განაცდურიდან ასანაზღაურებელი თანხის გადახდას მოითხოვს.
საია-ს იურისტი მარიამ გოგოსაშვილი, რომელიც სასამართლოში ჟურნალისტების ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ სარჩელი შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ეყრდნობა. იურისტი აცხადებს, რომ ჟურნალისტებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები ტელეკომპანიის მენეჯმენტისგან სამი დღით ადრე, 19 ოქტომბერს, ჩაბარდათ. შრომის კოდექსის 36-ე მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპანია ვალდებული იყო ერთი თვის ვადაში სამსახურიდან დათხოვილებისთვის კომპენსაცია გადაეხადა, რაც ორი თვის სახელფასო თანხის ოდენობას შეადგენს.
სასამართლოში სარჩელის შეტანამდე კი „იბერიის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა 26 ნოემბერს არხის ჟურნალისტები და საინფორმაცია სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი გააკრიტიკა. მისი აზრით, ჟურნალისტები სუს-ის მითითებებს ასრულებენ და მის წაინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს იწყებენ.
ოქუაშვილი კონკრეტულად „იბერია ტვ“-ს საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახო ხუზმიაშვილის მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებულმა განცხადებამ გააღიზიანა, სადაც მან თქვა, რომ „ტელევიზიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თანამშრომლებს უთხრა, რომ ფინანსური პრობლემების გამო მიგვემართა საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს იყო ჩვენი დაცინვა. ჟურნალისტებმა არ უნდა მოსთხოვონ ფული ხელისუფლებას, ფული უნდა გადაიხადოს მან, ვინც დაიქირავა ეს ჟურნალისტები...“ - განაცხადა ხუზმიაშვილმა.
ამის შემდეგ ოქუაშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუს დროს ხუზმიაშვილი გააკრიტიკა, მის ხელფასზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაზე პასუხი ეკისრება იმას, ვინც რეალურად დამნაშავეა „იბერიის“ მაუწყებლობის შეჩერებაში.
„იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა არხის მფლობელის განცხადების შემდეგ, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს ძვირადღირებული საჩუქარი უკან დაუბრუნა. როგორც ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, მან მანქანა, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა დაბადების დღეზე აჩუქა, ტელეკომპანიის შენობასთან დაუტოვა.
ხუზმიაშვილი ამბობს, რომ მან ერთი თვის განმავლობაში არხის დამფუძნებელს უცადა, რათა მისი თანამშრომლებისთვის კუთვნილი თანხა ჩაერიცხა, თუმცა ასე არ მოხდა. ამის შემდეგ კი მან საკუთარი თანამშრომლების დაცვა დაიწყო. ხუზმიაშვილი ვარაუდობს, რომ მის წაინააღმდეგ აგრესია ოქუაშვილს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ის ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე წავიდა. მას საღამოს ინტერვიუს შემდეგ მისწერეს, რომ ის გათავისუფლებული იყო.
საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ ოქუაშვილის განცხადების შემდეგ, მას აკომპლექსებენ და მის წაინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია წამოიწყეს. ხუზმიაშვილი ამბობს, რომ „იბერიის“ დამფუძნებელის ნატო ჩხეიძის მეგობარი მარინა მოლოდინი მის დისკრედიტაციას ცდილობს და სოცილურ ქსელში მის წინააღმდეგ გარკვეული სახის კამპანიას ახორციელებს.
„სადმე თუ მოგისმენიათ დამფუძნებლისგან, რომ პირდაპირ თანამშრომლის ხელფასზე საუბრობდეს. მე იქ უხელფასოდ არ ვმუშაობდი ნამდვილად. ვიყავი საინფორმაციო სამსახურის უფროსი და ყოველდღიური პოლიტიკური თოქ-შოუ მიმყავდა. ყველამ კარგად იცით, ამ შემთხვევაში რა ხელფასი ეკუთვნის ჟურნალისტს.
„ტყულია, რომ თითქოს მას ჩემს იპოთეკაზე ვესაუბრე. მე მასთან კომუნიკაცია მხოლოდ ერთი თვის წინ მქონდა. ვესაუბრე, რომ ჩვენი ჟურნალისტები უკიდურეს პრობლემებში იყვნენ. წარმოგიდგენიათ, ზოგი მათგანი ჩემი თხოვნით გადმოვიდა „იბერიაზე“ და ამ ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
„როგორ შეიძლება დეპუტატი კაცი, კანონდამცველი ჟურნალისტებზე ასე აგდებულად, ამ ტონში საუბრობდეს და მათი ბედი არც ანაღვლებდეს?! მე რაში მაინტერესებს ვინ რა გარიგებაშია და რას აპირებს. მთელი ერთი თვე ვუცადე და მეგონა, რომ ჟურნალისტების და ოპერატორების კუთვნილ თანხებს გადაიხდიდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
„დიახ, მე ვიდგები ტელევიზიის ჟურნალისტების გვერდით. რაც შეეხება ჩემს მანქანაზე საუბარს. დიახ, წლების წინ, როცა მოვახერხეთ ეთერში წარმატებულად გასვლა, რისი საშუალებაც იყო და გავაგებინეთ ხალხს, რომ არსებობდა ტელეკომპანია „იბერია“, ამის გამო დაბადების დღეზე მაჩუქა ავტომანქანა. მე მას უკან ვუბრუნებ ამ ნაჩუქარ ავტომობილს და სირცხვილია ამ ყველაფერზე საუბარი“, - აცხადებს ხუზმიაშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ის გადახედავს და მოიკითხავს იურისტებთან, ჰქონდა თუ არა უფლება ოქუაშვილს, ასე ღიად მისი ანაზღაურების შესახებ ესაუბრა. ხუზმიაშვილი ამბობს, რომ ის არხის დამფუძნებელს უჩივლებს, როგორც მისი კუთვნილი ხელფასის გადაუხდელობის გამო, ასევე იმისთვის, რომ მისი ანაზღაურების შესახებ ასე ხმამაღლა ისაუბრა.
