"მას ჰგონია, რომ საკადრო გადაადგილებებით ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება მოხდება"
რა გავიგეთ ბიძინა ივანიშვილის ახალი გზავნილებიდან და რა გაიგო თავად მან საზოგადოებისაგან; რა დასკვნა გამოიტანა "ქართული ოცნების" ლიდერმა; რატომ მოხდა მეორე ტურის დანიშვნა და რამდენად რეალურად აფასებს ის ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას - ეს კითხვები ბიძინა ივანიშვილის ახალ ინტერვიუს მოჰყვა, რომელიც მან ტელეკომპანია "იმედს" მისცა.
ანალიტიკოსები "რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ივანიშვილმა მთელი დანაშაულისა და შეცდომების ტვირთი საკუთარ გუნდს აჰკიდა. მათი აზრით, ის ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას რეალურად მაინც ვერ აფასებს და ჰგონია, რომ ყველა პრობლემას საკადრო ცვლილებებით მოაგვარებს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ივანიშვილს საზოგადოებაში ავტორიტეტი უკვე დაკარგული აქვს და ურჩევენ, რომ ლაპარაკის ნაცვლად ქმედებაზე გადავიდეს.
ივანიშვილი ინტერვიუს დროს რამდენიმე აქტუალურ თემას შეეხო. მან ისაუბრა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე და განაცხადა, რომ მათ იდეალური კანდიდატი შეარჩიეს. ივანიშვილის განცხადებით, ზურაბიშვილი აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატია.
ივანიშვილი მეორე ტურსაც აფასებს და ამბობს, რომ ზოგი ჭირი მარგებელია და ქართველმა საზოგადოებამ ივაჟკაცა.
"იმ გაფრთხილებამ, იმ ცივმა შხაპმა, რაც არჩევნებმა ქართულ ოცნებას მისცა, ძალიან დიდი პოზიტივი აჩვენა ყველაზე სკეპტიკურ ევროპელებსაც კი - რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება. რაც ჩვენ მოვედით, არჩევნების (გაყალბების) მცდელობაც არ ყოფილა. მე პირადად ნათქვამი მაქვს, ხელს მოვაჭრი, ვინმემ რომ გაბედოს, თავში გაივლოს და გააყალბოს", - აღნიშნავს ის.
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იმ სცენარზე საუბრობს, რომელიც გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განვითარდება.
მისი თქმით, შტაბში უთხრეს, რომ ამ თემაზე არ ესაუბრა, მაგრამ კითხვას არ გაურბის. ივანიშვილი ამბობს, რომ თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" რევოლუციური სცენარის განვითარება სცადა, სახელმწიფო კონსტიტუციურ ჩარჩოებში დარჩება.
ივანიშვილის განცხადებით, დესტრუქციული ქმედებები შეაფერხებს ეკონომიკას და შეასუსტებს ბიზნესის ინტერესს რეგიონში. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისთვის ყველაზე მძიმე საგარეო იმიჯი იქნებოდა. მისი აზრით, ხალხი ნაწყენია და არა - გაბრაზებული.
"არ არის დამოკიდებულება, რომ აუტანელია "ქართული ოცნება" ხალხისათვის. ხალხი ნაწყენია და სწორედ საფუძვლიანად ნაწყენი, აქ ჩავდექი მე და დავასწარი. მადლობა ღმერთს, სწორ დროს დავინახე და ადრე შემოვბრუნდი, თორემ ახლა შემობრუნებას ფასი არ ექნებოდა.
"მე ხალხის ნაწილად მიმაჩნია თავი, ენერგიაც აქედან მაქვს და რესურსიც ჩემიც ესაა და არა - ფინანსებს მიანიშნებენ, თუ სხვას. მე რომ ხალხის ნაწილი ვიყავი, ეს გამოჩნდა კარგად, როცა მე მოვბრუნდი", - ამბობს ივანიშვილი.
მისი თქმით, გუნდში პრობლემები იყო, ჩატყდა ხიდი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ივანიშვილი პირობას დებს, რომ ამ პრობლემებს ერთ წელში გამოასწორებს და მიიღებს სახალხო ხელისუფლებას.
მისი თქმით, კარგად ვერ გათვალა და პოლიტიკაში დაბრუნება მოუწია. ივანიშვილი ასევე ამბობს, რომ შეიცვლება მართვის ვერტიკალი და ადამიანები პარტიაში არა ერთგულებით, არამედ პროფესიონალიზმის მიხედვით შეირჩევიან.
"ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდი ისე იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ კვლევებიც კი არაპროფესიული ჩაატარეს. მისი თქმით, გუნდს, რომელიც ხელისუფლების ყველა რგოლს ფლობს, თვითდაჯერებულობა ემატება.
"კვლევებიც კი პროფესიული არ ჩაუტარებიათ, რეალურად, პარტიული რესურსით ატარებდნენ კვლევებს და ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი. ეგზიტპოლის შემდგომ მეც კი გამომიყვანეს, ეს იყო სირცხვილი, ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამის შემდგომ. არათუ გრძნობადობა, არამედ მოლოდინი ჰქონდათ რეალობასთან აცდენილი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ საბანკო ვალების ჩამოწერის ინიციატივა არჩევნებს არ უკავშირდება და ამის შესახებ დაპირება თავად ჯერ კიდევ მაისში გასცა.
