„პრობლემა არ არის ჭარბვალიანობა, პრობელმა არის დაბალშემოსავლიანობა და მაღალპროცენტიანობა“

„პრობლემა არ არის ჭარბვალიანობა, პრობელმა არის დაბალშემოსავლიანობა და მაღალპროცენტიანობა“

„სამეგრელოსა და გორის მოსახლეობა რას იფიქრებს?! ფაროსანამ გადაჭამა ყველაფერი, ხალხს მოსავალი არ აქვს და ასეთ პირობებში მხოლოდ მსესხებლებს უფარავენ დავალიანებას?! ეს ხომ სოციალურ უთანასწორობას გაამძაფრებს“?! - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა.

თქვენი შეფასებით, საკრედიტო ამნისტია ეს არის საუკუნის მოვლენა, რომელიც გააჯანსაღებს ეკონომიკურ მდგომარეობას, თუ ამომრჩევლის მოსყიდვაა მაშინ, როცა პატიოსან გადამხდელებს ამის ფუფუნება არ ჰქონიათ?!

- მე პოლიტიკურ სიტუაციას არ ვაფასებ და არც მაინტერესებს, მაგრამ ფონდ „ქართუს“ მიერ თანხის გაღება აშკარად პოპულისტურ ხასიათს ატარებს და შეცდომების განეიტრალებას უფრო წააგავს. რაც ვერ გააკეთა ხელისუფლებამ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, ახლა იმის ფულადი გადაფარვა ხდება. თანაც, ამას აქვს ძალიან ცუდი სოციალური ფონი. როდესაც პატიოსანი მსესხებლები ნახავენ, რომ უკეთესია იყო არაპატიოსანი გადამხდელი, აიღო ფული, შენს გემოზე მოიხმარო და მერე არ გადაიხადო, როდესაც ეს საქციელი წახალისებულია მთავრობის მიერ და შენ ჩამოგაწერენ ვალებს, ეს მაგალითი ძალიან ცუდია პატიოსანი მსესხებლისთვის.

სხვათა შორის, პატიოსანი გადამხდელების ნაწილი შეურაცხყოფილადაც გრძნობს თავს და სანანებლად გაუხდა ვალის დაფარვა. ამ შემთხვევაში, ასეთი პოლიტიკით ეს ხელისუფლება უფრო მეტ წესიერ გადამხედელს ხომ არ გადაიკიდებს, ვიდრე ეს 600 ათასი ვალჩამოწერილია?

- სოციალური უსამართლობის განცდა, რა თქმა უნდა, ბევრ მსესხებელს დარჩება, მაგრამ ესეც არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ ის მსეხებლები, რომლებსაც ჩამოაწერენ ვალებს, კიდევ აიღებენ ვალს იმ იმედით, რომ მომავალში, ერთი-ორი წლის შემდეგ, ანუ მომავალი არჩევნებისთვის კიდევ ჩამოაწერენ დავალიანებას, ანუ პრეცედენტი ცუდია. ეს ისეთივე ცუდი პრეცედენტია, როგორც კახეთში სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას დიდი ფული რომ დაურიგეს. რა შედეგი მოიტანა ამან? მანქანების ქარავანი მიდიოდა რუსთავიდან კახეთისკენ, ხალხმა შეიძინა მანქანები იმის მაგივრად, სოფლის მეურნეობისთვის მიეხედათ. ასეთი უშედეგო და უნაყოფო იქნება ეს ნაბიჯიც. ამის ფონზე სამეგრელოსა და გორის მოსახლეობა რას იფიქრებს? ფაროსანამ გადაუჭამა ხალხს ყველაფერი, ხალხს მოსავალი არ აქვს და ასეთ პირობებში მხოლოდ მსესხებლებს უფარავენ დავალიანებას, გაუბედურებულ ხალხს კი არაფრით ეხმარება ხელისუფლება.

