„თუ 28 ნოემბერმა კუდად მოიქნია აქციები, მერე საზეიმოდ და სამაღარიჩოდ პუტინს ექნება საქმე“

„თუ 28 ნოემბერმა კუდად მოიქნია აქციები, მერე საზეიმოდ და სამაღარიჩოდ პუტინს ექნება საქმე“

25 ნოემბერს, ერთ ქალაქში და ერთ დღეს გამართული ორი აქცია წინასაარჩევნო განწყობის საუკეთესო მაგალითი აღმოჩნდა. ქართველი ხალხი არჩევანის წინაშე დადგა: წასულიყო თავისუფლებაზე და მაჩალიკაშვილი-სარალიძესთვის მხარი დაეჭირა, თუ რუსთაველზე „პატრიოტთა ალიანსის“ გვერდით მდგარიყო, ლოზუნგით; „არა ნაციონალურ მოძრაობას“, ან საერთოდ შორიდან დაკვირვებოდა ორივე მოვლენას.

ალბათ, სამწუხაროა, რომ საზოგადოებაში დამკვიდრდა ტენდენცია; „თუ ნაცი არ ხარ, ე.ი ქოცი ხარ“, მაგრამ, თუ არც „ნაცი“ ხარ და არც „ქოცი“, შესაძლოა, რომელიმე დაგაბრალონ ან გაიძულონ კიდეც, მაგალითან, ამას მოწმობს ბოლო დროს „ქართული ოცნების“ გააქტიურებული პიარკამპანია, როცა ჩვენს ტელეფონებში სახელწოდებით „48“-სგან მესიჯი მოდის ტექსტით: უარი უთხარი სიძულვილს, სიცრუეს და ძალადობას! აირჩიე ღირსება, თავისუფლება და განვითარება! 28 ნოემბერს გააკეთე შენი პრინციპული არჩევანი! მოდი არჩევნებზე! შემოხაზე 48!“.

რატომ 48? - იმიტომ, რომ 5-ც არ მინდა? და თუ, არც 5 მინდა და არც 48 ამ შემთხვევაში უნდა მივიდე „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე ლოზუნგით „არა ნაციონალებს“? - ჰიჰი, სარკასტულია.

პოლიტოლოგი, სოსო ცისკარიშვილი, რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე ამბობს, რომ სარკასტული იქ ვერაფერი შენიშნა, უფრო მეტიც, ეს ჰგავდა უახლოესი ადამიანის პანაშვიდზე მისვლას, სადაც ახალგაზრდა ვერავინ შენიშნა. ალბათ, „ქართული ოცნების“ პიარკამპანიამ არც ისე ეფექტურად იმუშავა...

ბატონო სოსო, არჩევნებამდე დარჩა ფაქტიურად 2 დღე, როგორ შეაფასებდით არჩევნების წინ განვითარებულ ამ მოვლენებს?

სოსო ცისკარიშვილი: სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი რუსთაველის გამზირზე და შემეცოდა საქართველო. იქ იყო უზარმაზარი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც გამოირჩეოდნენ უპირველეს ყოვლისა თავისი ასაკით, ფაქტიურად - სულ მოხუცები. უახლოესი ადამიანის პანაშვიდზე რომ ხარ, ეგეთი გამომეტყველებით იყვნენ ყველანი - დაღლილნი თავჩაქინდრულნი, რომლებსაც რაღაც პასუხისმგებლობა აქვთ, ასე იდგნენ და მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ძლიერი ხმით აფრთხობდნენ გარემოს.

რას ნიშნავს წინასაარჩევნოდ ამ ადამიანების ასეთი განწყობა?

- უნდა ვიფიქროთ, რომ ამ მოძრაობაში ჩართვის სურვილი მათ რაიმე დანაპირების, რეალიზაციის მოლოდინი გახლდათ. იქ რასაც ვისმენდით, უნდა პირდაპირ ვთქვათ, რომ ასდიოდა პრიმიტიული პუტინიზაციის სუნი და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან თავად „ქართულმა ოცნებამ“ უკანასკნელ ხანებში თავი წარმოგვიჩინა „რუსეთის ოცნებად“.

სრულ რეალობას ბრძანებდა ორი ტურისტი კანადიდან, რომლებიც გაოგნებულნი იყვნენ, რომ ასეთ მოძრაობაში ახალგაზრდები არ ჩანდნენ. იქ ახალგაზრდას ვერ დაინახავდით.

ვერ დავეთანხმები ბატონო სოსო კანადელ სტუმრებს, რადგან ვფიქრობ ცუდი არ უნდა იყოს, თუ ადამიანს, გნებავთ ახალგაზრდას ან მოხუცს არ სურს აქციის გზით დააფისიქროს საკუთარი აზრი, როცა ამის დაფისირების საშუალება დემოკრატიულად არჩევნებზე შეუძლია.

