"ივანიშვილის სიტყვებმა ფასი დაკარგეს. ის ამბობს, რომ ერთ წელიწადში რაღაცას აუცილებად მოახდენს. ხალხში მარტივი კითხვა ჩნდება, თუ ეს ყველაფერი იცი და ასე კარგად იცი, ეს 6 წელი რას უყურებდი?!
"ან ამ 6 წელში რასაც გვპირდებოდი, ის ვერ გააკეთე, თუ არ გააკეთე, მე რა გარანტია მაქვს, რომ ამ ერთ წელიწადში მოახერხებ ამას. აქიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი დამაჯერებლობას კარგავს,"- აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
„რეზონანსი": ბიძინა ივანიშვილმა "ტელეიმედთან" განაცხადა, რომ ხალხი „ოცნებაზე" გაბრაზებული არ არის, მხოლოდ ნაწყენია და ესეც იმის ბრალია, რომ გუნდი დაშორდა ხალხს, ძალიან თავდაჯერებული გახდა, შიდა კვლევებმა მოგვატყუა და მეც, ძველ გუნდზე დაყრდნობით არ მქონდა სწორი ინფორმაციაო. რამდენად სწორი დასკვნებია ეს, რომ ხალხი გაბრაზებული არ არის და რამდენად სწორია გუნდზე გადაბრალება?
გია ხუხაშვილი: არ ვიცი, გაბრაზებასა და ნაწყენობას შორის ზღვარი სად გადის, როგორ ატარებს ამ ზღვარს ივანიშვილი და რა ინდიკატორი აქვს, ეს რომ გაზომოს.
ფაქტია, რომ ნაწილი გაბრაზებულია, ნაწილი ნაწყენია, ნაწილი გულდაწყვეტილია, ზოგი ტირის, უფრო მრავალფეროვანს გავხდი მის ფანტაზიას, მაგრამ ეს არ არის მთავარი და არც ის არის მთავარი, რა შეცდომები დაუშვა მისმა გუნდმა.
ეს დიაგნოზი არასწორია, ჩემი აზრით. მისი დიაგნოზი გარკვეულწილად გულისხმობს საარჩევნო კამპანიის შეცდომებს. პრობლემა კი საარჩევნო კამპანიაში კი არ არის, არამედ - სისტემურია.
რეალური პრობლემა და ხალხის გაბრაზება იმით კი არ არის გამოწვეული, ამათმა ცუდი პლაკატები გააკრეს და კამპანიაში რას აკეთებდნენ, ხალხი გაბრაზდა იმიტომ, რომ უმუშევარია, შია და მომავლის პერსპექტივას ვერ ხედავს.
ეს არის ფეხბურთის თამაში, რომ ახლა ეს გუნდი შეცვალო და არჩევნები მოიგოს. კი ბატონო, შეიძლება ეს არჩევნები მოიგოს, მაგრამ არჩევნებით არ იზომება კეთილდღეობა და ქვეყნის განვითარება. იმედი მაქვს, რომ ამას თამაშის სახით არ უყურებს.
რაც შეეხება იმას, რომ გუნდს ეშლებოდა და მან ამის შესახებ არ იცოდა, ეს არადამაჯერებელია. ერთის მხრივ გვეუბნება, იმდენად აკონტროლებს ყველაფერს, რომ ხელებს დააჭრის, ვისაც არასწორად წასცდება. ანუ მას აქვს ამის უფლებამოსილება, რომ ვიღაცებს ხელები დააჭრას და ამასთანავე ამბობს, რომ მისი მონაწილეობის გარეშე მუშაობდა გუნდი ამ კამპანიაში ან ქვეყანაში?!
„რ": გვითხრა, რომ ძველი გუნდის ინფორმაცის ვეყრდნობოდი, ასე ვთქვათ, გვითხრა, მომატყუესო.
გ.ხ: წინააღმდეგობრივია ეს ლოგიკა და არ მინდა ამაში ღრმად შესვლა, რადგან ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეიძლება დავინახოთ ამ ყველაფერში. მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ ივანიშვილის ავტორიტეტი ძალიან შელახულია, მის სიტყვას უკვე წონა დაეკარგა, ამას ნამდვილად გულდაწყვეტით ვამბობ.
არ მიხარია, იმიტომ რომ, ის არის ერთადერთი ძალის ცენტრი ამ ქვეყანაში და მის ავტორიტეტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, მას აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს.