სოციალური უთანასწორობა საკმაოდ მძიმეა, შესაძლოა, მოსახლეობა არ გამოვიდეს საპროტესტოდ ქუჩაში, მაგრამ ეს ყველაფერი გულში ილექება და რჩება. ეს სოციალურ თვალსაზრისს ეხება. რაც შეეხება სახელმწიფოებრივ თვალსაზრისს, საქართველოს პრობლემა არ არის ჭარბვალიანობა. საქართველოს პრობელმა არის დაბალშემოსავლიანობა და მაღალპროცენტიანობა. როდესაც ვერც მთავრობა, ვერც ეროვნული ბანკი ვერ ხედავს პრობლემის ძირს და ცდილობს მოაგვაროს მისი კენწერო, ანუ შედეგი, ასე ქვეყნის მართვა არ შეიძლება. ელემენტარულად, რას ნიშნავს ფრაზა, რომ მსესხებლები, რომლებიც ვერ იხდიან დავალიანებას, თურმე გათიშულნი არიან ეკონომიკური პროცესებისგან, სახლში სხედან და ისინი უნდა ჩართონ ამ პროცესში. როგორ გეკადრებათ, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ არ იცის, რა ხდება ქვეყნის ეკონომიკაში. ის მსესხებლები, რომლებსაც უზარმაზარი ვალები აქვთ აღებული, წელებზე ფეხს იდგამენ, 2 კაპიკს შოულობენ და ჩართულნი არიან ეკონომიკურ საქმიანობაში, მძიმე სამუშაოს ეწევიან, მაგრამ იმდენად დაბალია მათი ანაზღაურება, რომ ვერ ერევიან ვალებს. ეს დიდი პრობლემაა მოსაგვარებელი. ადამიანს იმის საშუალება უნდა მისცე, იშრომოს და ამ შრომაში მიიღოს ღირსეული ანაზღაურება და არა პერიოდულად დააგროვებინო ვალები და ნერვები მოუშალო. თავად ვალი არა მარტო ფინანსური ვალდებულებაა, ეს ძალიან მძიმე მორალური ტვირთია, რომელიც ადამიანს სისტემატურად აწევს. ეს ერის მორალური დაკნინებაა. ამ პრობლემას უნდა მოუაროს ხელისუფლებამ.

ცხადია, სხვის მიერ ვალების დაფარვა მსესხებლის ზნეობაზე უარყოფითად აისახება, ადამიანი ეჩვევა სხვის ხარჯზე ცხოვრებას და აღარც ერცხვინება, რომ ვალს არ აბრუნებს. აქედან გამომდინარე, რა უნდა გაკეთდეს ღირსეული ცხოვრებისთვის, რომ ხალხს ანკესი მივცეთ და არა მზამზარეულად დაჭერილი თევზი?

- კონკრეტული გზები არსებობს, ეს გზები გამოუვლია სხვა სახელმწიფოებს, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა გააკეთოს. პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მინისტრებმა და პრემიერებმა ჭკუა ჰკითხონ მათზე განათლებულ ადამიანებს.

ხელისუფლება პერიოდულად ამაყობს, რომ მთელ საქართველოში დაუბარავი მიწა აღარ არის, მაგრამ არც ეს არის ეფექტური. ხომ შეიძლება, გაჭირვებული ადამიანები სოციალური დახმარების ნაცვლად სოფლად დაასაქმონ? კონკრეტული გზები თუ არსებობს ღირსეული ცხოვრების მისაღწევად?

- შესანიშნავი სპეციალისტები გვყავს, ეს არის ოქროს ფონდი, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობაში, მათგან ხელისუფლება ისწავლის, რომ სოფლის აღორძინებას მარტო ხვნა არ ყოფნის, კიდევ სხვა დამატებითი ღონისძიებებია საჭირო და ეს ღონისძიებები არ უნდა ატარებდეს გადაგდებული პურის ფორმას. არა მარტო სოფლის მეურნეობაში, არამედ მრეწველობის აღორძინების, ბიზნესის ხელშეწყობისთვის შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. რომელ ბიზნესის განვითარებაზეა საუბარი, როდესაც ენერგომატარებლებს ცეცხლის ფასი უკიდია?! ასეთ დროს ისეთ ფასს ადებს ბიზნესმენი საქონელს, რომ მერე საქონელი ვეღარ იყიდება, ანუ პრობლემის ძირია მთავარი.

