ვალების ჩამოწერით ხელისუფლებამ დიდი ქულები კი დაიწერა და სხვადასხვა რეგულაციებით საფინანსო ორგანიზაციების მადაც ცოტათი შეკვეცა, მაგრამ გადაუჭრელ პრობლეად რჩება კერძო მევახშეობის საკითხი. ამას ადასტურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რომელიც აცხადებს, რომ ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეების მიერ უსამართლოდ დაზარალებულ მოქალაქეთა პრობლემა, თუმცა ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და იმედია, შედეგი ამ კუთხითაც იქნება.
„ჩვენი მიდგომაა, ჭარბვალიანობა როგორც რისკი და მძიმე ტვირთი დაძლეულ იქნას. შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოქალაქეებს შემოსავლის უდიდესი ნაწილი ვალების მომსახურებაში არ მისდიოდეს და ვალების მომსახურების კოეფიციენტი ჯანსაღ საერთაშორისო პრაქტიკას გაუტოლდეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც მამუკა ბახტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობა, საფინანსო სექტორთან მიღწეულია შეთანხმება და თითქმის 600 000-მდე მოქალაქეს, რომელიც ე.წ. შავ სიაში იმყოფება, დავალიანებები უნულდება.
„საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციებისა თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს შეადგენს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება მოქალაქეებს უნულდება. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება“, - განაცხადა ბახტაძემ.
პრობლემა კერძო მევახშეების კუთხით ყველაზე მწვავეა, რადგან ეს სფერო არანაირი რეგულირების ჩარჩოში არ ექცევა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კრედიტორების დასაკუთრებული ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ ხელზე გამსესხებლებზე მოდის. მათ საპროცენტო განაკვეთიც უფრო მაღალი აქვთ ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან შედარებით და უძრავი ქონების მისაკუთრებაშიც გაცილებით ულმობელ პოზიციას ინარჩუნებენ.
კარგა ხანია მიდის საუბარი მათი რეგულირების შესახებ, თუმცა ქმედითი ნაბიჯი ჯერ მთავრობას არ გადაუდგამს. სავარაუდოა, რომ მომავლ წელს ამ მხრივ მუშაობა გააქტიურდება. ამას ადასტურებს ფინანსთა მინისტრის სიტყვებიც.
„არალეგალურ მევახშეობა ცალკე სფეროა და ამ საკითხს ჩვენი სამართალდამცველები, ისევე, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სერიოზულად მოეკიდებიან“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ ახლა ლომბარდებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციები მძლავრი და ეფექტურია, მაგრამ მევხშეობა რეგულაციის მიღმაა.
„ვფიქრობ, ძალაში შესული რეგულაციები საკმაოდ მძლავრი და ეფექტურია და მოიცავს ყველა სფეროს. აქედან გამომდინარე, იქნება ეს ლომბარდები თუ სხვა ტიპის ინსტიტუციები, მათაც ზღუდავს და აქცევს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესების ჩარჩოებში, ამიტომ აქ პრობლემას ვერ ვხედავ.
თუ თქვენ გულისხმობთ არალეგალურ მევახშეობას, ეს ცალკე სფეროა და ამ საკითხს ჩვენი სამართალდამცველები, ისევე, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სერიოზულად მოეკიდება. იქნება რეგულირების მექანიზმებიც“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.