ახალ წლამდე ასიათასობით "გაშავებული" ადამიანი "გათეთრდება"
ახალ წლამდე 600 000-ზე მეტი შავ სიაში მყოფი ადამიანის დავალიანებას ფონდი "ქართუ" დაფარავს. სამთავრობო ინიციატივა, რომელსაც ივანიშვილის საფინანსო ინსტიტუტი დააფინანსებს, შეეხება მათ, ვისი სესხის ძირი თანხაც 2000 ლარზე მეტს არ შეადგენს.
ინიციატივის მიხედვით, ბაზები 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე შედგება და ამის შედეგ დაიწყება გადახდა. მთავრობის წევრებისა და კერძო სექტორის თქმით, მოლაპარაკება მიღწეულია ყველა ფინანსურ ინსტიტუტთან, გარდა "ვივუსისა", მიზანი კი ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეების ეკონომიკური აქტივობის დაბრუნებაა. აღნიშული სიის გაუქმების შესახებ პრემიერი პირველი განცხადებით ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას გამოვიდა და თქვა, რომ მისთვის მიუღებელია მსგავსი მუხრუჭი ეკონომიკაში.
გუშინ კი მამუკა ბახტაძემ მთელ საქართველოს ამცნო, რომ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება, რასაც ფონდი "ქართუ" იტვირთებს და მისი ფინანსური მხარდაჭერით დაიფარება ეს თანხა.
პრემიერის ინფორმაციით, საბანკო და არასაბანკო სექტორთან მოლაპარაკებით მიღწეულია შედეგი, რომლითაც ე.წ. შავი სიისა და დავალიანების გარეშე 31 დეკემბერს რამდენიმე ასეულ ადამიანზე მეტი შეხვდება.
"მინდა, გითხრათ, რომ მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკება და მოხარული ვარ, რომ როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა და მათ შორის ე.წ. სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარეს ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს.
მინდა, განვუმარტო საზოგადოებას, ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომლის ძირი თანხა არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედის 150 ათასამდე სოციალურად დაუცველი და ათიათასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქეები. მიმდინარეობს მუშაობა", - განაცხადა ბახტაძემ. მანვე აღნიშნა, რომ ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება.
მიუხედავად იმისა, რომ ახალ სამთავრობო ინიციატივაში მთელი საფინანსო სექტორი ჩაერთო, იგი არ შეეხება ონლაინსესხების კომპანია "ვივუსს". საქმე ისაა, რომ ამ ორგანიზაციამ გაუგებარი მიზეზით უარი თქვა ისტორიულ პროექტში მონაწილეობაზე. დანარჩენ მოსახლეობას კი 3 დეკემბრიდან სპეციალურ ვებ-გვერდზე შეეძლება შემოწმება, შეეხებათ თუ არა ვალების ჩამოწერა.
ის, რაც მოსწონს მთავრობის ფინანსურ გუნდს, საფრთხის შემცველად მიაჩნიათ საერთაშორისო ინსტიტუტებს. სავალუტო ფონდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო მთავრობის ინიციატივას მყისიერად გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნაბიჯი შეიძლება იყოს პოზიტიური, თუმცა იქმნება მორალური საფრთხე.
"ეს შეიძლება იყოს პოზიტიური, თუმცა ქმნის მორალურ საფრთხეს. მსგავს ნაბიჯებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ამან შესაძლებელია, მოსახლეობაში გააჩინოს ისეთი ნაბიჯების გადადგმის სურვილი, რომელსაც სხვა შემთხვევაში (ანუ მათი ძველი ვალების გადახდა რომ არ მომხდარიყო), მოსახლეობა მოერიდებოდა", - აცხადებს პეშო.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ძნელაძის თქმით, ინიციატივა კომერციული გადაწყვეტილებაა, რასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკება ჯერაც მიმდინარეობს და ყველა ბანკთან შეთანხმება კიდევ არ არის მიღწეული.
"ეს არის კომერციული გადაწყვეტილება - საფინანსო სექტორიდან ფონდი "ქართუ" შეიძენს პორტფელს. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობდა და ბანკების უმრავლესობასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. ზოგადად, ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბანკო სექტორი სესხს ყიდის ფონდ "ქართუზე", - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
კომენტარი გამოითქვა ფონდ "ქართუშიც". ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი ამბობს, რომ "ქართუს" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძალზე საინტერესო ინიციატივა, რომელზეც ფონდი "ქართუ" აქტიურად მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან. ფონდის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი. ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია და აღნიშნული ფული უკვე დარეზერვებულია. მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ", - განაცხადა ჩხეტიანმა.
ექსპერტების ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი. როგორც ფინანსისტი დავით წიქარიძე ამბობს, ადამიანებს უთხრეს, რომ არ ექნებათ ვალი, სინამდვილეში კი არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ ქაღალდის ერთი ფურცლიდან მეორეში გადაინაცვლებს მათი დავალიანება.
"ფული ბრუნვაში არ წავა. აქ ლაპარაკია მილიარდებზე, მაგრამ რეალურად ამ ვალებს დააკისრებენ იგივე ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, საიდანაც სესხია გატანილი. ეს არის ქაღალდზე დაწერილი ვალი, რომელსაც ფულთან რეალურად კავშირი არ აქვს. თანაც, ამ ვალების 90%, პრაქტიკულად, გადახდილია, ზოგს პროცენტი აკლია, ზოგ შემთხვევაში ძირი თანხა დაფარულია, ბევრ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რის გამოც ამ ვალების ჩამოწერა მილიარდობით ლარს ნამდვილად არ უკავშირდება.
მაინც კარგი საქმე გაკეთდა. ფულად მასაში ეს მილიარდნახევარი არ აისახება, კონკრეტულად ხელზე არც ერთი ორგანიზაცია არ მიიღებს ფულს, შესაბამისად, არც კონვერტაცია დასჭირდებათ. ადამიანებს უთხრეს, რომ არ ექნებათ ვალი, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ ქაღალდის ერთი ფურცლიდან მეორეში გადაინაცვლებს ეს ვალი", - ამბობს წიქარიძე "ბიზნეს-რეზონანსთან".
იმას, რაც სათუოა ფინანსისტისათვის, აბსოლუტურად პოზიტიურ ნაბიჯად მიიჩნევს ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი. მისი თქმით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 35% შავ სიაშია, ამ პრობლემის მოგვარება კი გააჯანსაღებს გარემოს.
"კარგია, როცა ადამიანი ეწევა ქველმოქმედებას და დახმარების სამიზნე მოწყვლადი ჯგუფია. დღეს ისეთი საოცრებებიც კი მოვისმინე, რომ თურმე ეს გამოიწვევს ინფლაციას ან გააუფასურებს ლარს, რაც სერიოზულ კომენტარადაც კი არ ღირს.
ქვეყანაში გვყავს 600 000 ეკონომიკურად პასიური ადამიანი, რომელიც ვერ იღებს სესხს, შესაბამისად, მისი მოთხოვნა ეკონომიკურ აქტივობაზე არის ძალიან დაბალი. თუ მათ ეს ვალი აღარ ექნებათ და დაუბრუნდებიან აქტიურ ცხოვრებას, ნამდვილად გააჯანსაღებს გარემოს.
გაითვალისწინეთ, საქართველოში სულ არის მილიონ შვიდასი ათასი ეკონომიკურად აქტიური სუბიექტი და აქედან 600 000, ანუ 35% შავ სიაშია. ამ პრობლემის ერთი ხელის მოსმით მოგვარება რომ გაზრდის ეკონომიკას, მგონია, ძალიან მარტივად გასაგებია", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ჯანიაშვილმა.