სულაც არ მაქვს სურვილი, ლექციები ვუკითხო ხელისუფლებას, თუ აინტერესებთ, მკითხონ და ვეტყვი, რადგან მზა რეცეპტი არ არსებობს. რა უნდა მისცე ხალხს და როგორ მართო ქვეყანა, ამას სჭირდება ცოდნა, რომლის ნაკლებობაცაა. ამიტომაც ყველა მიილტვის ხელისუფლებისკენ, რადგან ფიქრობენ, თუკი უვიცი ადამიანები სხედან ხელისუფლებაში, ჩვენ რითი ვართ მათზე უარესნი?! აბა, სცადეთ და დასვით ჭკვიანი, გამოცდილი ხალხი მთავრობაში, რომლებმაც იციან, რა უნდა გააკეთონ, მაშინ აღარავინ მოიკლავს თავს ხელისუფლებაში მოხვედრისთვის. ქვეყნის მართვა ხელოვნებაა, 28 წლის განმავლობაში საქართველოს ჯერ არ ჰყოლია მთავრობა, რომელმაც იცის, როგორ უნდა მართოს ქვეყანა. ამიტომაც მეზობლებთან შედარებითაც კი ღრმად ჩამორჩენილნი ვართ.

ზოგჯერ ქილიკობენ ხოლმე შუა აზიის ქვეყნების შესახებ, წავიდნენ და ნახონ, როგორ ცხოვრობს იმ ქვეყნებში ხალხი. თურქმენეთში საშემოსავლო გადასახადს მოსახლეობა საერთოდ არ იხდის. ყველა წინ გაიჭრა, საქართველო კი უკან მიჩანჩალებს.

როდესაც 600 ათას მოქალაქეს 2000 ლარამდე ჩუქნი, ანუ ჩამოაწერ, დანარჩენი 3 მილიონი მოსახლიდან 2 მილიონ 400 ათასსაც ხომ შეიძლება გაუჩნდეს სამართლიანი სურვილი, რომ მათაც დაეხმაროს ხელისუფლება და 2 ათასამდე ლარით მათაც ისარგებლონ რაიმე ფორმით?

- კი, დავუშვათ, შეიძლება, დაარიგო უცებ ფული და ყველას მისცე, მაგრამ მერე სად მიდიხარ? ადამიანი, რომელიც მიჩვეულია, რომ ყველაფერს აუნაზღაურებენ, სახელმწიფოს მოქალაქედ უკვე აღარ ვარგა. ყველა საფინანსო ინსტიტუტი, რომლის მიმართაც მოსახლეობას გააჩნია დავალიანება, მიიღებს თავის საფასურს. ანუ ბიზნესი ნამდვილად არ ზარალდება და არც ბიუჯეტის თანხები არ დაიხარჯება ამაში.

ეს ნიშნავს, რომ ისევ და ისევ ბანკები, ონლაინმსესხებლები სასათბურე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან? თანაც, ეს ის ბანკებია, რომელთა წინააღმდეგაც აკეთებდა განცხადებებს მამუკა ბახტაძე, რომ ბანკები საქართველოს ეკონომიკას აფერხებენ. ისევ ბანკები ხეირობენ ამ 600 ათას მოსახლესთან ერთად?

- ნამდვილად ასეა, მართლაც იხეირებენ არა მარტო ბანკები, არამედ სხვა გამსესხებლებიც, მიკროსაფინანსოები და ა.შ. ანუ ისინი, ვინც არ ელოდნენ ამ თანხების დაბრუნებას. როდესაც ვალი ხდება უიმედო, მას ბალანსიდან ჩამოაწერენ ხოლმე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვალს აპატიებენ, მაგრამ ბალანსიდან წერენ და იუმჯობესებენ ბალანსებს. რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, როდესაც ადამიანს მაღალი თანამდებობა აქვს, მის მიერ წამოსროლილი ნებისმიერი სიტყვა იმედისმომცემად აღიქმება, მაგრამ, სამწუხაროდ, მარტო თანამდებობა არ ჰყოფნის ასეთ ლოზუნგებს, ამას სჭირდება რეალიზებაც, რაც ძალიან რთულია.

როდესაც ეს მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ოღონდ ამ ახალგაზრდებმა არაფერი გააფუჭონ-მეთქი, მაგრამ თანდათანობით სიტუაციას აუარესებენ და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. მარტო მარიხუანას შესახებ კანონი რად ღირს, წინგადადგმული ნაბიჯი კი არ ჩანს. მართალია, ცოტა დრო გავიდა, მაგრამ საქმეს ნუ აფუჭებენ მაინც.