მისი თქმით, სწორედ სიღარიბის დონის გაზრდის გამო მისცა საჯარო შენიშვნა კვირიკაშვილს, რადგან მან რეფორმები დააგვიანა.
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუსა და განცხადებებს აფასებს.
მისი აზრით, ივანიშვილის ავტორიტეტი საზოგადოებაში სერიოზულადაა შელახული და მის სიტყვას ფასი აქვს დაკარგული, ამიტომ ურჩევს, რომ ლაპარაკის ნაცვლად იმოქმედოს.
ხუხაშვილი ამბობს, რომ მთელი ინტერვიუს განმავლობაში ივანიშვილი თვითკრიტიკული არ ყოფილა და ყველაფერი გუნდს გადააბრალა.
"მიუხედავად თვითკრიტიკულობისა, ის საკუთარი პერსონის მიმართ არ იყო თვითკრიტიკული. მან ყველა დანაშაული გუნდს გადააბრალა და თქვა, რომ შეცდომებს ისინი უშვებდნენ.
"ამასთანავე, ის ადასტურებს, რომ ყველაფერს თავად მართავს და ყველას, ვინც არჩევნების გაყალბებას გაბედავს, ხელს მოაჭრის. მაშინ საზოგადოებაში მარტივი კითხვა ჩნდება, თუ ყველაფერს ის აკონტროლებს, გუნდი როგორღა ახერხებდა, რომ რაღაც გაეფუჭებინა? მას ავტორიტეტი საკმაოდ დაკარგული აქვს, ამიტომ ჯობია, ლაპარაკის მაგივრად იმოქმედოს.
"სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ ის ამას მოახერხებს, რადგან, გარდა იმისა, რომ მასში სურვილი ვერ დავინახე, ასევე მას ამის საშუალებაც არ აქვს. ის, გარკვეულწილად, არის ამ მანკიერი სისტემის მძევალი", - განაცხადა ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბუნებრივია, როდესაც ურემი გადაბრუნდება დამნაშავის ძებნა მერე იწყება.
ძაბირაძე ამბობს, რომ ივანიშვილს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, არჩევნების პირველივე ტურში ვერგამარჯვება ან გუნდისათვის უნდა დაებრალებინა, ან ეთქვა, რომ გუნდთან ერთად ამ პასუხისმგებლობას ისიც იზიარებდა.
თუმცა, მან მაინც ყველაფერი გუნდს დააბრალა, როცა ის მაისიდან უკვე პოლიტიკაში იყო და თანაც, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა პარტიას პირადად თავს მან მოახვია.
პოლიტოლოგის აზრით, ივანიშვილი რეალურად ვერ აფასებს, ოპოზიციას, თუნდაც გამარჯვების ან არგამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში რამხელა პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა შეუძლია, რადგანაც ქვეყანაში მძიმე სოციალური პრობლემებია.
ამიტომ, ძაბირაძე ფიქრობს, რომ ივანიშვილს ხალხისაგან მისი გუნდის ახალი ლეგიტიმაცია სჭირდება და ის ამას ვერ ხვდება. მას ჰგონია, რომ ყველაფერს მხოლოდ საკადრო ცვლილებებით გადაწყვეტს.
"ივანიშვილს იმაში ვეთანხმები, რომ 2012 წლიდან დღემდე არჩევნების გაყალბება არ მომხდარა და ამაში, ალბათ, ბევრი დაეთანხმება.
"მთლიანობაში, მაინცდამაინც ვერ ვხედავ, რომ მთელი ამ პრობლემის სიღრმე, რაც "ქართული ოცნების" წინაშე დგას, გააზრებული ჰქონდეს. მას ჰგონია, რომ საკადრო გადაადგილებებით ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება მოხდება. ეს მცდარი სტრატეგიაა.
"ქართული ოცნება", რა პოლიტიკურ სიტუაციაშიც დღეს იმყოფება, ხელახალ ლეგიტიმაციას საჭიროებს. აუცილებელია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოხდეს. სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდება, თუ არჩევნებში ვაშაძე გაიმარჯვებს.
"ბოლო პერიოდში "ოცნების" ამომრჩეველი და მხარდამჭერები საკმაოდ გამოფხიზლდნენ. როგორც ჩანს, ამ რესურსის მობილიზება ხება. "ოცნებას" შანსი აქვს, უკვე გამარჯვება მოიპოვოს, ოღონდ ეს გამარჯვება "ნაციონალების" წინააღმდეგ მიცემული ხმების შედეგი იქნება.
"ზოგი იმიტომ მივა არჩევნებზე და ზურაბიშვილს მხარს იმიტომ დაუჭერს, რომ "ნაციონალების" მოწინააღმდეგეა და არა - "ოცნების" მხარდამჭერი, თუმცა ეს პრობლემა, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი, მმართველ პარტიას მაინც დაუდგება და ვაშაძე გაიმარჯვებს თუ არა, ამას მნიშვნელობა აღარ ექნება", - აცხადებს ძაბირაძე "რეზონანსთან".