ამერიკული არმია ცეცხლის გასახსნელად მზადაა - “მიგრანტების აგრესია დიდია და სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ”

ამერიკული არმია ცეცხლის გასახსნელად მზადაა - “მიგრანტების აგრესია დიდია და სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ”

„მიგრანტების ქარავანი" ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას აუცილებლად შეეცდება და თუკი აშშ-მექსიკის საზღვარზე მობილიზებულმა ჯარისკაცებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს, ეს სიტუაციას უფრო მეტად დაძაბავს და მეტ არეულობას გამოიწვევს.

იმ შემთხვევაში თუკი აშშ-ის მთავრობამ „მიგრანტების ქარავანი" ვერ შეაჩერა, ამერიკისა და მექსიკის საზღვარი შესაძლოა ჩაიკეტოს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს და იმუქრება, რომ აშშ-მექსიკის საზღვარს ჩაკეტავს.

ამ თემასთან დაკავშირებით, „რეზონანსი" სამხედრო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას გაესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს პროცესი შენელებულია, თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საზღვრამდე მისული მიგრანტები საკმაოდ აგრესიულად არიან განწყობილი.

„ამ ეტაპზე მიგრანტების ტალღა შემცირდა და ეს პროცესი შენელდა. მიგრანტების რაოდენობა ჯერ კიდევ ვერ მივიდა საზღვრამდე, თუმცა ვინც მივიდა, საკმაოდ აგრესიულადაა გაწყობილი და არამგონია, რომ შეჩერდნენ.

„ამერიკას გაცემული აქვს ბრძანება, - თუკი მიგრანტები ამერიკის საზღვარს გადაკვეთავენ, მათ ცეცხლი გაუხსნიან. ყველა სცენარი გასათვალისწინებელია; ის მიგრანტები, რომლებიც ახლა ჩავიდნენ, საკმაოდ აგრესიულად არიან განწყობილი.

„თუ იქ მოგროვდა, დაახლოებით, 7 ან10 ათასზე მეტი კაცი, ამან შესაძლოა ამერიკა-მექსიკის საზღვარზე გამოიწვიოს რეციდივი. ამერიკის შეერთებული შტატები მიგრანტებს ცეცხლი თუ გაუხსნის, ეს სიტუაციას საკმაოდ დაძაბავს და კიდევ უფრო მეტ დაპირისპირებას გამოიწვევს," - აცხადებს ის.

მაისაიას თქმით, ამერიკის საზღვარი დაუცველია. ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვრის დასაცავად 15 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა, თუმცა ეს საზღვრის ზოლის დასაცავად არასაკმარისია, რადგან აშშ-მექსიკის საზღვარი საკმაოდ დიდია და მის დასაცავად მეტი ადამიანის მობილიზებაა საჭირო.

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიგრანტთა ნაწილმა აშშ-ის საზღვრამდე ძალადობისა და ინციდენტების გარეშე მოაღწია.

„ამერიკა-მექსიკის საზღვარი, ფაქტობრივად, დაუცველია. მანამდე ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მოქმედებდა. ეს ურთიერთობა მექსიკასა და ამერიკას შორის აბსოლიტურად ღია იყო. ტრამპმა დაიწყო ლაპარაკი, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამოვიდოდა და გამოვიდა კიდეც. დღეს საზღვარი დაუცველია, ეს კი ერთ-ერთი პრობლემაა.

„ამერიკამ მხოლოდ 15 ათასი ჯარისკაცის მობილიზება მოახერხა, რაც საზღვრის დაცვის ეფექტურ ზონას არ წარმოადგენს, რადგან მექსიკასა და ამერიკას შორის საზღვარი 3-დან 4 ათას კილომეტრამდეა, ამხელა საზღვრის დაცვა კი იოლი საქმე არ არის. მართალია, მიგრანტები შეიძლება რომელიმე ზონაში შეიჭრან, თუმცა მაინც საკმაოდ რთული საქმეა.

„ამ ეტაპზე ამერიკის საზღვარი დაუცველია; ამერიკამ უკვე შეიარაღებული ძალები ჩართო და ბრძანება გასცა, რომ ცეცხლი გახსნან. მიგრანტების ტალღა და მათი აგრესია დიდია და ფაქტობრივად, სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ. გარკვეული ძალები ამ მიგრანტების ემოციაზე ძალიან კარგად თამაშობენ.

„ისინი შეეცდებიან რომ აშშ-ში შევიდნენ, ამაში ეჭვი არ მეპარება და ამის შემდეგ კი შესაძლოა ამერიკელებმა ცეცხლი გახსნან, - ეს სცენარი კი საკმაოდ რთულია და ამან შესაძლოა უფრო გაართულოს სიტუაცია. დაცვისათვის, რაც ტრამპმა გააკეთა, საკმაირისი არ არის," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.