2008 წლის აგვისტოს ომზე და ჰააგაში ამ საქმის განხილვის ირგვლივ დისკუსია არ წყდება. ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ჰააგაში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, შესაძლოა, პასუხისგებაში საქართველოს თანამდებობის პირები მიეცნენ. ამ მიზეზის გამო არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას, ოპოზიციას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპკორპუსს მიმართავენ. ისინი ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ ამ საქმის ირგვლივ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ.
ოთხი ხელმომწერი ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გაააქტიურონ მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან მიმდინარე გამოძიების პროცესთან დაკავშირებით.
„განცხადებებმა შეიძლება დამაზიანებელი ეფექტი იქონიოს უშუალოდ დაზარალებულებზე, ანუ მათში გამოიწვიოს გაურკვევლობა და შემდგომში ხელი შეუშალოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ნაწარმოებ გამოძიებაში მათ თანამშრომლობას. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ იქნებიან ეს ხელისუფლების თუ სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, თავი უნდა შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისაგან,“ - ამბობს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი ნინო ჯომარიძე.
ასევე მათი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ განმარტოს, რამ გამოიწვია 2015 წელს ადგილობრივ დონეზე გამოძიების შეწყვეტა. არასამთავრობოების შეფასებით მნიშნველოვანია გატარდეს ყველა აუცილებელი ღონისძიება, რათა რუსეთის მხრიდან ჩადენილი ქმედებები არ დარჩეს გამოუძიებელი და დაუსჯელი.
კოალიცია ხელისუფლების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც მოუწოდებს თავი შეიკავონ სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ ნაწარმოები გამოძიების, ასევე, მიმდინარე პროცესების თაობაზე გადაუმოწმებელი და არაზუსტი განცხადებების გაკეთებისა და საკითხის პოლიტიზირებისგან.
„ადრესატები ამ მოწოდების არის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. გვინდა მოვისმინოთ ის არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო 2015 წელს წერილით მიმართვა სასამართლოსთვის, რომ თვითონ საერთაშორისო სასამართლოს დაეწყო გამოძიება ომის დანაშაულებთან დაკავშირებით,“ - ამბობს ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აღმასრულებელი დირექტორი, ნათია კაციტაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯასტის ინტერნეიშენლის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ჯეირანაშვილი ამბობს, რომ საფრთხე ჰააგის სასამართლომ ქართველების დაკავების ორდერები გამოსცეს, სავსებით რეალურია. მან შესაძლოა მოითხოვოს 2008 წლის ომში მონაწილე ჯარისკაცების, სამხედრო მეთაურების, მაღალი თანამდებობის პირების დაკავება და სამხედრო ტრიბუნალისთვის გადაცემა. მისივე თქმით, რაც დრო გადის ამის საფრთხე მით უფრო იზრდება, ვინაიდან სასამართლომ განხილვები დაასრულა და ახლა სხვა ეტაპზეა გადასული.
ამ ფონზე, ჯეირანაშვილი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ ჰააგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავს გარდა კონსულისა, რომელიც პროცესებს მაშინ ესწრება, როდესაც ამის დრო აქვს. საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, ძალიან აქტიურად მუშაობს და თანამშრომლობს სასამართლოსთან რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება არ აქვს, განსხვავებით საქართველოსგან.
“რუსეთი არ თანამშრომლობს სასამართლოსთან, არ არის სასამართლოს წევრი ქვეყანა, არ აქვს ვალდებულებები, ჩვენ, საქართველო, ვართ წევრი ქვეყანა და შესაბამისად გვაქვს ვალდებულებები. გამოსცემს სასამართლო დაკავების ორდერებს რუსების წინააღმდეგ, გამოსცემს ქართველების წინააღმდეგ, რუსეთი, რა თქმა უნდა იტყვის, რომ მე ამას არ აღვასრულებ, მე შენ არ გადმოგცემ არც ერთ ჩემ მოქალაქეს და სასამართლოს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ აიძულოს რუსეთი, არ ჰყავს პოლიცია, არ ჰყავს ჯარი, ვერ დაიჭერს ამ რუს გენერლებს და ვერ წაიყვანს სასამართლოში, რაც ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესი არ დაიწყება. ქართველებზე თუ გამოიცემა დაკავების ორდერი, ჩვენ ქვეყანას აქვს ვალდებულება, ვინაიდან ვართ წევრები, რომ გადავცეთ ეს პირები სასამართლოს და შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როცა მხოლოდ ქართველების წინააღმდეგ მიდის გამოძიება და გამოვიდეს ცალმხრივი გამოძიება,” - ამბობს ჯეირანაშვილი.
