ვალების ჩამოწერამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, დადებითი კუთხით. თუმცა, უარყოფითი შეფასებებიც ბვერი გაჩნდა. ერთი ონლაინსესხების ორგანიზაციის გადაწყვეტილებამ კი მოსახლეობაში და პოლიტიკოსებში დიდი გულისწყრომა გამოიწვია.
თავდაპირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყველაზე მსხვილი ონლაინსესხების კომპანიის კლიენტებს ვალებს ვერ გაუნულებდნენ, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანმა გაავრცელა. პრემიერის განცხადებიდან მალევე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ „შავ სიაში“ მყოფ ონლაინსესხების კომპანია „ვივუსის“ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ. პროგრამაში მონაწილეობაზე თავად „ვივუსმა“ თქვა უარი.
„ვივუსმა“, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ პროგრამაში მონაწილეობაზე. მათ კლიენტებს განულება არ შეეხებათ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მინისტრის განცხადება დაადასტურეს პარლამენტიდან და ყველაფერს პოლიტიკური ელფერი მისცეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ „ვივუსის“ გადაწყვეტილებამ 150 000 ადამიანს მოუსპო სესხის ჩამოწერის შანსი.
„სამწუხაროა, რომ ერთადერთი მიკროსაფინანსო კომპანია, რომელმაც უარი განაცხადა სესხების გამოსყიდვაზე არის „ვივუსი“, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, ვინა არის მისი მფლობელი (ყოფილი პრემიერი ლადო გურგენიძე), არ გაგვიკვირდება, რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ალბათ, უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ეს ჯობია მათ ჰკითხოთ. საუბარი იყო დაახლოებით 150 000 ადამიანებისთვის დავალიანების გამოსყიდვაზე“, - განაცხადა კუჭავამ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ იმდენად დიდი აღმოჩნდა უკმაყოფილება, რომ დღის ბოლოს თავად „ვივუსმა“ გაავრცელა განცხადება.
„დღეს გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გავაკეთოთ შემდეგი განმარტება: დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თხოვნა, რომ გაგვეკეთებინა შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ჩვენ გავუგზავნეთ მონაცემები და პირობები ჩვენი პორტფელის შესახებ, რათა მათ მიერ მომხდარიყო სესხების შესაძლო გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.
გასული კვირის დასაწყისში პორტფელის ნაწილზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტით ჩვენი წინადადება, რომელიც, ჩვენი აზრით სრულად ჯდებოდა სამინისტროს მიერ გაჟღერებულ პირობათა ჩარჩოში.
ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, აღნიშნული წინადადების მიღების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოსულა. ვადასტურებთ, რომ დღესაც მზად ვართ ჩვენს მიერ გაჟღერებული პირობების ფარგლებში ვაწარმოოთ მოლაპარაკება აღნიშნულ თემაზე“, - აღნიშინულია „ვივუსის“ განცხადებაში.
მიუხედვად ამისა, ორგანიზაციის წინააღმდეგ ნეგატიური კომენტარები არ შეწყვეტილა. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა მარინა შენგელიამ პირდაპირ დაადო ხელი კომპანიის ხელმძღვანელობას პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში:
„აბა, ეხლა მართლა დადუმდით და მომისმინეთ ნაცებოოო. 4 თვეა რეგიონებში დადიხართ და ქსეროასლებზე აწერინებთ ხალხს ხელს ვალებს დაგიფრავთო. ეს არ იყო მოსყიდვა და დიდი „აფიორა“ ხალხს უსინდისოდ რომ ატყუებდით? რა თქვენც გაქვთ ფონდი „ქართუ“? საიდან უფარავდით, ან ქსეროქსზე ხელმოწერილ დოკუმენტს რა იურიდიული ძალა აქვს?!
თქვენი სახე ბოლომდე ხომ აჩვენა თქვენივე პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის მიკროსაფინანსომ, რომელმაც უარი თქვა ვალების ჩამოწერაზე. ეს არის თქვნი სახე! ბოროტების მთავრობა იყავით და ბოროტებად დარჩით. აწი თქვენი ზღაპრები - გამოვსწორდითო „ერთმანეთს მოუყევით“, - აღნიშნა შენგელიამ.