აგვისტოს ომიდან გამომდინარე უამრავი შეკითხვა დაგროვდა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით - უთანასწორო ბრძოლაში ქართველი სამხედროების ჩახოცვიდან დაწყებული, მათი გვამების მიტოვებით დამთავრებული... ამის მიუხედავად, სამხედროების ერთი ნაწილი ერთიანდება და სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართვას ავრცელებს ეროვნული გმირის- ზაზა დამენიას საფლავთან.
თადარიგის სამხედრო მოსამსახურეების თქმით, ისინი უერთდებიან დევი ჭანკოტაძის მიმართვას და აცხადებენ, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად არ აირჩევენ „მოღალატე სალომე ზურაბიშვილს“.
სამხედროების გააქტიურებას წინ უძღოდა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის დევი ჭანკოტაძის განცხადება, რომლითაც მან რამდენიმე დღის წინ მიმართა ჯარსა და ამომრჩეველს, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ადამიანი, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში დაადანაშაულებს.
დევი ჭანკოტაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა კახა კალაძე და სამარცხვინო უწოდა. მაიორმა ლევან ამირიძემ კი დევი ჭანკოტაძეს მიმართა: „იმდენი ღირსება მაინც შეინარჩუნეთ, როდესაც ჯარისკაცის საფლავთან დგახართ, პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოთ, უბრალოდ, დადუმდეთ“.
ლევან ამირიძის მსგავსად, შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობას ვეტერანი გენერლებიც ემიჯნებიან.
სამაგიეროდ, დევი ჭანკოტაძეს ესარჩლება ნიკა რურუა და აცხადებს, რომ დევი ჭანკოტაძე არის სამვარსკვლავიანი გენერალი, რომლის ხელში ჩაგდებაც და გასამართლებაც სურდა გენერალ ბორისოვს. ამასთან, რუსეთი არა მარტო ჭანკოტაძის თავს ითხოვდა, არამედ გენერალ მამუკა ყურაშვილის გადაცემასაც მოითხოვდა.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მამუკა ყურაშვილსა და დევი ჭანკოტაძეს ერთ დონეზე ნუ დავაყენებთ, რადგან მამუკა ყურაშვილი არ ყოფილა პოლიტიზირებული სამხედრო პიროვნება. ის წინააღმდეგიც იყო იმ ქმედების, რაც ავანტიურისტულად განხორციელდა ცხინვალის მიმართულებით, მაგრამ იგი თავის მოვალეობას ღირსეულად ასრულებდა.
„მოგვიანებით მამუკა ყურაშვილი საერთოდ განზე გადგა და, რამდენადაც ვიცი, ოპოზიციაში ჩაუდგა სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმსაც. დევი ჭანკოტაძე კი ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი და მარიონეტი იყო, სწორედ მის კისერზეა შეიარებულ ძალებში პოლიტიკური იდეოლოგიისა და პოლიტიკური კომისრების შემოღება. ფაქტობრივად, ის იყო პოლიტიკური კომისარი. როგორ შეიძლება, დევი ჭანკოტაძე დავაყენოთ მამუკა ყურაშვილთან და სხვა ღირსეულ გენერლებთან ერთად?
ჩვენ ვიხილეთ ცხინვალის ღამისეული დაბომბვა. სწორედ მაშინ დევი ჭანკოტაძე იყო საარტილერიო ძალების სარდალი. როგორ შეიძლება ამ ისტორიის დავიწყება. ამოიღონ კადრები, როცა პირდაპირ ეთერში „რუსთავი 2“-მა გაუშვა ეს კადრები და დიდი ოვაცია იყო მაშინ, მალე ცხინვალი ჩვენი იქნებაო. ამის მიუხედავად, ღამისეული მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა არ არის მაინცდამაინც ვაჟკაცური საქმიანობა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და არც მალავს, რომ დევი ჭანკოტაძე და მისი მსგავსი პირები სამხედროებად არც მიაჩნია.
მისივე შეფასებით, ისინი არიან პოლიტიკური დამნაშავეები, სამხედრო ხუნტის წევრები, ლათინურ ამერიკაში კი ხუნტად ითვლება იმ სამხედროების ნაწილი, რომლებმაც პოლიტიკაში შედგეს ფეხი.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სამვარსკვლავიანი გენერლები მას უნახავს, ხოლო დევი ჭანკოტაძე სააკაშვილის ჩვეულებრივი ჩინოვნიკი იყო. ამდენად, ნიკა რურუამ რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს დევი ჭანკოტაძის დასაცავად, არაფერს ნიშნავს.
„ნიკა რურუამ ისიც თქვა, თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება, მე ტყვიას ვისვრიო. მისი გამონათქვამები შორს წაგვიყვანს. თუნდაც სამვარსკვლავიანი გენერალი იყოს დევი ჭანკოტაძე, ეს მას პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს? ჯერ ერთი, ის თადარიგის ოფიცერია. მოქმედი ოფიცერი რომ იყოს, დასასჯელი იქნებოდა ამ განცხადებისთვის. თადარიგის ოფიცერს კი უფლება არ აქვს, ფორმა ჩაიცვას და მთელი შეიარაღებული ძალების სახელით ილაპარაკოს. შეიარაღებული ძალების სახელით ლაპარაკობს მხოლოდ გენერალური შტაბის უფროსი და თავდაცვის მინისტრი, სხვა არავინ.
დევი ჭანკოტაძე, რასაკვირველია, დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“ და, ვინც მას უერთდება, ძალიან ცუდ პროცესს უწყობს ხელს. იქ ძირითადად არიან თადარიგის სამხედროები, მოქმედი სამხედროები ამას არც გააკეთებენ და ვერც გააკეთებენ, რადგან პასუხს მოსთხოვენ. ეს არის მცდელობა, განხეთქილება შეიტანონ შეიარაღებულ ძალებში, ფორმიან ადამიანებში, რაც ძალიან მძიმეა და ასეთი მძაფრი პოლიტიკური კამპანიის ფონზე ეს ქვეყანას პირდაპირ აზიანებს“,-აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.