საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ „საქართველოში ჩაშლილი ტენდერების რაოდენობა და შესყიდვების პროცესში არსებული საჩივრების რაოდენობა გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, საქმე ისაა, რომ გასულ პერიოდში გამოცხადებული ტენდერების დაახლოებით 30% ჩაიშალა. გამოდის, რომ ყოველი მესამე კონკურსი უშედეგოა. როგორც ჩანს, მიზეზი ბიუროკრატთა არაპროფესიონალიზმია.
სსფ-ს შეფასებას ადგილობრივი ბიზნესიც ეთანხება და იზიარებს. მეტიც მსხილი ბიზნესის ნაწილი სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღებისგან საერთოდ თავს იკავებს.
„რედიქსის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ არ მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში და ძალიან ცდილობს რომ არც მოხვდეს მსგავს სიტუაციაში.
„როგორც ვიცი, კვალიფიკაციის პრობლემაა. სახელმწიფოს მხრიდან არც სწორი მენეჯმენტია დაგეგმილი. კონკრეტული ინფორმაცია კორუფციულ გარიგებაზე არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ხშირად, შესაძლოა, შემსყიდველი ორგანიზაციის სასურველმა კომპანიამ გაიმარჯვოს“, - აღნიშნავს პაპაშვილი.
მის მოსაზრებას იზიარებს მენაშენთა ასოციაციის თავმდჯომარე და კომპანია „არსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილიც. მისი თქმით, მთლიანი სატენდერო პოლიტიკა არის შეცდომა, რაც უკვე შემდგომ თავად შედეგზეც აისახება. მსგავს სიტუაციაში კი კორუფციული გარიგებების მეტი ალბათობაცაა.
„მაგალითად, რომ გამოაცხადონ ტენდერი ავტომობილზე და ვიღაცამ 10 ათას დოლარად მიიყვანოს „ზაპოროჟეცი“, მეორემ კი 50 ათასად „მერსედესი“, მოაგებინებენ პირველს. არადა, „ზაპოროჟეცი“ ათჯერ ძვირია თავის ფასზე და „მერსედესი“ ორჯერ იაფი თავის ფასზე, ანუ ტენდერები ტარდება არასწორად. ასეა არქიტექტურულ კონკურსებზეც. უამრავი მაგალითია მსგავსი, სადაც ვხედავთ არასწორ პოლიტიკას“, - აცხადებს „კომერსანტთან“ როსტომაშვილი.
სწორედ არასწორი პოლიტიკის გამო და რიგ შემთხვევაში წინასწარ განსაზღვრული შედეგების გამოც, სახელმწიფო ტენდერებით ცდილობს არ დაინტერესდეს.
„ნამდვილად ვერიდები სახელმწიფო ტენდერებს ამ ყველაფრის გამო. ჩემთვის ცუდია არაპროფესიონალურ ტენდერში მონაწილეობა, სადაც წესებიც კი არ არის დადგენილი. ისიც მინახავს, რომ პირდაპირ ვიღაცისთვის იყო გამოცხადებული ტენდერი და გაიმარჯვა, ანუ ფორმალურად ჩატარდა ყველა პროცესი. ამიტომ, რამდეჯერმე რომ მომიწია ამ საქმიანობაში ჩართვა, მივხვდი, რომ აღარ უნდა მივიღო მონაწილეობა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ კადრებიც არასწორადაა შერჩეული. როგორც წესი, თანამდებობიდან ლოიალურად განწყობილ პირებს ნიშნავენ და არა საქმის მცოდნეებს “,- აღნიშნავს როსტომაშვილი.
ტენდერბში სერიოზული პრობლემები დასტურდება „ხრუშჩოვკების“ განახლების პროგრამითაც. ზაფხულში დაანონსებული და ტენდერგამოცხადებული პროექტებით არავინ დაინტერესდა და ახლა მერია ხელახლა აპირებს ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებას.
პირველი ეტაპი ჯერ კიდევ 15 აგვისტოს დასრულდა და მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო. რამდენიმე დღეში ახალი ტენდერი უნდა ჩატარდეს, მერია კი კვლავ საუბრობს ბიზნესთან უფრო შედეგიანი მოლაპარაკებების შესახებ, რომლითაც ამჯერად ვარკეთილის რაიონში არსებული 4 „ხრუშჩოვკის“ ჩანაცვლება მოხდება.
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ადასტურებს, რომ პირველ კონკურსში მონაწილეობა კომპანიებმა არ მიიღეს და უახლოეს დღეებში ინტერესთა გამოხატვა დაზუსტებული პირობებით გამოცხადდება.
„პირველად გამოცხადებული კონკურსი დაიხურა ისე, რომ წინადადებები კომპანიებმა არ წარმოადგინეს. იყო შედარებით მკაცრი პირობები. გვქონდა კონსულტაცია პოტენციურად დაინტერესებულ პირებთან და მათთან შუალედი გამოინახა“, - აცხადებს ხმალაძე.