- კი, ბატონო, მაგრამ არის მეორე მხარე ზარალის მომცემი, როცა ახალგაზრდები ცდილობენ აერიდონ საერთოდ პროცესებს, რომელსაც ახლა ვაკვირდებით, მაგრამ ვფიქრობ, ახლა დროა გითხრათ; „ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე“!…

ამასთანავე ვერსადც ვხედავთ შეთავაზებებს ახალგაზრდულ ფენებთან და დიდი ალბათობით ნიჰილიზმი იქნება მთავარი მათი შეხედულების საფუძველი. ის რასაც გუშინ წავაწყდით რუსთაველის გამზირზე, არც ერთი ახალგაზრდისთვის არ იქნებოდა მიმზიდველი. პრატიკულად, ისინი ზურგით შემობრუნდნენ და შეიძლება სურვილიც კი აღარ ჰქონდეთ, რომ საერთოდ მივიდნენ არჩევნებზე, რაც იქნება ახალგაზრდების მკაფიო გზავნილი, რომ პუტინიზაცია მიუღებელია საქართველოში.

თუ აქციაზე ახალგაზრდები არ იყვნენ და თუ ეს წინასაარჩევნო პროცესების მიმართ პროტესტი იყო, ვფიქრობ, მით უმეტეს უნდა მივიდნენ არჩევნებზე. ჩვენ ხომ არ გვაქვს ვალდებულება, რომ აუცილებლად ერთი ან მეორე კანდიდატი შემოვხაზოთ, სხვა გზაც არსებობს...

- საკმარისზე მეტი საფუძველი აქვს ახალგაზრდობას, რომ არც ერთ კანდიდატს არ მისცეს საკუთარი ხმა. აუცილებლად უნდა მიბრძანდნენ არჩევნებზე, ნუ დაიზარებენ. გააკეთონ საკუთარი არჩევანი და საკუთარი თავი ააცილონ, ქვეყანაში რაიმე სახის მიუღებენ ქმედებებს.

ამასთან, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ 28 ნოემბერზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, არჩევნების მერე მომდევნო რამოდენიმე თვეზე, როცა აბობოქრდება ქვეყანა და სამართლიანი ნაბიჯების გადამდგმელი არც ხელისუფლებაში იქნება და არც ოპოზიციაში.

რატომ, აბობოქრდება, რას გულისხმობთ?

- ვინაიდან ახლა არის კონკურენცია, საჭირო გახდა, რომ უფრო ღრმად ჩაიდონ ჯიბეში ხელი და დიდი ქარცეცხლი შეიძლება დაიწყოს მაშინ, როცა აღმოჩნდება, რომ მილიარდნახევარი არ მივიდა იქ, სადაც 600 000 ადამიანს ყიდულობენ მეორე ტურის წინ. რეალობა ისაა, რომ ამომრჩევლის ხმა ბევრად უფრო იაფია, ვინაიდან ამომრჩევლები არიან ღატაკები.

თუ გვინდა, რომ საქართველო არ შერცხვეს მთელი მსოფლიოს წინაშე დამარცხებული კანდიდატი და მისი მხარდამჭერები თავშეკავებულნი უნდა შეხვდნენ რეალობას და დაელოდნონ, არც თუ დიდი ხნის განმავლობაში რაიმე მათთვის სასიკეთო ცვლილებას, იმიტომ, რომ ძნელად წარმოსადგენია, წარმოდგენილი კანდიდატები 5-6 წელიწადს გაძლებენ სავარძელში. ყველაფერს დაეტყობა პროგრესის ხელი და შემდგომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები, თუ მანამდე არ გამოგვაგდო ევროკავშირმა, როგორც მიუღებელი და გაუგებარი ქვეყანა.

ნებისმიერი აქცია მიუღებელი იქნება ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის. ჩვენ უკვე ვისმენთ, რომ ასეთი დემოკრატიის პირობებში შეფერხდება უვიზო სეირნობის საკითხი ევროპაში. ანალოგიური მიუღებლობაა ნატოს მხრიდანაც და, თუ 28 ნოემბერმა კუდად მოიქნია აქციები, ვფიქრობ, მერე საზეიმოდ და სამაღარიჩოდ პუტინს ექნება საქმე. გამოვრიცხავ უფრო გააქტიურდეს ზეწოლა ჩვენ თანამემამულეთა ისეთ პირებზე, რომლებიც უკვე ღიად ელაქუცებიან მოსკოვს და ცდილობენ საკუთარი მომავალი აჩუქონ რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოს.