[რეზონანსი. გიორგი ფუტკარაძე]
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის დე ფაქტო საზღვართან მდებარე სოფლების მაცხოვრებლები აგვისტოს ომიდან სამი წლის შემდეგ ემოციის გარეშე წარსულს ვერ იხსენებენ. ისტორიები მართლაც შემზარავია - ომმა ადამიანებსა და სოფლებს თავისი მძიმე და წარუშლელი კვალი დაამჩნია. "რეზონანსი" ორ სოფელში - დვანსა და ერგნეთში იმყოფებოდა. სამი წლის შემდეგ ნაომარი სოფლები უფრო ნასოფლარებს ჰგავს, სადაც მოსახლეობას არსებობა საშინლად უჭირს.
სოფელ დვანის მცხოვრები ხიზი ღვინიაშვილი იხსენებს, რომ სოფელი 12 აგვისტოს დატოვა. დაახლოებით ორ დღეში მისი სახლიც დაწვეს. დამწვარი სახლის აივანზე დგას და გვიჩვენებს ოთახებს. სახლის კედლებს, მიუხედავად სამი წლის გასვლისა, ცეცხლის კვალი კვლავ ეტყობა. კედლებზე ბალახი ამოსულა.
"ომის დროს ჩვენს სოფელში ორი ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. ერთი თავის ეზოში, მეორეც - სოფლის ცენტრში. რუსის ჯარისკაცები რომ შემოვიდნენ, მოსთხოვეს, რომ რუსული დროშისთვის ეკოცნა, რომ არ აკოცა, იარაღის ლულა პირში ჩაუდეს და ესროლეს", - გვიყვება რესპონდენტი.
სოფელში 45 სახლია დამწვარი, მცხოვრებთა უმრავლესობა დვანიდან ისე წავიდა, რომ ტანსაცმლის წაღებაც ვერ მოახერხა. ხიზი ღვინიაშვილი უკან 27 აგვისტოს დაბრუნდა. საცხოვრებელი აღარ ჰქონდა და მეზობლებთან ცხოვრობდა. უკვე სექტემბერში კოტეჯების მშენებლობა დაიწყო და ოჯახთან ერთად დარჩა. რესპონდენტს შავი ტანსაცმელი აცვია. ამბობს, რომ მეუღლე დაეღუპა.
"ჩემს მეუღლეს ნერვიულობაზე ღვიძლის ცეროზი დაემართა და ომიდან დაახლოებით ერთ წელში დაიღუპა", - იხსენებს ის.
სოფლის მაცხოვრებელთა უმრავლესობა დაუსაქმებელია, სამსახური თითქმის არავის არ აქვს. ხიზი ღვინიაშვილის ეზოში მეზობელი შემოდის, ხელში შვილიშვილი უჭირავს. ეს მერი მახაჭაშვილია, რომლის სახლიც ასევე დაწვეს აგვისტოს ომის დროს.
მერი ამბობს, რომ სოფელი 2008 წლის 11 აგვისტოს დატოვა, თუმცა, მაინც არ ეგონა, რომ სიტუაცია კრიტიკულ მომენტს მიაღწევდა. როდესაც გაუსაძლისი პირობები შეიქმნა, იძულებული გახდა რომ წასულიყო. ხუთსულიანი ოჯახით დროებით გორში წავიდა საცხოვრებლად და აგვისტოს ბოლომდე გორის საბავშვო ბაღში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი დაბრუნდნენ.
"თავიდან მეზობლებთან ვცხოვრობდი 4 თვე, სახლის დაწვის ამბავი წაღვერში ვიყავი და იქ გავიგე. ვერ აგიღწერთ იმ ტკივილს, როდესაც ჩემს ეზოში შემოვედი და დამწვარი სახლები ვნახე ... ორი სახლი მქონდა" ... - ამბობს რესპონდენტი. მისი სახლიდან მხოლოდ კედლები და ქვის კიბეებია დარჩენილი. ეზოში ძველი აგურები ყრია, სახლის აღდგენას არც კი ცდილობენ, მიზეზი ისევ და ისევ უსახსრობაა. მერი გიუნაშვილი კი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სოფელი ძალიან გვიან დატოვა. იხსენებს, რომ გარდაცვლილების დამარხვასაც ვერ ახერხებდნენ, ღამით კი ვენახებში იმალებოდნენ.
"სოფელ დირბის მამაო შემოდიოდა და მისი დახმარებით მოვახერხეთ მიცვალებულების დაკრძალვა, ახლაც რომ ვიხსენებ, ნერვიულობისგან ვერ ვლაპარაკობ... ჩემს მეუღლეს არ შეეძლო სოფლიდან წასვლა და ვერ წავედით. როდესაც რუსი და ოსი სამხედროები შემოვიდნენ და ძარცვა დაიწყო, ვენახებში ვიმალებოდით ხოლმე", - გვიყვება რესპონდენტი.
კიდევ უფრო მძიმე ისტორიებს ჰყვებიან სოფელ ერგნეთის მაცხოვრებლები.
ანო ჩლაიძე ამბობს, რომ 8 აგვისტოს მოუწიათ სოფლის დატოვება. "არ დამავიწყდება, რუსები როგორ მოერეკებოდნენ ჩვენს ბიჭებს. იმ დღეებში მარშრუტკა ჩამოვიდა ზემოთა სოფლებიდან, გზაში გაუჩერებიათ, გოგო გადმოუყვანიათ და გააუპატიურეს", - იხსნებს რესპონდენტი - "ყველაფერზე მიდიოდნენ, ამბობდნენ, რომ ქართველების ლიკვიდაცია იყო გამოცხადებული". ანო ჩლაიძის სახლი, ისევე, როგორც ერგნეთის მაცხოვრებლების თითქმის ყველა სახლი, დამწვარია. აივნის ქვეშ მაგიდასთან ვსხედვართ. რესპონდენტი იხსენებს, რომ ომის დროს სწორედ ამ აივნის ქვეშ ჰქონდა გაშლილი მაგიდა და ქართველ სამხედროებს აჭმევდა ხოლმე.
"მეორე დღეს მოვიდოდნენ ჩვენი ჯარისკაცები, აღმოჩნდებოდა, რომ რომელიმე აკლდათ და უკვე მოკლული იყო", - იხსენებს ქალბატონი ანო და ცრემლებს იწმენდს.
ერგნეთში სახლები დაახლოებით 12 აგვისტოს დაწვეს. ჯერ ავეჯი და ძვირფასეულობა გაიტანეს. ნანა ხაჩიძის სახლიც დამწვარია. ახლა სამი წლის წინანდელი ისტორიების გახსენება უჭირს, თუმცა ამბობს, რომ საშინელი სროლები და აფეთქებები იყო, თუმცა ერგნეთელები ამ სროლებს შეგუებული იყვნენ და სოფელს არ ცლიდნენ.
"ჩემი შვილი მაშინ 2 წლის იყო. სანამ ტყვიებმა ეზოში არ დაიწყო ცვენა, არ გავედით. 7 აგვისტოს წავედით, მეუღლემ წამიყვანა, ბავშვს ყურზე ბალიშს ვაფარებდი. სახლიც კი არავისთვის ჩამიბარებია, ტანსაცმელიც არ წამიღია", - ამბობს რესპონდენტი და იხსენებს, რომ რამდენიმე დღით ადრე ატმის მოსაკრეფად მოემზადნენ, სახლში ყუთები დააწყვეს, პომიდორიც დასაკრეფი იყო და დღე-დღეზე ელოდნენ მოსავალს, თუმცა უკან დაბრუნება ვეღარ შეძლეს.
"დავბრუნდით ათი სექტემბრისთის, სახლის დაწვის ამბავი, თბილისში რომ ვიყავი, იქ გავიგე. მეტირება, იმ დღეებს რომ ვიხსენებ. იმ ადამიანებმა, ვინც ეს ამბები მომიყვნენ, მითხრეს, რომ ჩვენს უბანში ყველა სახლი ერთდროულად დაწვეს, ცეცხლის ალი ცას წვდებოდაო".
ერგნეთში ასევე არიან მოხუცები, რომლებმაც ომის დროს სოფელი ვერ დატოვეს. მძიმედ იხსენებენ ისტორიებს, თუ როგორ ცდილობდნენ ტყვიების ზუზუნში სადმე დამალულიყვნენ. როგორ ვერ გამოდიოდნენ სარდაფებიდან, სანამ სახლებს არ დაწვავდნენ და ა.შ. თუმცა დღეს ამ სოფლების მდგომარეობა კრიტიკული რჩება - სასმელი და სარწყავი წყლის არქონა და მოსახლეობის უმუშევრობა ძირითადი პრობლემებია, რომლის გადაჭრა უკვე სამი წელია, ვერ ხერხდება.