"თქვას, რა არის სიმართლე. რატომ აწვალებს ამ ხალხს" - ოქუაშვილის სკანდალი გრძელდება

"ომეგა ჯგუფის" სკანდალი გრძელდება. საზოგადოებასა და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი და ზაზა ოქუაშვილი გარიგდნენ, მცდარი აღმოჩნდა. როგორც გადაცემა "კვირის აქცენტებში" ოქუაშვილმა განაცხადა, მას პრობლემების მოგვარებას გარკვეული განცხადების სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ და სპეციალურად დაწერილი ტექსტი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში უნდა წაეკითხა, სადაც ყველა მის მიერ აქამდე გავრცელებული ინფორმაციის ურყოფა მოხდებოდა. რა მოხდა წინასაარჩევნოდ, რატომ გადადო დაანონსებული ბრიფინგი ოქუაშვილმა 27 ოქტომბერს, დღემდე ზუსტად არავინ იცის.

აყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც, ყველა მტკიცებულებებთან ერთად, "ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია "იბერიის" მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას 4 მილიონი პირადად მოსთხოვა. ის არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ამის დამამტკიცებელი ვიდეო ან აუდიოჩანაწერი აქვს. გავრცელდა ცნობა, თითქოს სწორედ ამ ჩანაწერის გამოაშკარავებას აპირებდა 27 ოქტომბერს დაგეგმილ ბრიფინგზე, რის გამოც მასთან წინასაარჩევნოდ გარკვეული გარიგება მოხდა.

ოქუაშვილი ამტკიცებს, რომ ბრალდებების უარსაყოფად ხელისუფლება გარიგებას სთავაზობდა. ტელეკომპანია "იმედისთვის" დადგმული ინტერვიუ უნდა მიეცა, უნდა ეთქვა, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ფულის გამოძალვაზე ინფორმაცია ტყუილი იყო.

"რუსთავი 2"-ის ეთერში ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ინტერვიუ 26 ოქტომბერს უნდა მიეცა, თუმცა ის აღარ შედგა, დაგეგმილ ინტერვიუს წინ უძღოდა სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული "პოზიტიური" ნაბიჯები.

ოქუაშვილის თქმით, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, "ომეგა ჯგუფი" აქციზებს მიიღებდა და აქციზური მარკების სამსახურმა აქციზები გასცა, "ქართუ ბანკმა" კრედიტის სახით კომპანიას 8 მილიონი ლარი მისცა და მოიგო მრავალწლიანი სასამართლო დავა უფილტრო სიგარეტთან დაკავშირებით.

ბიზნესმენის განცხადებით, რესტრუქტურიზაციით კომპანიამ ბიუჯეტში 10 მილიონი უნდა გადაიხადოს, თუმცა პრემიერს რესტუქტურიზაციის გადაწყვეტილებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია.

სავარაუდოდ, დაგეგმილი ინტერვიუს წინასწარი ტექსტი "რუსთავი 2"-ის ეთერში "კვირის აქცენტების" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ წაიკითხა. მისი სკანდალური განცხადებები "კვირის აქცენტებთან" მმართველი გუნდისთვის გაუგებარი აღმოჩნდა.

"ზუსტად ვიცი, რომ მას აქვს საკრედიტო ხაზი და თუ ის საკრედიტო ხაზის ფარგლებში გამოიტანს თანხას და ეს ტერმინი იცის მთელმა საქართველომ იმიტომ, რომ მთელი საქართველო კრედიტებშია ჩაფლული, ეს არის მარტივი პრაქტიკა. თუ მე მაქვს 100 ლარი საკრედიტო ხაზი, როცა მინდა, გამოვიტან 99 ლარს, 100 ლარს ან 20 ლარს. მერე შეიძლება ვიღაცას დავაბრალო, რომ, აი, იმან გადმომირიცხა თანხა. თქვას, რა არის სიმართლე. რატომ აწვალებს ამ ხალხს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ზაზა ოქუაშვილი არის ამოუცნობი ფენომენი" - ასე აფასებს თბილისის მერი ოქუაშვილის სკანდალურ განცხადებას "კვირის აქცენტებში". კალაძე აცხადებს, რომ ვერავინ გაიგო ზუსტად, რაზე საუბრობს ზაზა ოქუაშვილი და რეალურად რისი თქმა სურდა.

"ჯერ იყო და აუდიოჩანაწერებს გვთავაზობდა, შემდეგ ვიდეოს დაგვპირდა, ახლა ალბათ ანიმაციებზეც გადავა სამომავლოდ. მთელი ამ ხნის განმავლობაში რა უნდა ამ კაცს, ვერავინ ვერ გაიგო, რაში იხდიდა ფულს. 6 მილიონი ჰქონდა დავალიანება, როგორც ირკვევა და 4 მილიონს ვის უხდიდა, რაში უხდიდა, დღემდე ვერავინ ვერ გაიგო.

"სამწუხაროდ, ვერც გვარამიამ გაიგო და ვერც კვესიტაძემ ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც პირდაპირ ჩართვაში ჰყავდათ. მაქსიმალურად ცდილობდნენ, დახმარებოდნენ, აეხსნათ საზოგადოებისთვის, მაგრამ თვითონაც ვერაფერი ვერ გაიგეს და გაუგებარია ყველასთვის, ზოგადად, რა უნდა ამ ადამიანს," - განაცხადა კახა კალაძემ.

ტელეკომპანია "იბერიის" დამფუძნებელ ნატო ჩხეიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბერს, 16:00 საათზე, უნდა გამართულიყო მისი მეუღლის - ოქუაშვილის პრესკონფერენცია, "ომეგა ჯგუფის" ანგარიშზე "ქართუ ბანკმა" თანხა გადარიცხა.

"ომეგა ჯგუფში" ბიზნესმენი ვინმე ზურაბ აბდუშელიშვილი მივიდა და თქვა, რომ ავტომობილების შეძენა სურდა. ეს შოურუმი სწორედ ამისთვის არსებობს, თუმცა გასაკვირი ის იყო, რომ ამ ბიზნესმენს 20 მანქანის შეძენა სურდა, თანაც სწრაფად და კონტრაქტის მაშინვე გაფორმებაც მოითხოვა. ეს უნდა ყოფილიყო ძვირიანი მანქანები, რადგან მის ფირმას ასე სჭირდებოდა. 2 მილიონი მაშინვე მოიტანა ამ ბიზნესმენმა და 5-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა იმ პირობით, რომ დანარჩენი თანხა 2 კვირაში უნდა მოეტანა. შემდეგ პატენტის სასამართლოზეც მიიღეს გადაწყვეტილება.

ამის შემდეგ დაგვპირდნენ, რომ მეორე სასამართლოზეც ჩვენთვის სასურველ შედეგს მივიღებდით, თუ ზაზა ოქუაშვილი "იმედს" დაგეგმილ, წინასწარ დაწერილ ინტერვიუს მისცემდა. ბიძინა ივვანიშვილი მის განცხადებას პირველი ინტერვიუს დროსაც ელოდებოდა, თუმცა არ გამოვიდა, შემდეგ მეორე ინტრევიუს დროს, რადგანაც სურდა, რომ ოქუაშვილის შემდეგ განცხადება თავად გაეკეთებინა და ყველაფრიდან სუფთად გამოსულიყო. ეს მტრედს არ მოუტანია, ამის მტკიცებულებებიც არსებობს," - განაცხადა "იბერიას" დამფუძნებელმა.

ბანკმა "ქართუმ" კი განცხადება გაავრცელა, სადაც "რუსთავი 2"-სა და ოქუაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მზადაა, თითოეული გადარიცხვის შესახებ გამოაქვეყნოს ზუსტი ინფორმაცია.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ "რუსთავი 2"-ისა და ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციას "ქართუ" ბანკთან დაკავშირებით.

"ომეგა ჯგუფი" "ქართუს" მნიშვნელოვანი მსესხებელი იმ პერიოდიდან გახდა, როცა წინა ხელისუფლებამ დაარბია "ომეგა ჯგუფი" და დახურა ტელეკომპანია "იბერია". ბანკი "ქართუ" აღმოჩნდა ერთადერთი საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც გვერდით დაუდგა "ომეგა ჯგუფს" და მისცა სოლიდური კრედიტი.

რაც შეეხება ზაზა ოქუაშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას:

საუბარია სესხზე, რომელიც "ომეგა ჯგუფმა" "ქართუ" ბანკისგან სათანადო ქონების უზრუნველყოფით წლების წინ აიღო, როდესაც "ომეგა ჯგუფს" მრავალმილიონიანი დავალიანება წარმოექმნა თავის ერთ-ერთ კონტრაქტორთან. ვინაიდან "ომეგა" სესხს გრაფიკის შესაბამისად ემსახურებოდა, სრულიად სტანდარტულად, მას არსებული საკრედიტო ლიმიტისა და უზრუნველყოფის ფარგლებში მიეცა თანხა.

გარდა ამისა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ "ომეგა ჯგუფის" მენეჯერებმა თანხის მოთხოვნით "ქართუს" რამდენიმე თვის წინ მიმართეს და ბანკისგან მიიღეს გარანტია, რომ ინკასოს მოხსნის შემთხვევაში თანხას მისცემდნენ, ვინაიდან ბანკი პირველ რიგში დაინტერესებულია, კლიენტი იყოს გადამხდელუნარიანი და არ მოუწიოს უზრუნველყოფაში არსებული აქტივების რეალიზაცია.

ასევე, გვსურს, საჯაროდ მივმართოთ "ომეგა ჯგუფის" მენეჯმენტს! მიუხედავად მათგან გავრცელებული დეზინფორმაციისა, ჩვენ ვიცავთ ყველა კლიენტის, მათ შორის "ომეგა ჯგუფის" კონფიდენციალობას და არ ვავრცელებთ ინფორმაციას კონკრეტული თარიღებისა და ფინანსური ოპერაციების შესახებ. თუმცა თუ ისინი საჯაროდ განაცხადებენ თანხმობას ამ ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ, ჩვენ მზად ვართ, თითოეული გადარიცხვის შესახებ გამოვაქვეყნოთ ზუსტი ინფორმაცია.

მოვუწოდებთ ზაზა ოქუაშვილსა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ ბანკი "ქართუს" მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან და ნუ შეეცდებიან, ბანკის სახელი და კანონიერი ქმედებები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენონ," - ნათქვამია "ქართუს" განცხადებაში.