[რეზონანსი.მარი ჩიტაია]
დედაქალაქში, შესაძლოა, ახალი ტიპის საჯარიმო სანქციები დაწესდეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ასეთი ღონისძიების გატარება საცხოვრებელი კორპუსების წინამდებარე ტერიტორიის ავტოსადგომებად გამოყენების აკრძალვის მიზნით ტარდება. დედაქალაქის მერიაში ასეთ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ ამ ტიპის სანქციების გატარება არათუ არ დაგეგმილა, ამის შესახებ საუბარიც არ ყოფილა.
თუმცა, ნაციონალების ხელდასმით დანიშნული საცხოვრებელი კორპუსების თავმჯდომარეები ახალი ჯარიმების შესაძლო დაწესებას არ გამორიცხავენ. მეტიც, ზოგიერთი მათგანი შუამავლობასაც არ თაკილობს და მძღოლებს წინასწარ აფრთხილებს, რომ მალე მათ კორპუსის წინ ავტომანქანის დაყენების შემთხვევაში 15 ლარის გადახდა მოუწევთ.
ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი ფონიჭალაში მოხდა. ადგილობრივი მკვიდრის თქმით, საკუთარი კორპუსის წინ ავტომანქანის გაჩერების გამო "კორპუსის მამასახლისმა" მოსთხოვა გადაეხადა 15 ლარი და აუხსნა კიდეც, რომ მერიისგან აქვს ნებართვა, მობინადრეებს სახლის წინ ავტომანქანის გაჩერება აუკრძალოს და ჯარიმის სახით აკრეფილი თანხა ამკრძალავი ნიშნების მოწყობას მოახმაროს.
"მამასახლისი" ასეთი ჯარიმის დაწესებას იმით ასაბუთებს, რომ კორპუსებთან ბავშვები თამაშობენ, ბევრია ფეხით მოსიარულეც და და მანქანის აქ გაჩერება გაუმართლებელია როგორც უსაფრთხოების, ისე ურბანული განვითარების თვალსაზრისითაცო. ამ ეზოში ჩემი შვილიც თამაშობს და მესმის, მისი უსაფრთხოება ჩემთვის ყველაფერზე ძვირფასია, მაგრამ ვერავინ ამიკრძალავს ავტომანქანის დაყენებას ჩემივე კორპუსის წინ. მით უმეტეს, ავტოფარეხი არ მაქვს, ხოლო სახლიდან ავტოსადგომი გარკვეული მანძილითაა დაშორებული. შეიძლება ამ ტერიტორიაზე მანქანის შემოყვანა უცხო პირს აუკრძალონ, მაგრამ არა ადგილობრივს. თუ ასეთი სანქცია მართლაც იგეგმება, აუცილებლად უნდა გაპროტესტდეს და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღონ.
რატომღაც ამ ბოლო დროს მერია ფულის შოვნის მრავალფეროვან მექანიზმს გვთავაზობს და ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის ინტერესებს უგულებელყოფს. საკუთარი მოქალაქეების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მთავრობაში უკვე ტენდენციად იქცა", - ამბობს ნუკრი ნატროშვილი, ფონიჭალის მკვიდრი.
გლდანის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის თავმჯდომარემ ჩვენთან საუბარში ახალი სანქციის დაწესება არ გამორიცხა და არგუმენტად უსაფრთხოების აუცილებელი ზომების გატარება დაასახელა. მისი თქმით, არის რამდენიმე ასეთი კორპუსი დედაქალაქის მასშტაბით, რომლის სიახლოვესაც ავტომანქანების მოძრაობა საშიშია და უნდა აიკრძალოს, თუნდაც ამისთვის ჯარიმის დაწესება გახდეს აუცილებელი.
