ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟებზე წლის მინიმუმზე დაეცა. ასეთი იაფი საწვავი საერთაშორისო ბაზარზე წელს არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, საქართველოზე ეს საერთოდ არ მოქმედებს. 1 თვეში ბენზინისა და დიზელის საბითუმო ფასი 30%-ით შემცირდა, მაგრამ საცალო ქსელში სრული უძრაობაა.
„ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი ბარელზე უკვე 59 აშშ დოლარამდე დაეცა, რაც წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია. ფასის ვარდნის პიკის დროს ღირებულებამ 1 ბარელზე 58 აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ბოლოს ნავთობი ასეთი იაფი 2017 წლის ნოემბერში იყო.
შავი ოქროს კოტირებები უკვე მეექვსე კვირაა, რაც პერმანენტულად მცირდება. ამ ეტაპზე ნავთობის ფასის დაცემა საუდის არაბეთის განცხადების ფონზე მიმდინარეობს. ამ ქვეყნაში ნავთობის მოპოვების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და დღიური 10,7 მილიონი ბარელი შეადგინა.
მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საუდის არაბეთმა 3%-ით გაზარდა ნავთობის ექსპორტიც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო მოპოვება - 0,9%-ით. აღნიშნულ პერიოდში ნავთობის ექსპორტი გაიზარდა 7,433 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში აგვისტოს თვის 7,214 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით.
ნავთობის ფასებმა ვარდნა მას მერე დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზოგიერთ ქვეყანას მოუწოდა, გააგრძელონ ნავთობის შესყიდვა ირანისგან, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ამერიკამ ახალი სანქციები აამოქმედა. ფასებზე აგრეთვე დიდ გავლენას ახდენს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაწყებული სავაჭრო ომი.
პარალელურად, მნიშვნელოვნად მატულობს აშშ-ში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგი. მართალია, სექტემბერში კლება იყო, თუმცა წლიური მარაგი მნიშვნელოვნად გაზრდილია. ქვეყანას აქვს ამბიცია, 2019 წელს ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებს შორის ლიდერი გახდეს.
გარდა ამისა, ნავთობის ფასის შემცირებისკენ თავად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა.
რა ვითარებაა ამ დროს საქართველოში? შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ბაზარზე შავი ოქროს ტოტალური გაიაფების ფონზე ჩვენთან საწვავი პრქტიკულად არ გაიფებულა. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე 3-5 თეთრიან კლებას, საქართველოში ბენზინი და დიზელი ძველებური ფასით იყიდება და მოგების მარჟამ 50 თეთრსაც მიაღწია.
მომხმარებელთა დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა კემულარიას შეფასებით, საქართველოში საწვავი ახლა უკვე 20%-იანი ფასნამატით იყიდება. იმპორტიორები კი შექმნილი მდგომარეობით ბოროტად სარგებლობენ.
„კომპანიებში თავს არ ზოგავენ, რომ ნავთობპროდუქტები არ გააიაფონ. ცალსახაა, რომ მანიპულირებას ახდენენ და რეალურად ვიღებთ მაღალ ფასს, რაც მუდმივად ხდება. ფასების პროგნოზი ქართული ბაზრისათვის რთული არ არის. ჯანსაღი საბაზრო პრინციპები აქ ნაკლებად მოქმედებს. არ აიაფებენ და მორჩა.
მსოფლიოში ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც საწვავი 20%-იანი ფასნამატით იყიდებოდეს. უკვე 45-თეთრიანი სუფთა მოგება აქვთ ადგილობრივ კომპანიებს და თუნდაც ამის გამო არის რესურსი, რომ საწვავის ფასი მნიშვნელოვნად შეამცირონ მიმდინარე პერიოდში მაინც, როცა რეალურად არის ამის საფუძველი“, - აცხადებს კემულარია.