საქართველოს მოსახლეობა ორ დღეში გაიგებს, ვინ არის მისი ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი. წელს პრეზიდენტს არჩევნების მეორე ტურზე პირველად ვირჩევთ. ამომრჩევლების მიერ მეორე ტურში გასული კანდიდატებისთვის 28 ოქტომბრის კენჭისყრისას თითქმის თანაბარი მხარდაჭერა მიუთითებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მაღალი კონკურენტულობით გამოირჩევა.
ამდენად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქართული დემოკრატიის განვითარებისა და კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის და მოსახლეობა წინასაარჩევნოდ მეორე ტურისთვის საკმაოდ ნეგატიურ და სიძულვილის ენით გაჯერებულ საარჩევნო კამპანიას ადევნებს თვალს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან ორ დღეში შემაშფოთებელი განცხადებები წამოვიდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისგან, რომლებიც ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომსა და რევოლუციურ სცენარს პროგნოზირებდნენ.
რაზე იყვნენ კონცენტრირებული კანდიდატები, რომლებმაც ხმების სხვებზე მეტი რაოდენობა მიიღეს? რა რეალობის დადგომას უნდა ველოდოთ მსგავსი რიტორიკის გაგრძელებით შემდეგი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის?ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სიტუაცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის კიდევ უფრო გამძაფრდა და წესების გარეშე ბრძოლა დაიწყო. ძირითადი კანდიდატები ახალს ვერაფერს ამბობენ და ამტკიცებენ, რომ ის იმიტომ უნდა აირჩიო, რომ მეორე მასზე უარესია.
ანალიტიკოსების აზრით, პარტიებსა და მათ კანდიდატებს დაავიწყდათ, რომ საზოგადოებას აქვს პრობლემები, ქვეყნის წინაშე დგას კონკრეტული გამოწვევები და ამომრჩეველი ამ კითხვებზე მსჯელობას ელოდა. ამ პრობლემურ საკითხებზე კი დისკუსია საერთოდ არ შედგა, ვინაიდან კანდიდატებმა და მათმა პიარსპეციალისტებმა კომპრომატების ომი გააჩაღეს. თუმცა საზოგადოებას არც პირად ცხოვრებაზე მოაკლდა განცხადებები. ორივე კანდიდატის კომპრომატები და მათ წარსულ პირად ცხოვრებაზე აპელირება ამომრჩეველმა ფარსად აღიქვა და პროტესტიც გამოხატა.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოლარიზებული და ნეგატიური კამპანიით ხასიათდება. როგორც "სამართლიანი არჩევნები" საკუთარ ანგარიშში წერს, საარჩევნო გარემო პირველ ტურთან შედარებით კიდევ უფრო მეტად პოლარიზებული და ნეგატიური გახდა მეორე ტურში.
წინასაარჩევნო კამპანიისას როგორც "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ასევე "ძალა ერთობაშიას" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უცხოელი პოლიტტექნოლოგების მომსახურებით სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანის კამპანია მეორე ტურისთვის საკმაოდ ნეგატიური და შავ პიარზე აგებულია.
ზურაბიშვილს კონსულტაციას უწევს ისრაელის მოქალაქე მოშე კლუგჰაფტი, ვაშაძის კამპანიას კი აშშ-ის მოქალაქე, წარმოშობით ბელარუსი ვიტალი შკლიაროვი ხელმძღვანელობს. ორივე მათგანი სხვადასხვა დროს არაერთ ქვეყანაში გამართულ არჩევნებში მონაწილეობდა.
შკლიაროვი ვაშაძის კამპანიაში პირველივე ტურიდან მონაწილეობს. მაშინ მმართველი გუნდი ოპოზიციას ადანაშაულებდა აგრესიულ, ოპონენტის დისკრედიტაციაზე ორიენტირებულ კამპანიაში. იგულისხმება საარჩევნო კლიპები ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ექსცესები მის საარჩევნო შეხვედრებზე, ასევე, აგვისტოს ომის თემით მანიპულირება, რაც მის წინააღმდეგ მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში აქტიურად იქნა გამოყენებული.
ამის შემდეგ კი, მეორე ტურის წინ ზურაბიშვილის კამპანიაში მოშე კლუგჰაფტი ჩაერთო და თბილისში "ენმ"-ის საწინააღმდეგო ბანერები, საარჩევნო კლიპები და სლოგანი "პრინციპული არჩევანი" გამოჩნდა. როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში ორივე კანდიდატის წინააღმდეგ არაერთი ყალბი ამბავი და პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალი გავრცელდა მედიითა თუ სოციალური ქსელებით.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მიმდინარე საარჩევნო კამპანია შეაფასა და აღნიშნა, რომ რუსული, ბოლშევიკური მეთოდების გამოყენება ხდება წინასაარჩევნო კამპანიაში ადამიანის ყველა კუთხით დისკრედიტაციისთვის.
"პირველი დღიდან, მე ვთქვი, რომ ეს არ იყო ის საარჩევნო კამპანია, რომელსაც მე ვისურვებდი. მე მქონდა წინადადება, რომ ჩაგვეტარებინა ევროპული სტილის კამპანია, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი კონკურენტების არჩევანი იყო, ეს ყოფილიყო ფსიქოლოგიური ძალადობის კამპანია. ყველაზე მეტად შემაშფოთებელი ის არის, რომ ამ კამპანიის დროს ვრცელდება ის, რაც ტიპურად არის რუსული, ბოლშევიკური მეთოდები - ადამიანის დისკრედიტაცია ყველა კუთხით, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამას მე ვპასუხობდი მოთმინებით და ბოლომდე გავიტან მოთმინებას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო გარემო გააკრიტიკა.