"საუბარი ამის შესახებ მერიაში ნამდვილად იყო. სხვა ტერიტორიებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გლდანში ნამდვილად არის რამდენიმე ისეთი კორპუსი, რომლის წინა მონაკვეთეზე მანქანის დაყენება ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. ამ ტერიტორიებზე ბავშვები თამაშობენ და რაღაც ზომები უნდა გატარდეს მათი უსაფრთხოების დასაცავად. თავიდანვე ჯობს ამაზე ზრუნვა, ვიდრე უბედური შემთხვევა მოხდებოდეს.
ვფიქრობ, უფრო გამართლებული იქნება, ასეთი კორპუსების მისადგომებთან მოძრაობის ამკრძალავი ნიშნები მოაწყონ, ხოლო ჯარიმა გატარდეს უკიდურეს შემთხვევაში თუკი ამის აუცილებლობა იქნება", - ამბობს ერთ-ერთი კორპუსის ნაციონალი თავმჯდომარე.
გლდანის მე-6 მიკროს მე-6 კორპუსი ცენტრალური გზის ახლოს მდებარეობს. შენობის წინამდებარე ტერიტორიაზე აქტიურად მოძრაობენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების, ასევე უცხო პირების ავტომანქანები. კორპუსის მობინადრეები აცხადებენ, რომ კორპუსის წინამდებარე მონაკვეთზე უამრავი ბავშვი თამაშობს და ავტომანქანების ხშირი მოძრაობა მათი უსაფრთხოებისთვის მიუღებელია.
"ბავშვებს მარტო ვერ ვტოვებთ, იმდენად საშიშად იქცა ეზოში თამაში. ორი მხრიდან შემოდის ეზოში გზა, რითაც მძღოლები აქტიურად სარგებლობენ. ახლახან გავიგეთ, რომ საჯარიმო სანქციების გატარება მოსალოდნელია. შეიძლება, ეს გადაჭარბებული დამოკიდებულება იყოს, მაგრამ რაღაც მექანიზმი ნამდვილად უნდა გატარდეს, პირველ ეტაპზე, გამაფრთხილებელი.
კარგი იქნება, თუკი მერია დაგვეხმარება და ამკრძალავ ნიშანს დაგვიმონტაჟებს, რომელიც თუნდაც ერთი მიმართულებით აკრძალავს მოძრაობას. ამის შესახებ განცხადების ტექსტს ვამზადებთ, რომელიც მალე ქალაქის მერს გადაეგზავნება. ეს არ არის უსაფუძვლო შიში და, ვფიქრობთ, რომ არსებულ მდგომარეობას გაითვალისწინებენ", - ამბობს ინგა არსოშვილი, მშობელი.
ავტომანაქანების დაყენების ნებართვისა და შესაძლო სანქციების შესახებ უცნობია მშენებლობისა და ურბანიზაციის ყოფილი მინისტრისთვის, რომელიც პრობლემის მოგვარებას ერთ-ერთ აუცილებელ ღონისძიებად მიიჩნევს, მაგრამ არა სანქციებისა და ჯარიმების სახით. მერაბ ჩხენკელი განმარტავს, რომ დაგეგმარების პრინციპი უნდა იყოს მკაცრად გამოხატული თუ როგორ უნდა "იცხოვროს" ქალაქმა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული და ოფიციალურ შეკრებებსა და სხდომებზეა გადასაწყვეტი.
"საცხოვრებელ კორპუსს უნდა ჰქონდეს ეზო, სადაც ბავშვი ითამაშებს, მოხუცი დაისვენებს და მიიღებს ელემენტარულ კომფორტს. პრობლემა ნამდვილად არსებობს და მისი მოგვარება დაგეგმარების სამსახურის მოსაგვარებელია, მარტო ნებართვის გაცემა და სანქციის დაკისრება არ არის მთავარი, მკაცრად უნდა გამოიხატოს დაგეგმარების პრინციპი, რითაც ქალაქის ცხოვრების წესი განისაზღვრება", - აცხადებს მერაბ ჩხენკელი.