მოსახლეობას 1,5 მლრდ ვალი კი ჩამოეწერება, მაგრამ საკრედიტო ორგანიზაციები გაცილებით ნაკლებს მიიღებენ. საქმე ისაა, რომ ძირითადად, ეს არის უიმედო ვალები, რომელთა ამოღების იმედი ბანკებსა და მიკროსაფინანსოებს გადაწურული აქვთ. როგორც წესი, ასეთი ფულის „გაცოცხლებაში“ მცირე თანხას იხდიან.
როგორც უმრავლესობის დეპუტატმა რომან კაკულიამ აღნიშნა, გამორიცხული არ არის, ფონდ „ქართუსა“ და საფინანსო ინსტიტუტებს შორის ისეთი ტიპის მოლაპარაკება შედგა, რომლითაც ყველა მხარე მოგებული დარჩება. საფინანსო ინსტიტუტის პორტფელის შესყიდვისას, თითოეულ მათგანში დაფიქსირებული თანხის ავტომატურ რეჟიმში შესყიდვა არ ხდება. შესაბამისად, არ უნდა იქნას გაგებული ისე, რომ ფონდ „ქართუს“ ავტომატურად 1,5 მლრდ ლარის გადახდა უწევს, რაც სასესხო დავალიანების ჯამურ ოდენობას შეადგენს.
„უშუალოდ მოლაპარაკებაში ჩართული არ ვყოფილვარ და ამის საჭიროებას არც ვხედავ. მე ვიცოდი, რომ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თემა ვიცოდი, მიზანი და ყველაფერს ვეთანხმები. თითოეული საფინანსო ინსტიტუტის პორტფელი, რომლის შესყიდვაც მოხდება, იმას არ ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანში დაფიქსირებული თანხის ავტომატურ რეჟიმში შესყიდვა უნდა მოხდეს.
თუ პირობითად ავიღებთ 100 მსესხებელს, რომელზეც ფინანსურ ინსტიტუტს გაცემული აქვს კრედიტები, მათგან ამავე ინსტიტუტს შეფასებული აქვს, რომ სესხის დაბრუნების შანსი აქვს 100%, ვიღაცას 50% და ა.შ. ამ მოლაპარაკებებში შენთვის მისაღები პირობა შეიძლება იყოს, რომ გარანტირებულად მიიღო 30 მსესხებელთან დაკავშირებული თანხა და ამის სანაცვლოდ უარი თქვა დანარჩენ 70-ზე. არ გამოვრიცხავ ასეთი ტიპის მოლაპარაკებას, რომლითაც ორივე მხარე მოგებული იქნება და რაც მთავარია, საბოლოო ჯამში, მოგებული იქნება ის 600 ათასი ბენეფიციარი, რომელზეც არის გათვლილი ეს გადაწყვეტილება.
უშუალოდ მოლაპარაკების დეტალები, სავარაუდოდ, კომერციულ საიდუმლოებად დარჩება, მაგრამ არც ველი, რომ რადგან პორტფელი მთლიანობაში 1 მილიარდ 500 მილიონად შეფასდა, ეს თანხა უნდა დაფიქსირდეს საბოლოო ჯამში, როგორც ჯამი გარიგებებისა. ეს არც არის საჭირო რომ მოხდეს. კომერციული მოლაპარაკებები იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება იქნას მიღებული“, - განუცხადა „აიპიენს“ კაკულიამ.
ამავე საკითხს ეხმიანებიან ფინანსისტები და გარიგების სავარაუდო დეტალებზე საუბრობენ. „ფინექს 1970“-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია უშუალოდ ეხება 600 000 მსესხებლის სესხების განულებასა და მის სავარაუდო შედეგებს.
მისი თქმით, ძირითადად, საუბარი გაცემულ ონლაინ სესხებზეა, რომლებიც მსესხებლებს სახლიდან გაუსვლელად „პანტა-პუნტით“ უმტკიცდებათ და მათი მაქსიმალური „ძირი თანხის“ ზღვარი არ აჭარბებდა 2000 ლარს. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, სესხების განულება, ძირითადად, შეეხება იმ ბენეფიციარებს, რომლებიც ბოლო ერთი წელია ვერ იხდიან ძირ თანხას და მათზე დარიცხულ პროცენტებს.
„მოდით, ჩავეძიოთ ნიუანსებს. გაცემული ონლაინ სესხების უმეტესობაზე მსესხებელი თავიდან, რამდენიმეჯერ იხდიდა დარიცხული პროცენტის ან დასაფარი თანხის დაგვიანებისთვის დაწესებულ მაღალ ჯარიმას, მათი რაოდენობა საერთო ჯამში იმდენი გამოდიოდა, რომ უმეტეს შემთხვევაში გაცემულ სესხის თანხაზე მეტს შეადგენდა.
გასანულებლად გამოყვანილი 1,5 მილიარდი ლარი შედგება ძირი თანხაზე დარიცხული საურავებისა და პროცენტებისგან შემდგარ საერთო დავალიანებისგან. აქ სესხად გაცემული ძირი თანხა სრულიად შესაძლებელია 400 000 ლარს შეადგენდეს. იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელი დასაწყისში იხდიდა ჯარიმასა და მაღალ დარიცხულ პროცენტს. ამით, რა თქმა უნდა, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები თავიანთი სახსრების ძირითად თანხებს უკან წარმატებით იბრუნებდნენ. დარჩენილი დაუბრუნებელი სესხები და მათზე დარიცხული პროცენტები გადამისამართდებოდა პრობლემური სესხების განყოფილებაში და ამოღების უზრუნველყოფის მიზნით ძირითადად ხდებოდა მათი გაყიდვა დისკონტით.
ცნობილია და უცხო არაა, რომ საკრედიტო ორგანიზაციები ასეთ ამოუღებელ გაცემულ სესხებს ყიდდნენ 50% და 80%-იანი ფასდაკლებებით. შემდგომ ასეთი აქტივის მყიდველი კომპანიები სხვადასხვა ხერხებით (შეშინებით ან მუქარით, რომ მივიდოდნენ და დაუყადაღებდნენ პირად ნივთებს, შეთავაზებებით დაეფარათ 40-50 პროცენტი ვალისა და ამის შემდგომ დარჩენილ ვალს ან გადაუნაწილებდნენ თვეების მიხედვით ან საერთოდ გაუნოლებდნენ) ახერხებდნენ მსესხებლებისგან თანხების ამოღებას.
ბევრი რომ აღარ ვისაუბრო, აღნიშნული სქემებისა და მეთოდების შესახებ, იმის თქმა გვინდა, რომ 1,5 მილიარდიანი სასესხო დავალიანება, რომელიც, ფაქტობრივად, ამოღების თვალსაზრისით გამოწურულია და გახლავთ მკვდარი თანხა, რომლის ამოღების მექანიზმი არ არსებობს, ანუ ეს დავალიანება პრინციპში ჩამოსაწერადაა გამზადებული და ასეთი მკვდარი, უიმედი დავალიანების შესყიდვა მაქსიმუმ 5-10%-ად არის შესაძლებელი“, - აცხადებს „კომერსანტთან“ შენგელია.