„შეიძლება სააკაშვილი და კეზერაშვილი წარდგენენ ჰააგაში, თორემ ოფიცრებს და რიგით ჯარისკაცებს ეს არ შეეხებათ“

„შეიძლება სააკაშვილი და კეზერაშვილი წარდგენენ ჰააგაში, თორემ ოფიცრებს და რიგით ჯარისკაცებს ეს არ შეეხებათ“

კახა კალაძის განმარტებით, ქართველი სამხედროების ჰააგაში გასამართლებისთვის არავითარი თეორიული საფრთხეც არ არსებობს. უბრალოდ, „ნაცმოძრაობა“ ცდილობს ასეთი ბინძური ტყუილებით ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთიანობასა და სიმტკიცეში ბზარის გაჩენას.

„აგვისტოს ომში მონაწილე მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიტოვებულ ჩვენს გმირ ოფიცრებს, სერჟანტებსა და რიგითებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება და პატივი მადლიერი ქართველი ხალხისგან. სასამართლო ემუქრება ოკუპანტებს და ბანდფორმირებებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა ჩაატარეს ქართულ მიწაზე. უბრალოდ, ეს სიცრუე მოიგონეს მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ისტორიისა და მისი მომავლის წინაშე. მათ ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების ახალი სიმაღლეები დაიპყრეს“, - აცხადებს კახა კალაძე.

სინამდვილეში, რა მოხდება ჰააგაში და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება?

სამხედრო სფეროს ექსპერტი, ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჰააგაში გასამართლება არ შეეხებათ უბრალო სამხედროებს. აქ საუბარია მაღალი თანამდებობის პირებზე და მაღალი რანგის ოფიცრებზე, რომლებმაც გასცეს ბრძანება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის. შეიძლება ამისთვის მიხეილ სააკაშვილი, კეზერაშვილი წარდგენენ ჰააგაში, რომლებმაც გასცეს ბრძანება ასეთი ქმედების განხორციელებისთვის. თორემ ოფიცრებს, რომლებიც შეადგენდნენ საშუალო დაბალ რანგს და რიგით ჯარისკაცებს, ეს არ შეეხებათ.

ვახტანგ მაისაიას განმარტებით, მსგავსი პრეცედენტი არც ყოფილა იუგოსლავიაში შექმნილ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალთან თანამშრომლობის ეროვნულ საბჭოზეც კი. ჰააგის ტრიბუნალმა გაასამართლა 30-ზე მეტი გენერალი, ანუ მაღალჩინოსანი, მათ შორის, არა მარტო სერბეთიდან, არამედ ხორვატიიდანაც. მათ გაასამართლეს ბოსნიელებიც და ამის გამო არც ბოსნიას და არც სერბეთს არ მოსცხებია ჩირქი.

„ზოგიერთები ლაპარაკობენ სეპარატისტული რეჟიმების აღიარებაზეც. სხვათა შორის, კოსოვოს აღიარება დაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე ჰააგის ტრიბუნალი შედგებოდა. ამიტომ კოსოვოს პრეცედენტის დაკავშირება ჰააგის ტრიბუნალთან არასწორია. ჰააგის ტრიბუნალზე კი არ დამდგარა კოსოვოს აღიარების საკითხი, არამედ კოსოვოს აღიარება იყო პოლიტიკური მომენტი და დასავლეთის სახელმწიფოებმა ჩათვალეს, რომ უნდა შეემცირებინათ გენოციდის ის მასშტაბი, რომელიც სერბეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამიტომ იმ მომენტშივე მიიღეს გადაწყვეტილება. კოსოვოს აღიარების პროცესი დაიწყო დაახლოებით რამდენიმე თვის მერე, რაც დასრულდა საბრძოლო ოპერაციები კოსოვოს ტერიტორიაზე. ხოლო ჰააგის ტრიბუნალი შედგა გაცილებით გვიან, ვიდრე კოსოვოს პრეცედენტი მოხდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარება ჰააგის ტრიბუნალთან კავშირში არ არის“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და კიდევ ერთხელ აკონკრეტებს, რომ ჰააგის ტრიბუნალი ასამართლებს მხოლოდ პიროვნებებს, ადამიანებს, სამოქალაქო და სამხედრო პირებსაც კი, რომლებმაც ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული და ამის მტკიცებულებები არსებობს.

