"შავ სიაში" შესული 600 000-მდე ადამიანის 1,5-მილიარდიან საბანკო ვალს 15 დეკემბრიდან ფონდი "ქართუ" გადაიხდის
"შავ სიაში" მყოფი 600 000-მდე ადამიანის 1,5-მილიარდიან საბანკო ვალს 15 დეკემბრიდან ფონდი "ქართუ" გადაიხდის - არჩევნების მეორე ტურის წინ პრემიერ-მინისტრის მხრიდან ამ "უპრეცედენტო ინიციატივას" ხმაურიანი და ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები მოჰყვა.
რა არის ეს - ივანიშვილის ქველმოქმედება, მთავრობის ნაფიქრი გეგმა ჭარბვალიანობასთან საბრძოლველად, თუ ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური თაღლითობა და მავნებლური პოპულიზმი?
არასამთავრობოების განცხადებით, ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება ნებისმიერი ქმედება, რომელიც 100 ლარს აჭარბებს და, ამდენად, მთავრობის ინიციატივა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც საკითხი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.
საპასუხოდ, პროკურატურამ თქვა, რომ მოკვლევას დაიწყებენ. არასამთავრობოების მსგავსად, ექსპერტებიც ამბობენ, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა აშკარაა და თანაც ეს ინიციატივა პოპულისტური, მავნებლური და დისკრიმინაციულია.
ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ეს არის წაგების შიშით მოტივირებული ტრიუკი და პოლიტიკური თაღლითობა.
კმაყოფილები არიან "ოცნებაში" და ირწმუნებიან, რომ ჭარბვალიანობის აღმოსაფხვრელად პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მუშაობა ჯერ კიდევ თვეების წინ დაიწყო და ამიტომაც ეს ინიციატივა დიდი ხნის ნაფიქრი საქმეა და არავითარი კავშირი არჩევნებთან არა აქვს, უბრალოდ, მისი გახმოვანება დროში დაემთხვა მეორე ტურს.
პოლიტოლოგ გია ნოდიას აზრით, "ოცნების" ეს ინიციატივა არის ამომრჩევლის მოსყიდვა, თუმცა ამ ახალი დაპირებით ამომრჩეველმა ერთი გაკვეთილიც უნდა გამოიტანოს, მილიარდერი ივანიშვილი ხალხის დასახმარებლად ფულს ხარჯავს მაშინ, როცა ხმას არ აძლევენ და წაგების შიში აქვს.
"სანამ აძლევდა ხალხი ხმას, ან სანამ იმედი ჰქონდა, რომ მისცემდა, არ ხარჯავდა ფულს. აქედან კი გამოვიტანოთ გაკვეთილიც, პირველსავე ტურში რომ მიეცა ხალხს ხმა, არ ჩამოაწერდა ვალებს", - ამბობს ნოდია.
მისივე თქმით, უშველის თუ არა ამდენი ფულის ხარჯვაზე დაპირება არჩევნებში "ოცნებას", ამას 8-ში ვნახავთ.
"ფონდი "ქართუ" ნიშნავს ბიძინა ივანიშვილს, ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე და, პრაქტიკულად, ხელისუფლების ლიდერი. მან დაინახა, რომ არჩევნებს ვერ იგებს სხვანაირად და რადგან ვერ იგებს სხვანაირად, უნდა წავიდეს ამ ექსტრაორდინარულ ნაბიჯზე.
"ეს ნაბიჯი არის ღია და შეუნიღბავი, მასობრივი მოსყიდვა ამომრჩევლებისა. ის ალბათ ვარაუდობს და ალბათ ამაში სწორია, რომ ის ხალხი, ვისაც ხელს გაუმართავს, გაჭირვებული ხალხია, შესაბამისად, ეს არის "ოცნებისადმი" იმედგაცრუებული ხალხი, რომელთა დიდმა უმრავლესობამ ალბათ არ მისცა ხმა სალომე ზურაბიშვილს და, ივანიშვილის ანგარიშით, სწორედ ეს ხალხი გადაწყვეტს არჩევნების ბედს მის სასარგებლოდ. თუმცა გადაწყვეტს თუ არა ბედს, ეს არ ვიცი. არ გამოვრიცხავ, რომ უშველოს", - ამბობს ნოდია.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტ არჩილ გამზარდიას შეფასებით, როდესაც ამგვარი ინიციატივა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდება ცნობილი, ეს არც ქველმოქმედებას და არც მთავრობის ხანგრძლივად ნაფიქრ გეგმას არ ჰგავს.