მისი თქმით, ამ საკითხზე ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არაერთხელ აცნობა, მათთან შეხვედრაც მოთხოვა, თუმცა მათი მხრიდან არის “სრული იგნორი”. მისი თქმით, არის ბევრი ინფორმაცია, რომელიც კონფიდენციალურია და საჯაროდ ვერ იტყვის, თუმცა ხელისუფლება ამით არ ინტერესდება.
„არ ყოფილა შემთხვევა, ჰააგის სასამართლოს გაესამართლებინოს ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცი, ეს არის მტკნარი სიცრუე, უზნეო და ამორალური ქმედება, რომლის მიზანია – ავანერვიულოთ ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც ერთადერთ რაღაცას აკეთებენ, ასრულებენ ბრძანებებს და ემსახურებიან ჩვენს სამშობლოს“, – ამის შესახებ საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, ანა დოლიძე აცხადებს.
მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს წინაშე სულ მცირე სამი პრეზიდენტი წარდგა – კენიის მოქმედი პრეზიდენტი, კოტ დივუარის პრეზიდენტი და სუდანის პრეზიდენტი, წარმდგარა ასევე გენერალიტეტი.
„ჩვეულებრივ ჯარისკაცს რა უნდა ჰააგაში, იქ შეიძლება დაიბარონ მოწმის სახით, თორემ პასუხისმგებლობის საკითხი შემოიფარგლება უმაღლეს დონესთან მიმართებაში - ეს არის პრეზიდენტები, არმიის ხელმძღვანელები და მეთაურები, რომელთაც ჩადენილი აქვთ კონკრეტული ფართომასშტაბიანი დანაშაული. ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია ყველა მხრიდან უნდა იყოს, რომ ამ ტიპის დანაშაულებები ჩაიდინა რუსეთმა ოკუპაციის მცდელობების დროს და ასეც იყო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია, აგროვებს მტკიცებულებებს და ჩვენს სახელმწიფო ინტერესშია, მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც რუსეთის დანაშაულებებს აჩვენებს.
„რუსეთის მხარე არ თანამშრომლობს, მათ არ აინტერესებთ საერთაშორისო მართლწესრიგი, ფეხებზე კიდიათ. გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენს სახელმწიფო ინტერესშია მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც რუსეთის დანაშაულებებს აჩვენებს. რაც შეეხება ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებს, ეს პასუხისმგებლობა მაინც ინდივიდუალურად დადგება. ამაშია ხალხის ტვინის აბნევის მცდელობა – ის პროცესი, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება, პასუხისმგებლობას აყენებს ინდივიდუალურად. ამ პასუხისმგებლობის საკითხს ადგენს ჰააგა და ფატუ ბენსუდა და შემდეგ ის სასამართლო, რომელიც განსჯის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ჰააგაში მიმდინარე გამოძიების საკითხი კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა და პოლიტიკური ბრალდებების საფუძველი გახდა. თეა წულუკიანმა „იმედი ლაივის" ეთერში განაცხადა, რომ „ფატუ ბენსუდას მიჰყავს გამოძიება დანაშაულებზე, რომლებიც შეიძლება იყოს მომხდარი აგვისტოს ომის დროს. თუკი ის მივა დასკვნამდე, რომ გარკვეულ ეპიზოდებში მართლაც არის დანაშაული მომხდარი, მან შეიძლება კონკრეტული ადამიანების დაკავების მოთხოვნით მიმართოს იმავე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს. აქ საქართველოს სახელმწიფო ვერ იქნება ვერასოდეს მხარე ან რამეში დადანაშაულებული“, - აღნიშნა წულუკიანმა.
ამ განცხადების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ უსტიციის მინისტრმა ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები კერძო პირებად გამოაცხადა, რომლებსაც დამოუკიდებლად მოუწევთ რუსული არასამთავრობოების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ ბრძოლა ჰააგის სასამართლოში. წულუკიანმა განმარტა, რომ გამოძიება საიდუმლოებითაა დაცული და ვიცით მხოლოდ ერთი, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი არის და იქნება ის, რომ რუსი გენერლების და კიდევ უფრო მაღალი თანამდებობის პირთა გვარი და სახელები დადგინდეს მტკიცებულებებით და განსასჯელის სკამზე დაჯდეს ის, ვინც ჩაიდინა რუსის მითითებით ცხინვალის რეგიონში ჩვენი ტყვეების წამება, მკვლელობა და ქართველების ეთნიკური წმენდა.