"ფეისბუქზე ნატო ჩხეიძე და მცხეთა-მთიანეთის ექს-დედოფალმა მარინა მოლოდინმა, რომლებიც ერთმანეთის ახლო მეგობრები არიან, გადაწყვიტეს, რომ სოცილურ ქსელში ჩემზე შტურმი მოიტანონ. შეგახსენებთ, რომ ქალბატონი მარინა მოლოდინი, კობა ბუჩუკურის მეუღლეა, რომელსაც ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმი დასაკუთრებული აქვს. მარინა მოლოდინი აცხადებს, რომ ეს მუზეუმი მამიდამისმა ანდერძით დაუტოვა. არსებობს ინფორმაცია, რომ მის გაყიდვას აპირებს. აი, ამ ორმა ქალბატონმა ჩემზე იერიშის მოტანა გადაწყვიტეს. ალბათ ცდილობენ, რომ თავიაანთი შეხედულებით დამაკომპლექსონ და ვთქვა, რომ აღარ ვიმუშავებ. ქალბატონო მარინა და ნატო, მუშაობას აუცილებლად დავიწყებ, ეს იქნება დღეს, ერთ თვეში თუ ორ თვეში, ნამდვილად იქნება. მე ვახო ხუზმიაშვილი, ტელეკომპანია „იბერიაში“ „ბირჟიდან“ არ მოვსულვარ. დიდი ხანია ჟურნალისტიკაში ვარ და ბოლომდე ასე ვიქნები. დიახ ქალბატონო ნატო, პროფესიულ მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებ.
„ხუზმიაშვილს ბევრი სხვა ტელევიზიებიც დაუხურეს და არაფრის შეშინებია. დიახაც, სხვა სამსახურსაც ვიშოვი და ამაში გასაკვირი რა არის?! ახლა მეც მივმართავ სასამართლოს ჩემი კუთვნილი ხელფასის გამო. აქმადე ჩუმად ვიყავი. იქ ვცხოვრობდი ფაქტობრივად და თურმე ანაზღაურებაც არ უნდა ამეღო.
„ახლა დაუწერებიათ, რომ რეორგანიზაცია მიდის. რა რეორგანიზაცია აქვთ, შეიძლება ვინმემ ახსნას? აქამდე ეწერათ, რომ „იბერია“ ხელისუფლებამ დახურა, ახლა რა შეიცვალა?“,-აცხადებს ხუზმიაშვილი „რეზონანსთან“.
ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე კი აცხადებს, რომ ჟურნალისტებს ორკვირიანი მუშაობისთვის - მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით - თანხა სრულად აუნაზღაურდათ. ჩხეიძის თქმით, მათ 16 ოქტომბერს კამერები და მიკროფონები დაყარეს და უარი თქვეს მუშაობაზე. ამიტომ იძულებულნი გახდნენ, რომ ტელეკომპანია დაეხურათ.
გადაუხდიან თუ არა კომპენსაციას ტელევიზიიდან გაშვებულ თანამშრომლებს დამფუძნებლები, ნატო ჩხეიძე პასუხობს, რომ ისინი კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. ხოლო „იბერიის“ სრულფასოვანი მაუწყებლობის აღდგენა „ომეგა ჯგუფის“ ფინანსურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
16 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურამდე 12 დღით ადრე, „იბერიაზე“ შემდეგი შინაარსის წარწერა გაჩნდა - „ხელისუფლებამ დახურა იბერია“. ამ დღიდან ეთერში აღარც საინფორმაციო გამოშვებები გადის და აღარც პოლიტიკური გადაცემები.
მაუწყებლობის შეწყვეტიდან სამ დღეში, 19 ოქტომბერს, „იბერიას“ თანამშრომლების ნაწილს გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერილი გათავისუფლების ბრძანება ჩაბარდა. ბრძანების საფუძველზე, ტელევიზიის ათობით თანამშრომელს, 22 ოქტომბრიდან ხელშეკრულება ოფიციალურად შეუწყდა.