„რ": ისიც გვითხრა, არ ველოდი, მაგრამ კარგი გუნდი მყავს, ცოტა გამოსწორება უნდაო. ეს რას ნიშნავს, გუნდში დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ?
გ.ხ: აქაც იმდენი წინააღმდეგობებია ჩადებული, მირჩევნია კომენტარი არ გავაკეთო.
„რ": ივანიშვილი შეგვპირდა, რომ ერთი წელი სჭირდება და არა მხოლოდ გუნდში მენეჯმენტს დაალაგებს, არამედ ხალხსაც მიხედავს. მის ამ დაპირებებს ამომრჩეველი არ ენდობა?
გ.ხ: ახლაც გითხარით, რომ მისმა სიტყვებმა ფასი დაკარგეს. ის ამბობს, რომ ერთ წელიწადში რაღაცას აუცილებად მოახდენს. ხალხში მარტივი კითხვა ჩნდება, თუ ეს ყველაფერი იცი და ასე კარგად იცი, ეს 6 წელი რას უყურებდი?! ან ამ 6 წელში რასაც გვპირებოდი, ის ვერ გააკეთე, თუ არ გააკეთე, მე რა გარანტია მაქვს, რომ ამ ერთ წელიწადში მოახერხებ ამას. აქიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი დამაჯერებლობას კარგავს.
„რ": „ოცნების" ყოფილ მხარდამჭერებს გულს ვერ შემოუბრუნებს?
გ.ხ: ნაწილს შემოუბრუნებს გულს, მისი ეს სოციალურ პროექტი რაღაც შედეგს გამოიღებს, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები, სისტემური პრობლემა აქვს მაინც. ის „ქართული ოცნების" დეგრადაციის პროცესს ვერ შეაჩერებს, იმიტომ რომ, ამ პროცესის შეჩერებას სჭირდება სისტემური მიდგომები და სისტემური ცვლილებები. როგორც ის საუბრებს, ეჭვი მეპარება, რომ მას აქვს დარჩენილი რესურსი, სისტემურად შეცვალოს რამე.
„რ": თქვენი აზრით, რა არის მისი ამოცანა, ქვეყნის განვითარება თუ არჩევნების მოგება?!
გ.ხ: არ ვიცი. ეს უნდა ვნახოთ სამომავლოდ. სამწუხაროდ, სკეპტიციზმის საფუძველი ძალიან მაღალია. თუ მას ერთჯერადი ამოცანა აქვს, რომ არჩევნები მოიგოს და ამით კმაყოფილდება, მაშინ ეს არის ერთი უბედურება.
თუ მართლა უნდა რაღაცის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი მეპარება, ის რაიმეს შემცვლელი იყოს, თუ შეცვლის, გამიხარდება, იმიტომ რომ, ცვლილებები ჩემს ქვეყანას წაადგება.
„რ": ყალბი პირადობის დაბეჭვდებზე საუბრობენ არასამთავრობოები, ამავდროულად ივანიშვილმა გვითხრა, რომ გამორიცხულია ვაშაძემ გაიმარჯვოსო, ეს ყველფერი აჩენს ეჭვს, რომ „ოცნება" ყველა ხერხით შეეცდება არჩევნები მოიგოს?
გ.ხ: ერთი პოზიტივი შემიძლია გითხრათ. „ოცნებას" ძალიან უნდა, რომ იყოს „ცუდი ბიჭი", ანუ გამოიყენოს ყველა ის ტექნოლოგია და უბედურება, რაშიც ეჭვმიტანილია წინა ხელისუფლება, მაგრამ კვალიფიკაცია არ ჰყოფნის, უხარისხოდ აკეთებს.
პირველ ტურშიც ბაქიბუქობდნენ, მაგრამ ხომ ვერ გააკეთეს. აქიდან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ სერიოზულ რისკებს და პრობლემებს აგვაცილებს არა ის, რომ მათ არ უნდათ რაღაც ცუდი გააკეთონ, არამედ ის, რომ ამის შნო არ აქვთ.
ამიტომ ძალიან დრამატულ სცენარებს ვერ ვხედავ. არ გამოვრიცხავ დაძაბულობა იყოს, მაგრამ რევოლუციურ განვითარებას ვერ ვხედავ.