სამიდან ერთი მანქანა ტექდათვალიერებას ვერ გადის და რომელიც გადის, ისიც საეჭვოა რამდენად გამართულია. ამიტომ ეკონომიკის სამინისტრო ავტომობილების ინსპექტირების ცენტრებზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს. ცენტრებში იმუშავებს ე.წ. „ლაივ კამერები“.
კომპანია „ჯეოველ რისერჩის“ მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 2018 წლის 10 თვეში, ტექდათვალიერებაზე 84,850 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო მისული, საიდანაც 32%-მა გაუმართაობის გამო, პირველადი ტესტირება ვერ გაიარა. დახარვეზებული ავტომობილების 30% კი განმეორებით ტესტირებაზე არ გამოცხადდა, შესაბამისად, მათი გადაადგილება აკრძალულია.
ტესტირება ავტომობილის გამართულობის თითქმის ყველა ასპექტს ეხება დაწყებული მუხრუჭებით, დამთავრებული გამონაბოლქვში მავნე აირების შემცველობით. კვლევის მიხედვით, ტექდათვალიერების პროცეში ავტომობილების გამონაბოლქვში იზომება მხოლოდ ნახშირჟანგის (CO) შემცველობა და კვამლიანობა - დიზელის ძრავიანი ავტომობილებისათვის, მაშინ, როდესაც ინსპექტირების ცენტრებში არსებულ გამზომ დანადგარებს ბევრად მეტი დამაბინძურებლის გაზომვის შესაძლებლობა აქვთ.
„ამჟამად ინსპექტირების ცენტრები ინსპექტირებული ავტომობილების შესახებ აწარმოებენ რამდენიმე დამოუკიდებელ ბაზას. ამასთან, ბაზებში აღირიცხება მხოლოდ ინსპექტირების შემთხვევების რაოდენობა, პირველადი და განმეორებითი კატეგორიებით, სადაც პირველად ინსპექტირებაში ხვდებიან ის ავტომობილებიც, რომელთაც ვერ გაიარეს განმეორებითი ინსპექტირება და ხელახლა მოუწიათ ფასიანი ტესტირება.
ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ავტოპარკის რა ნაწილმა გაიარა სავალდებულო ინსპექტირება, ვინაიდან, კვლევის ფარგლებში შეუძლებელი იყო ყველა ბაზის მოპოვება. ამ მაჩვენებლის დადგენა ამჟამად შეუძლებელია ავტომობილების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გამოთხოვის გარეშე. დამატებით, შედარებით მსუბუქი და მეტად საფრთხის შემცველი ხარვეზები თანაბარმნიშვნელოვნად აღიქმება, რაც ქმნის გაურკვევლობას ინსპექტირების შედეგების და აღსრულების ნაწილში“, - წერია ორგანიზაციის კვლევაში.
ამასობაში ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავტომობილების ინსპექტირების ცენტრებზე კონტროლი გამკაცრდება. მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი ადასტურებს, რომ მომზადებულია ცვილებების პროექტი, რის მიხედვითაც ტექდათვალიერების ცენტრები ვალდებულები იქნებიან სამუშაო აწარმოონ პირდაპირი დაკვირვების რეჟიმში.
„ვფიქრობთ, კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმი დასახვეწია. ამ მიმართულებით რეგლამენტში შეგვაქვს შესაბამისი ცვლილებები, რათა „ლაივ რეჟიმში“ მოხდეს მონიტორინგი, რათა არ იყოს ძველი დროის ნოსტალგია „ტეხასმოტრის“ და ის პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რაც საზოგადოებას აქვს.
მთავარი ტალღა რეფორმისა მომავალ წელს გველოდება, როდესაც ინსპექტირებას კერძო სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება. ჩვენ მზად უნდა შევხვდეთ ყველა გამოწვევას. დღეს 80-ზე მეტი ტექდათვალიერების ცენტრია, გარდა ამისა ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში დაემატება 51 ტექდათვალიერების ცენტრი. აქედან სამი არის მობილური ტექდათვალიერების ცენტრი, რომელიც სხვადასხვა ქალაქში იმოძრავებს.
მომზადებული გვაქვს ცვლილების პაკეტი. ახლა გადის შეთანხმებას და ვგეგმავთ უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანოთ ეს პროექტი. ეს გულისხმობს დახვეწას და „ლაივ კამერების“ სავალდებულო რეჟიმში ჩართვას. ეს არის არსებითი.
დღეს ტექინსპექტირების ცენტრებს ვალდებულება აქვთ, რომ ეს ჩანაწერები შეინახოს და მოთხოვნის შემთხვევაში გადმოგვცენ. როდესაც „ლაივ რეჟიმში“ იქნება, ყველას ექნება საშუალება და წვდომა“ - განაცხადა საღირაშვილმა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულოა და ის ეტაპობრივად განხორციელდება. დღეის მონაცემებით, საქართველოში 80-ზე მეტი ტექდათვალიერების ცენტრი ფუნქციონირებს.