ანალიტიკოსის განმარტებით, ცხადია, გასამართლება შეეხებათ სეპარატისტულ ძალებსაც და, პირველ რიგში, დადგება ოსი სეპარატისტების ბრალეულობა, რომლებმაც პირველად გახსნეს ჩვენს წინააღმდეგ ცეცხლი. სწორედ მათ ჩაიდინეს პირდაპირი დანაშაული საქართველოს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, როცა წვავდნენ და მიმართავდნენ გენოციდს შიდა ქართლისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ჰააგა ჯერ სეპარატისტების გასამართლებას დაიწყებს.

სამხედრო ექსპერტს აკია ბარბაქაძეს მიაჩნია, რომ ჰააგაში სამხედრო დანაშაულებებს იკვლევენ, ამიტომ ეეჭვება, რომელიმე ქართველი სამხედროს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. For.ge-სთან საუბარში აკია ბარბაქაძე აცხადებს, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჰააგასთან ვითანამშრომლოთ. უფრო მეტიც, ყველა საერთაშორისო ტრიბუნალთან უნდა ვითანამშრომლოთ, რადგან ჩვენ ვართ მართალი მხარე ამ ომში.

„დიახ, რუსეთი ოკუპანტია და ეს ომი დიდი ხანია დაწყებულია, ეს ომი არც ახლა დამთავრდება. რუსეთი მეზობელი დიდი სახელმწიფოა, რომელიც არც მალავს თავის ინტერესებს და ყოველთვის ეცდება, ხელის გადაგრეხვით აწარმოოს პოლიტიკა. მისი პოლიტიკური ხერხებია ჩექმა, იარაღი, შანტაჟი. თუ გავიხსენებთ 20-იანი წლებს, ვნახავთ, რომ საქართველო კი არა, ესპანეთი და სხვა ტრადიციული ქვეყნებიც რუსებს წითელი ტერორის ქვეშ ჰყავდათ და ერეოდნენ იმ სახელმწიფოების საქმიანობაში. ახლა, უბრალოდ, ტექნოლოგიები შეიცვალა, წინ წაიწია სოციალურმა ქსელმა, თორემ პროპაგანდის ძირითადი ელემენტები ისევ იგივე დარჩა. რუსებს ეს ინსტიტუტები აწყობილი აქვთ და მათ იყენებენ. მე არ მინდა და თავს ვიკავებ, ვიღაცას ვიღაცის აგენტი დავარქვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ვის აწყობს არეულობა ჩვენს ქვეყანაში და ვინ ეცდება მღვრიე წყალში თევზის დაჭერას. ეს ხომ ისედაც ნათელია. სამწუხაროა, რომ საქართველოში გამოვიდა ხალხი, რომელიც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში არ ჩანდა. 15 წლის განმავლობაში მეტი უსამართლობა ამ ქვეყანაში არ ხდებოდა, ხმა რომ არ ამოუღიათ? დღეს კი ყველაფერს ტანზე იხევენ, თუკი კონკრეტული პრეზიდენტობის კანდიდატი ხელისუფლებაში მოვა, ჰააგა გველისო. სინამდვილეში, არავინ არავის არ დაიჭერს, ამათ ისეთი დანაშაული არ მიუძღვით ჰააგაში, რომ მაგის ეშინოდეს ვინმეს და საკუთარი ტყავის გადასარჩენად იბრძოდეს. მე უფრო მგონია, ზოგიერთებს უკან მოტრიალების სურვილი აქვთ, რადგან მათ არწმუნებენ, რომ თანამდებობებს კვლავაც მისცემენ და უკან მოაბრუნებენ შეიარაღებულ ძალებში. უფრო ეს უნდა ამოძრავებდეთ ყოფილ სამხედროებს, ვიდრე ჰააგის სასამართლოს შიში“, - აღნიშნა აკია ბარბაქაძემ.