"უარყოფითად ვუყურებთ საკმაოდ ნეგატიურად განვითარებულ წინასაარჩევნო კამპანიას. უნდა აღვნიშნო, რომ ესეც არჩევანია, არჩევანი კანდიდატებისა, რომლებიც კამპანიაში მონაწილეობენ. მიუღებელია სიძულვილის ენა და მუქარა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებიდან და სხვადასხვა კანდიდატის მიმართ ისმის. ჩვენ იმედი გვაქვს, გამოძიება, რომელიც უკვე დაწყებულია მუქარასთან და სიძულვილის ენასთან დაკავშირებით, წარმატებით დასრულდება და უწყება ამას გამოიძიებს", - განუცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს.
"საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე დედაქალაქში აგრესიული შინაარსის ბანერების გაკვრასა და წინასაარჩევნოდ სიძულვილის ენის გამოყენებაზე საუბრობს. მისი აზრით, პრეზიდენტობის კანდიდატების ასეთი ნეგატიური კამპანია ქვეყნისთვის დამაზიანებელია. "ქართულმა ოცნებამ" აგრესიული საარჩევნო კამპანიით ბევრი რამ დადო სასწორზე. ექსპერტი პოლიტიკოსებს ურჩევს, სახე შეინარჩუნონ, რადგან მსგავსი ქცევით საზოგადოების გაღიზიანებას იწვევენ.
"ვერ გამიგია, რატომ არის, რომ ერთი საკამათო და უვარგისი კანდიდატის გამო "ქართულმა ოცნებამ" ყველა რესურსი მოისროლა, ყველაფერი დადო სასწორზე, თავისი თავი დადო სასწორზე. მსგავსი აგრესიული კამპანია, რომელიც მხოლოდ შავ პიარზეა აწყობილი, ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს და ისევ მმართველ გუნდს დაუბრუნდება უკან. მთელი ამ არჩევნების განმავლობაში ასეთი სიძულვილის ენის გამოყენებით მხოლოდ მოსახლეობის გაღიზიანებას აღწევენ," - განაცხადა შარაშენიძემ.
საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მმართველი პარტიის ქმედებებს კრიტიკულად აფასებს ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძეც. ექსპერტი საარჩევნო ვითარების შეფასებისას აქცენტს მმართველი გუნდის მიერ გამართულ აქციებზე სვამს და ამბობს, რომ სასაცილოა, როდესაც ოპოზიციას მიტინგს ხელისუფლება უმართავს.
"დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მიტინგებს უწყობს ოპოზიციას. ძალიან ბევრი ქვეყანა მინახავს, სადაც ოპოზიცია მიტინგებს უწყობს ხელისუფლებას, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ხელისუფლება უწყობს მიტინგს ოპოზიციას და ასეთი დინამიკით მიდის კამპანია, რაც, ჩემი აზრით, ძალიან სასაცილოა, სევდიანი რომ არ იყოს. ალბათ კანდიდატებს საზოგადოებისთვის სათქმელი სხვა არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ მეტოქე მასზე უფრო ცუდია," - აღნიშნა ნოდარ ხარშილაძემ.
"მოღალატე, თავისი არსით, არის ის, ვისაც გულში აქვს მტრული სახელმწიფოს სიყვარული - ეს არის ამ შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძე", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბინძური კამპანია მიმდინარეობს. მმართველ გუნდს კი ცივილიზებული, ევროპული ტიპის კამპანიის წარმართვა უნდა და არ სურს, მარგინალურ პოლიტიკურ ძალებს დაემსგავსოს.
"ჩვენ არ გვინდა, რომ შავი პიარისა და კამპანიის ფონზე წარიმართოს ეს არჩევნები, თორემ იმდენი ფრაზა არსებობს გრიგოლ ვაშაძის, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ მას უყვარს რუსეთი, ის არის რუსეთის განუყოფელი ნაწილი, რომ არ ვიცი, ფაქტობრივად, ჩვენ რუსეთის განუყოფელ ნაწილს "ვირჩევთ" საქართველოს პრეზიდენტად. უბრალოდ, ჩვენ არ გვინდა ამაზე კამპანიის აგება.
"როდესაც კაცი გამოდის და ლაპარაკობს იმაზე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მას რუსეთის პასპორტი ედება თუ არა ჯიბეში, მთავარია, რომ მის გულში მუდმივად რჩება რუსეთი და მას აქვს პრეტენზია საქართველოს პრეზიდენტობაზე, იმ ქვეყნის პრეზიდენტობაზე, რომელსაც აქვს ასეთი დამოკიდებულება რუსეთთან, უფრო სწორად, რუსეთს აქვს ასეთი დამოკიდებულება, მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს არის, უბრალოდ, პარადოქსი.
"ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. არ გვინდა, დავემსგავსოთ მას. გესმით თქვენ სპეკულაციები სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. გესმით აბსოლუტურად ბინძური კამპანია, მოღალატე და ა.შ. მოღალატე, თავისი არსით, არის ის, ვისაც გულში აქვს მტრული სახელმწიფოს სიყვარული. ეს არის, ამ შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძე. უბრალოდ, ამაზე ლაპარაკი ჩვენ არ გვინდა. გვინდა, რომ ცივილიზებული, ევროპული ტიპის კამპანია წარვმართოთ. არ გვინდა, დავემსგავსოთ გრიგოლ ვაშაძეს, "ევროპულ საქართველოს", "ნაციონალურ მოძრაობას" - ამ აბსოლუტურად მარგინალურ პოლიტიკურ ძალებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.