"თეორიულად, დავუშვათ, რომ ეს ინიციატივა ხელისუფლების ძალიან დიდი ხნის ნაფიქრი და ნამუშევარია. მაშინ ჩნდება შეკითხვა, როდესაც ეს პროცესი 15 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს, რატომ ითქვა ამაზე 19 ნოემბერს და არა 29 ნოემბერს, არჩევნების შემდეგ?
"ეს პროცესი ხომ ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევას არ საჭიროებს და რაღაც საბუთებსა და ბიუროკრატიას არ უკავშირდება. ამიტომ როდესაც დაპირება ჩნდება არჩევნებამდე რამდენიმე დღის წინ, ეს აშკარად აჩენს ხელისუფლების განზრახვას, რომ მასობრივი კმაყოფილება, მასობრივი ლოიალობა გამოიწვიოს და ამ ძალისხმევის სანაცვლოდ არჩევნებში ხმები შეიძინოს.
"ამდენად, ცხადია, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა და 600 000 ადამიანზეა საუბარი", - ამბობს გამზარდია.
მისივე თქმით, ეს ინიციატივა ასევე უთანასწორო და დისკრიმინაციულია იმ მოქალაქეების იმართ, რომლებიც შეიძლება ძალიან ბევრ რამეს იკლებდნენ, მაგრამ ბანკის ვალებს პატიოსნად იხდიდნენ. "ოცნებამ" ისინი სულელების როლში გამოიყვანა და გააჩინა განცდა, რომ შესაძლოა, აიღო ვალი და არ გადაიხადო.
"როგორც პოლიტიკის საგანი სახელმწიფოსგან, ეს არის ყოვლად უზნეო, იმიტომ, რომ ქვეტექსტი ასეთია, სახელმწიფო წაახალისებს არა კეთილსინდისიერ და პატიოსან გადამხდელს, არამედ "შავ სიაში" შესულ პირებს.
"სასიამოვნოა, რომ გარკვეული ადამიანები შვებას იგრძნობენ, მაგრამ ალტრუისტი ბანკებისა მე არ მჯერა. ამ ნაბიჯმა ბევრად ცუდი განწყობა შემიქმნა ხელისუფლების მიმართ, ვიდრე მეტი ლოიალობა მთავრობის ამ გადაწყვეტილებაზე", - აღნიშნა გამზარდიამ.
მოუტანს თუ არა "ოცნებას" გასამარჯვებლად საჭირო ხმებს 600 000 ამომრჩევლისათვის ვალის გადახდა და რამდენად დამაჯერებელია "ოცნების" დაპირებები, რადგანაც ჩვენ გვახსოვს 2012 წლის პოპულისტური დაპირებებიც - განახევრებული გადასახადები და უფასო ფული. მაშინ ამომრჩეველმა ეს დაპირებები დაიჯერა, რა იქნება ახლა?
არჩილ გამზარდიას იმედი აქვს, რომ ამომრჩეველი ამგვარ მავნებლურ პოპულიზმს "არ შეჭამს".
"თუ "ოცნების" ეს პოპულიზმი და მომსყიდველობა გაამართლებს, ეს ათასგზის ცუდი იქნება სხვა მხრივაც, სხვა პოლიტიკურ პარტიებს უბიძგებს, კვლავ ცრუ დაპირებები და ხალხის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა გამოიყენონ.
"ამიტომ პოლიტიკური ლანდშაფტისთვისაც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, რომ "ქართულ ოცნების" ეს მავნე ზრახვა, მავნებლური პოპულიზმი, რომლის მიზანი არა ზოგადი სიკეთე, არამედ საკუთარი მოგებაა, თუ არ იქნება ხალხის მხრიდან მხარდაჭერილი", - დასძინა გამზარდიამ.
ცნობისათვის, ხელისუფლებამ დააანონსა, რომ უპრეცედენტო ინიციატივა განხორციელდება და ბანკების "შავ სიაში" შესულ ადამიანებს, რომელთა ძირი თანხა არ აღემატება 2 000 ლარს, ვალი გაუნულდებათ.
როგორც მამუკა ბახტაძემ განმარტა, ამგვარი ვალი ჯამში შეადგენს დაახლოებით 1,5 მილიარდ ლარს და მთელ ამ ვალს ფონდი "ქართუ" დაფარავს. ვალების განულება კი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.