სალომბარდე ბიზნესი ეროვნული ბანკისგან 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ასამოქმედებელი რეგულაციების 1-2 წლით გადავადებას და ლიბერალიზაციას ითხოვს. მათი წარმომადგენლების აზრით, პერსპექტივა იმდენად უიმედოა, რომ ლომბარდებს დახურვა ემუქრება. ამით კი ხალხს სწრაფი ფულის მიღების საშუალება მოესპობა. ექსპერტთა ნაწილი კი ფიქრობს ლომბარდები არსებული ვითარებიდანაც იპოვიან გამოსავალს.
არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ბერძენაძე აღნიშნავს, რომ რეგულაციების ამოქმედება უნდა გადაიდოს, რადგან ეროვნული ბანკის მოთხოვნებში ძალიან ბევრი შეუსაბამობაა და მას ლომბარდები ვერ დააკმაყოფილებენ.
პრობლემად რჩება სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის პროცესი. მისი ინფორმაციით, სარეგისტრაციო თანხა შეადგენს 10000 ლარს. გარდა ამისა, 1-ელ იანვრამდე ნებისმიერმა სუბიექტმა, გამსესხებელმა უნდა წარმოადგინოს საბუთები ეროვნულ ბანკში, რომელიც საკმაოდ დიდ ინფორმაციას მოიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში 2019 წლის 31 მარტიდან მას ეკრძალება სესხების ამოღებაც კი.
ახალი რეგულაციით, ლომბარდები ვალდებულები ხდებიან საგადასახადოსთან ერთად, გარკვეული სახის ინფორმაცია ეროვნულ ბანკშიც წარადგინონ. გარდა ამისა, განიხილება ისიც, რომ ლომბარდებს ურთიერთობა ჰქონდეთ „კრედიტინფოსთან“, თუმცა, რა ფორმით მოხდება მათი თანამშრომლობა, უცნობია.
ბერძენაძის პროგნოზით, სალომბარდე ბიზნესს ძალიან ცუდი პერსპექტივა აქვს - ან დაიხურებიან, ან მათ პორტფელს ბანკები იყიდან.
„მცირე და საშუალო ლომბარდები ვერ გაუძლებენ იმ ხარჯებს და ვალდებულებებს, რაც აქვთ. გარდა ამისა, ბანკები მათ პორტფელს ძალიან მიზერულ ფასად იყიდიან. ეს გამოიწვევს იმას, რომ ლომბარდებში დასაქმებული ამდენი ადამიანი უმუშევარი დარჩება“, - აცხადებს „კომერსანტთან“ ბერძენაძე.
საქართველოში 1000-ზე მეტი მოქმედი ლომბარდია, ხოლო მათ 10 000-მდე მუდმივი მომხმარებელი აკითხავს. სებ-მა მორიგ ახალ რეგულაციებზე სექტორს ინფორმაცია სექტემბრის ბოლოს მიაწოდა.
საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა აცხადებს, რომ სალომბარდო ბაზარი იმდენად მომგებიანია, თავისი ნებით ამ ბიზნესიდან არავინ გავა.
„ლომბარდების რაოდენობა რამდენიმე ასეულს ითვლის. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს ლომბარდების შემცირებას გამოიწვევს, მაგრამ ამ ტიპის საქმიანობა არის იმდენად მომგებიანი, რომ ბიზნესიდან არავინ წავა საკუთარი ნებით. ამიტომ ვვარაუდობ, რომ ლომბარდების დიდი ნაწილი ბაზარზე აუცილებლად დარჩება. რეგულირების შემდეგ ახალი რეალობა დადგება და ისინი შეეგუებიან ისევე როგორც თავის დროზე ლარში სესხების გაცემის რეგულაციას შეეგუენ“, - განაცხადა ელიავამ.
ლომბარდებისთვის რეგულაციების გადავადებას ითხოვს ინდმეწარმე კობა ძიძიგური. მისი მტკიცებით, ეს მცირე მეწარმეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია. თანაც ამ ეტაპზე არც ისაა ცნობილი, რა ფორმით შეეხებათ ლომბარდებს „კრედიტინფოსთან“ თანამშრომლობა.
„შეგვპირდნენ, რომ ეს იქნება შერბილებული ფორმით. თუ გადაწყდა, რომ ჩვენს სექტორს დაემატა „კრედიტინფო“, მუშაობას აზრი აღარ ექნება. გააჩნია შერბილებულში რას მოიაზრებენ. როგორც ეს ეხება მიკროსაფინანსოებს და ბანკებს, იმ ფორმით თუ შეგვეხო სალომბარდო ბიზნესს, მაშინ 80-90 პროცენტი ბაზრიდან გავა, რადგან ვეღარ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას“, - აღნიშნა ძიძგურმა.