ხელისუფლება აცხადებს, რომ ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილი მოქალაქეებისთვის საბანკო დავალიანების ჩამოწერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და საუკუნო მოვლენაა, რომელიც ეკონომიკურ მდგომარეობას გააჯანსაღებს.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ხოლო „ნაციონალი“ რომან გოცირიძე ასკვნის, რომ მილიარდნახევარს ფონდი „ქართუ“ სულაც არ გადაიხდის, ეს სატყუარაა, რადგან ისეთ უიმედო სესხებზეა საუბარი, რომლებსაც ბანკები ისედაც ჩამოაწერდნენ მოქალაქეებს. მაგალითად, შარშან მოქალაქეებს 77 მილიონი ლარი ჩამოეწერათ.
მიკროსაფინანსოების ასოციაციის ხელმძღვანელი ბესიკ შენგელია ამბობს, რომ რაც არ უნდა დიადი მიზნებით ვხელმძღვანელობდეთ, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება არაკეთილსინდისიერ გადამხედელებზე გავრცელდეს შეღავათი; ჯერ ისიც საკამათოა, რამდენად სამართლიანია კეთილსინდისიერ გადამხდელებთან მიმართებით ეს ინიციატივა.
„ბანკებმა, საფინანსოებმა და ონლაინსესხების კომპანიებმა სესხები გაყიდეს „ქართუზე“, ეს კარგი კომერციული გადაწყვეტილებაა, რადგან საფინანსო სექტორიდან ფონდი „ქართუ“ ახდენს პორტფელის შეძენას“, - მიიჩნევს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.
რით აიხსნება ეს გადაწყვეტილება?!
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებსი პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ შევხედავთ იმას, რომ მეორე ტური კარს არის მომდგარი, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ საბანკო დავალიანების ჩამოწერა ამომრჩევლის მოსყიდვისთვისაა გათვლილი. მეორე მხრივ კი, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრემიერ-მინისტრს ჭარბვალიანობის საწინააღმდეგოდ საქმიანობა დიდი ხანია დაწყებული აქვს. პლუს ამას, შეღავათი ამოქმედდება არა დღეიდან, არამედ 15 დეკემბრიდან და ესეც ბევრ რამეზე მიუთითებს.
„რა ეფექტი შეიძლება მოჰყვეს დავალიანების ჩამოწერას?! თითოეულ ადამიანზე 2000 ლარამდე ძირი დავალიანების თანხა სხვადასხვანაირად აისახება. არის ხალხი, ვისთვისაც ეს დიდი შეღავათია, არის ხალხი, რომლებიც ე.წ. განულების შემდეგ შეიძლება ისევ მივიდნენ იმავე ორგანიზაციაში და იმავე წესით გააგრძელონ ცხოვრება. რეალურად ეს არის დადებითი ჟესტი ხელისუფლების მხრიდან. რაც არ უნდა იფიქრონ არასამთავრობოებმა და ოპოზიციონრებმა, მთავარია, საქმე გაკეთდეს. განა შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ თუნდაც ჯანდაცვის პროგრამები ამომრჩევლის მოსყიდვაა? განა ყოველგვარი სუბსიდირებაც ამომრჩევლის მოსყიდვაა? იგივე შეგრძნება შეიძლება გაჩენილიყო ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან მიმართებითაც. მაშინ რატომ არ იყო ამომრჩევლის მოსყიდვა ვაუჩერების, ან 20 ლიტრი საწვავის დარიგება?“-აინტერესებს პაატა აროშიძეს.
რაც შეეხება პატიოსანი გადამხედელების უკმაყოფილებას, ექსპერტის აზრით, ყველაფერი შეფარდებითია. თავის დროზე, როდესაც 2005 და 2008 წლებში ვადაგადაცილებული გადასახადების განულება მოხდა, უსამართლობის განცდა გაუჩნდათ პატიოსან გადამხედელებს. საერთოდ, თუ მთავრობის ინიციატივა ყველა მოქალაქეზე თანაბრად არ ვრცელდება, უსამართლობის გრძნობა ყოველთვის ჩნდება, მაგრამ, პაატა აროშიძის აზრით, პრემიერ ბახტაძის ამ ნაბიჯს აუცილებლად უნდა მოჰყვეს ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა საბანკო სფეროში საპროცენტო განაკვეთის შემცირება, დოლართან მიმართებით ლარის კურსის ასატან დონეზე განსაზღვრა და მაშინ უსამართლობის გრძნობა კლიენტს აღარ დარჩება.
„ურთულესი პრობლემაა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 95% ბანკებზეა დამოკიდებული და ბანკთან გარკვეული ურთიერთობა აქვს. აქ გამოსავლის მოძებნა საკმაოდ რთულია. თუმცა ჩვენ ამით ვერ ვიტყვით, რომ პრობლემა მოიხსნა, უბრალოდ, პრობლემა ერთი გრამით შემსუბუქდა, დანარჩენი პრობლემები ჯერ კიდევ გადასაჭრელია. ისიც წარმოუდგენელია, რომ 600 ათასი ადამიანი ადგება და სახელისუფლებო პარტიის ხმოსანი გახდება. ცხადია, ასე არ იქნება. სხვა მოქალაქემ ამ საკითხს იმ თვალით უნდა შეხედოს, რომ კარგია, რომ პირადად იგი არ არის „დაავადებული“ ბანკით. ადამიანი ხომ არ იტყვის იმას, ნეტავ მეც ვიყო ცე ჰეპატიტით დაავადებული, რომ ჩავჯდე იმ პროგრამაში, რასაც ელიმინაციის პროგრამა გულისხმობსო?!“
ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჭარბვალიანობა იმიტომ გვაწუხებს, რომ მოსახლეობაში არსებული ვალის რაოდენობა გაცილებით მეტია და გაცილებით მძიმედ აწევს ხალხს, რადგან ზოგს 100-ათასიანი ვალი აქვს აღებული, ზოგს 200-ათასიანი. ამიტომ პრემიერის მიერ განხორციელებული საკრედიტო ამნისტია ჭარბვალიანობას მაინც ვერ უშველის, თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანს შეეხება ეს აქცია.
„ცალკეული ადამიანებისთვის საბანკო დავალიანების ჩამოწერა აიხსნება იმით, რომ წინასაარჩევნოდ ორივე მხარემ, როგორც „ნაციონალებმა“, ისე „ქართულმა ოცნებამ“, დაიწყო პოპულისტური დაპირებების გაცემა. შესაბამისად, ახლა ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო აჯობებს ამ დაპირებებში. გამორიცხვის მეთოდი რომ ავიღოთ, მეორე ტური რომ არ ყოფილიყო, არც იქნებოდა ეს დაპირება. ამდენად, ამა თუ იმ პარტიას სწორედ ასეთი წინარსაარჩევნო დაპირებით უნდა, რაც შეიძლება მეტი ხმის მიღება. თუ მართლა მოხდა სასწაული და ამ ხალხს გაუნულეს დავალიანება, ეს ხალხი ისევ თავიდან აიღებს ვალებს“, - აცხადებს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
მისივე განმარტებით, გაჭირვებული ხალხისთვის ეს 2 ათასი ლარი საკმაოდ დიდი თანხაა, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა პატიოსან გადამხდელებთან მიმართებით. ეს არანაირად არ უშველის ეკონომიკას ჭარბვალიანობის დასაძლევად და არჩევნებთანაც რომ არ იყოს დაკავშირებული და უბრალოდ ვიღაცას თავში მოუვიდა დავალიანებების განულება, პრობლემას მაინც ვერ მოაგვარებს.