ახლა, როცა უკვე გაირკვა, ვინ არიან მთავარი ოპოზიციური ძალები პოლიტიკაში და ყველა დარწმუნდა, რომ პოლიტიკა კვლავაც ორპოლუსიანი რჩება, როგორც კვლევები აჩვენებს, კვლავაც დიდია შანსი, რომ სხვა პარტიებიც ჩამოყალიბდნენ.
ეს შანსი თითქოს ყველაზე მეტად „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა, თუმცა, არჩევნების შემდეგ როგორი იქნება მათი პოლიტიკური ბედი, რთული სათქმელია. გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის მხარდაჭერის შემდეგ გამოჩნდა, რომ პარტიას რეგიონალური სტრუქტურები თითქმის ჩამოეშალა. ყოველ შემთხვევაში შთაბეჭდილება ასეთია.
გასული კვირის ნიუსები ასეთი იყო:
პარლამენტის წევრმა მამუკა ჩიქოვანმა პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვა. მისი განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშავებს.
„ახლა უკვე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში, ყოველგვარი პარტიული შიდა წესების, დისციპლინის, დარღვევა-არდარღვევის გათვალისწინების გარეშე, ბევრად უფრო ადეკვატურად ვიმოქმედებ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად“, – ამბობს ჩიქოვანი.
„ევროპული საქართველო“ გორის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ზვიად საბანაძემ დატოვა:
„ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა და ვტოვებთ „ევროპულ საქართველოს“. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზვიად საბანაძემ.
„ევროპული საქართველო“ ვარკეთილის ორგანიზაციის ნაწილმა დატოვა, ხოლო ამის მიზეზად მეორე ტურში პარტიის მიერ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა დასახელდა.
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაცია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა.
პარტიაში თითს სუსისკენ იშვერენ, იმათ ჩამოგვაქციესო. ცოტა სასაცილო არგუმენტია, მაგრამ მაინც.
ასე რომ, როგორ ფორმაში იქნება პარტია არჩევნების შემდეგ, ეს რთული სათქმელია.
რაც შეეხება „გირჩებს“, მათი რეიტინგი მზარდი იყო, თუმცა, ანტისაოკუპაციო აქციაზე შარვლების ჩახდის აქციამ, ვფიქრობ, მათი იმიჯი მნიშვნელოვნად დააზარალა.
პოლიტიკურ ფორმაში მეორე ტურს მიღმა დარჩენილი არც სხვა პარტიები არიან. მათ შორის უმეტესობამ, საერთოდ არც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
თუმცა, უკლებლივ ყველამ დააფიქსირა საკუთარი ამბიცია მომავალში და თქვა, რომ ისინი მესამე პოლიტიკურ ცენტრს ქმნიან.
პირველი ნინო ბურჯანაძე იყო. მეორე ტურიდან რამდენიმე დღეშივე მან განაცხადა, რომ მესამე პოლიტიკურ ცენტრს ქმნის.
„მე და ჩემი თანამოაზრეები შევქმნით მესამე პოლიტიკურ ცენტრს, რომელსაც მხარს დაუჭერენ ის ადამიანები, ვისაც არც მიშა უნდათ და არც ბიძინა“.
სავარაუდოდ, ნინო ბურჯანაძე ფოკუსს იმ ელექტორატზე გააკეთებს, ვინც არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღო და სახლში დარჩა. ეს კი ამომრჩევლების ლამის 50% მეტია.
ბურჯანაძის შემდეგ იგივე ინიციატივით გამოვიდა ექსპერტი გია ხუხაშვილი. მესამის შექმნის შესაძლებლობა მანაც დაინახა. ჯერჯერობით ცნობილია, რომ მან ცენტრში მონაწილეობა ალეკო ელისაშვილს შესთავაზა.
თუმცა, მოგვიანებით, თაკო ჩარკვიანმა, რომელიც მხარს ნაციონალების კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს, სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მან მესამე ცენტრი უკვე შექმნა. თუმცა, კონკრეტული პირები, ვინც ამ ცენტრშია, არ დაასახელა:
„მე დავაანონსე კიდეც ცოტა ხნის წინ. უბრალოდ, არჩევნებამდე საჭიროდ არ ჩავთვალე, რადგან არ მინდოდა, გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში ხელი შეშლოდა. ახლა ჩვენ, ყველა, „გაერთიანებულ ოპოზიციას“ ვაძლევთ ხმას, ხოლო არჩევნების შემდეგ ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და მას ჰქვია კოალიცია „კანონი და სამართალი“, გამოჩნდება“. – ეს ჩარკვიანის სიტყვებია.
საინტერესოა, რომ კიდევ უფრო გვიან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მესამე პოლიტიკური ძალა „ევროპული საქართველოა“:
„დღეს ჩვენ გვყავს ორი დიდი პარტია, ორივეს აქვს ძალიან დიდი პრობლემა. როდესაც მესამე ძალაზე ასე ყბადაღებულად საუბრობენ, ამ წუთას ეს არის „ევროპული საქართველო“. ჩვენ ვართ ღია პლატფორმა, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა უთხრა, აჰა შენ ლაგამი და ამოსდე ან ერთს, ან მეორეს, იმისთვის, რომ ხვალ დილას არ გავიღვიძოთ და ან მარჯვნივ ან მარცხნივ გადაჩეხილი არ დაგვხვდეს ქვეყანაო“.
ასე რომ, ახალი ბრძოლა აუთვისებელი „პოლიტიკური მიწებისთვის“ დაიწყო. მესამე ცენტრი ჯერ ისევ რჩება ქართულ პოლიტიკაში აუხდენელი ოცნება. ვნახოთ, რა შეიცვლება ამჯერად.
მანამდე კი პარტიები თანხმდებიან საარჩევნო კოდექსზე მუშაობის აუცილებლობაზე და აცხადებენ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის სერიოზული წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ ხელისუფლებას, რათა საარჩევნო გარემო კიდევ უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი გახდეს.