საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის კრახით დასრულების შემდეგ ხელისუფლებას ცივი წყალი გადაესხა, გამოფხიზლდა და როგორც ჩანს, ოცნებების ახდენა დაიწყო. ვისაც ბანკში, თუ სხვა საკრედიტო ორგანიზაციებში, 2000 ლარამდე ვადაგადაცილებული უიმედო სესხი აქვს, დეკემბერში გაუნულდება. მთავრობაში აცხადებენ, რომ ვალებს ფონდი „ქართუ“ გამოისყიდის და ბიუჯეტიდან ფული არ დაიხარჯება. როგორც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 ათას მოქალაქეს ჯამურად 1,5 მილიარდი ლარის ვალი ჩამოეწერება.
წინასაარჩევნოდ ჩამოწერილი ვალები, შესაძლოა, ამომრჩევლის გულის მოგებისა და არჩევანის შეცვლის წინაპირობაც გახდეს, თუმცა 6 წლის წინ დაპირებულ აუხდენელ და გაცრუებულ ოცნებებს ე.წ „შავი სიის“ გაუქმება, ალბათ, მაინც ვერ გამოისყიდის, რადგან ხალხს და მით უმეტეს გაგულიანებულ „ნაცებს“ ივანიშვილის განუხორციელებელი დაპირებები შესანიშნავად ახსოვთ.
ამის მიუხედავად, ეკონომიკის დოქტორი, რატი აბულაძე ხელისუფლების ინიციატივას დადებითად აფასებს.
„მოქალაქეებისათვის დავალიანების ჩამოწერა მართლაც მისასალმებელი ინიციატივაა და მიმართულია ცალკეული მოწყვლადი სეგმენტის ფინანსური მხარდაჭერისაკენ. კერძოდ, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილი 600 000-ზე მეტ მოქალაქის საბანკო დავალიანების განულებისაკენ.
სახელმწიფოებრივად მომგებიანი იქნება, თუ სხვა ბიზნესმენებიც გამონახავენ რესურსს (შესაძლებლობისამებრ) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დახმარებისა და სიღარიბიდან ამოსვლისათვის“, -აცხადებს აბულაძე.
მოქალაქეებზე ვალების ჩამოწერა ახდენილ ოცნებად სულაც არ მიაჩნია ეკონომიკის დოქტორს აზიკო (ილია) სისვაძეს, რადგან მისი თქმით იგი გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი შეღავათი გავრცელდებოდა არა უიმედო მევალეებზე, არამედ მცირეშემოსავლიან კეთილსინდისიერ გადამხდელებზე, სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და პენსიონერებზე.
„რეალურად საქმე ეხება გაუმართლებელი, მაღალი რისკით გაცემულ არაფრით უზრუნველყოფილ სესხებს, რომელსაც მოქალაქეები ისედაც ვერ იხდიან. ამდენად, ბანკები ყოველწლიურად მათ თვითონვე ჩამოწერენ და შესაბამისად ზარალდებიან. ფაქტიურად გამოდის, რომ სახელმწიფო მოსახლეობას კი არ ეხმარება, არამედ აფინანსებს ბანკებს და ზარალს უნაზღაურებს.
გარდა ამისა, ამ ღონისძიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ხელისუფლებას ნამდვილად ჩაეთვლებოდა აქტივში, მაგრამ როდესაც ამას აკეთებს პარტიის ლიდერი თავისი სახსრებით, ეს ფაქტიურად ამომრჩევლის მოსყიდვაა, შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით.
ეჭქვეშ დგება ასეთი დიდი თანხის ერთჯერადი გადახდის რეალურობაც, რადგან ეს თვით ბატონ ივანიშვილის შესაძლებლობებსაც კი აღემატება. თუ, მას ამ ზომის თანხის გაცემის სურვილი და შესაძლებლობა ჰქონდა, მაშინ გაცილებით ეფექტური იქნებოდა იგი თავის დროზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარებოდა. მაშინ აღარ იარსებედა ჭარბდავალიანება და იმავდროულად შეივსებოდა როგორც მისი საკუთარი ყულაბა, ისე სახელმწიფო ბიუჯეტი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. საქმეში ჩაუხედავ ამომრჩევლებს ეს თანხა შეიძლება თვალისმომჭრელად მოეჩვენოთ, თუმცა არსებული ინფორმაციით ბანკებს მისი მხოლოდ 9% აუნაზღაურდებათ - რეალურად 135 მილიონი ლარი. უფრო მეტიც, როგორც ერთ-ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, მათ დავალიანების მხოლოდ 1%-ის ანაზღაურება შესთავაზეს.
ამ საქმეში მთავარი მაინც ისაა, რომ არაკვალიფიციური ხელისუფლება, როგორც მოცემულ შემთხვევაში, ისე საერთოდ, ებრძვის არა ნეგატიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებს, არამედ მხოლოდ შედეგებს, რის გამოც პრობლემა სამუდამოდ გადაუჭრელი რჩება.
რაც შეეხება დავალიანების გასტუმრებით ექვსასი ათასი ამომრჩევლის გულის მოგებას, ამჟამად, მათი უდიდესი ნაწილი ხელისუფლების პოლიტიკური აფიორით ისეა გაწბილებული და შეურაცხყოფილი, რომ ქვეყნის არაფორმალური ლიდერის მცდელობების მიუხედავად, არა მგონია ამ კატეგორიის ამომრჩეველმაც კი მისცეს ხმა მის სკანდალურ საპრეზიდენტო კანდიდატს.
მისი მორიგი დაპირებაც, რომ ერთ წელიწადში ყველაფერს გამოასწორებს, ესეც აშკარად არარეალურია, თუნდაც იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ექვსი წელი, მცდელობების მიუხედავად, ეს იყო სრული სტაგნაციისა და ადგილზე ტკეპნის პერიოდი, რაიმე ხელშესახები შედეგების გარეშე. ზრდის ასეთ დაბალ ტემპებს ადგილი არ ჰქონდა თვით სრულიად კორუმპირებული „მოქალაქეთა კავშირის“ ხელისუფლების დროსაც კი, და რეალური სოციალურ-ეკონომიკური შედეგების მიღება შესაძლებელია მხოლოდ გრძელვდიანი რადიკალური რეფორმების განხორცილების გზით, რომლის კონცეფციის მოსამზადებლად ერთი წელიც კი არაა საკმარისი“, - აცხადებს სისვაძე.
ასეა თუ ისე არჩევნებამდე 5 დღე დარჩა. სწორედ არჩევნების შემდეგ გაირკვევა რეალურად გაუქმდება თუ არა ე.წ „შავი სიები“ და თუ „ნაც-ქოცებმა“ ხმები ისევ ვერ გაიყვეს, ან თუ ამჯერად მოსახლეობამ შეიყვანა რომელიმე პარტია „შავ სიაში“, ღმერთმა უწყის ჯავრს, ვინ, ვისზე და როგორ ამოიყრის.