უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტების დაბეგვრის ერთიან რეჟიმში მოქცევასთან დაკავშირებით ბოლო თვეებია, ცალკეულ მედია-საშუალებებში მიზანმიმართული პიარკამპანია შეინიშნება. როდესაც მედიაში მსგავსი აქცია იგეგმება, ეს მხოლოდ ერთზე მიანიშნებს - გარკვეულ ლობისტურ ჯგუფს საზოგადოებრივი აზრის შექმნა და ამით ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა სურს.
იმისათვის, რომ მეტ-ნაკლებად გასაგები გახდეს, ვის რა ინტერესები ამოძრავებს, შევეცდებით თამბაქოს ბაზარზე შექმნილი სურათი აღვწეროთ - ქართულ ბაზარზე, ომპორტიორების სახით ოთხი ძირითადი მოთამაშეა წარმოდგენილი: Philip Morris International; British American Tobacco; Japan Tobacco International და Imperial-Tobacco. ამის გარდა არსებობს თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებელი „თბილისის თამბაქოს“ სახით, რომელიც ბაზრის მხოლოდ 10-15%-იან სეგმენტს იკავებს.
თამბაქოს გიგანტი კომპანიები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს აღმოჩნდნენ სასათბურე პირობებში, როდესაც ლობისტები მმართველ პოლიტიკურ ძალაში შეიძინეს და ადგილობრივ და იმპორტულ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გათანაბრებას მიაღწიეს.
მაშინ ყოფილმა ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის ინტერესების იგნორირებით, იმპორტიორების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ქართული საზოგადოება კი შეცდომაში შეიყვანა, თითქოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებს ასრულებდა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ინერციით გაგრძელდა ეს პროცესი, რადგან მთავრობა, რომელიც ბიზნესის ხელშეწყობის ინიციატივით მოვიდა, მსხვილი იმპორტიორების შევიწროებას არ დაუშვებდა.
როგორც ჩანს, ამით ისარგებლეს ტრანსნაციონალურმა კომპანიებმაც და ბაზრის 100%-ით ათვისება გადაწყვიტეს და დემპინგის მეშვეობით ქართული წარმოების გაძევებას შეეცადნენ. მოგვიანებით, აქციზის გაზრდილმა გადასახადმა და შესაძლოა, ქართული კომპანიის მიერ ატეხილმა ხმაურმაც, მდგომარეობა რამდენადმე მოაწესრიგა.
აქციზის გადასახადის გაძვირებამ თამბაქოს ბაზარზეც მოახდინა გადათამაშება და დაბალი მსყიდველობითი უნარის მქონე მოსახლეობამ იაფფასიან სეგმენტში გადაინაცვლა. იმპორტიორებს დღეს უკვე ამ სეგმენტის დასაკუთრებაც სურთ და საინფორმაციო კამპანია, რომელიც წამოიწყეს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
ზოგადად, ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის დამახასიათებელია ბაზრის აგრესიული მეთოდებით ათვისება მთელი მსოფლიოსთვის კარგად არის ცნობილი. იმისათვის, რომ რუსულ ბაზარზე შესულიყვნენ, კრემლის „მეგაპოლისის“ აქციონერები გახდნენ და ახლა თითქმის მთლიანად აკონტროლებენ ამ უდიდესი ქვეყნის ბაზარს. იგივე მეთოდით დაიპყრეს ყაზახეთის ბაზარი. ანუ დღეს ყველა ტრანსნაციონალური კომპანია რუსული „მეგაპოლისის“ აქციონერია და უდიდესი ფინანსური ნაკადებით კრემლის რეჟიმს ამყარებს.
სხვა ქვეყნებშიც უამრავ სკანდალებში არიან გახვეული, მაგალითად, ავსტრალიაში, აფრიკაში - საუბარია ქრთამის მიცემაზე, პოლიტიკოსების მოსყიდვაზე. უფრო მეტიც, ტრანსნაციონალური კომპანიები ყაზახეთში მიგრანტი ბავშვების მონური შრომის გამოყენებაში ამხილეს.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რატომღაც, საქართველოში მსგავსი ფაქტების გახმაურება დიდ სკანდალში არასდროს გადაზრდილა და ასეთ შემთხვევებში საზოგადოება მხოლოდ კულუარული ინფორმაციით იკვებება ხოლმე.
საქართველოში ამ კომპანიებს სხვა სტრატეგია აქვთ არჩეული - ერთი მხრივ, მთავრობას და მოსახლეობას თავს კეთილისმყოფელ ინვესტორებად აჩვენებენ, ხოლო, მეორე მხრივ, ცდილობენ, ჩინოვნიკების მოსყიდვით საკუთარი პოლიტიკა უხმაუროდ გაატარონ.
მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ლობირებდა ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომელსაც ქართული წარმოების ბედი დიდად არ ანაღვლებდა.
თამბაქოს პროდუქციის ქართულ წარმოებაზე ბაზრის საკმაოდ მცირე ნაწილი მოდის, 85%-ზე მეტს მულტინაციონალური კომპანიები ინაწილებენ. ლოგიკურად, იმპორტიორებს დიდ კონკურენციას არ უნდა უწევდეს მათთან შედარებით საკმაოდ მცირე სეგმენტის მფლობელი ადგილობრივი წარმოება, მაგრამ როგორც ჩანს, მთავარი ბიზნეს სტრატეგიაა - სრულად აითვისონ ყველა ის ბაზარი, სადაც არიან წარმოდგენილნი. სწორედ ამ სტრატეგიის ტექნიკურ მხარეს აგვარებენ მათი ადგილობრივი წარმოდგენლები. საქმე ისაა, რომ ადგილობრივი მენერჯერები ბაზრის სეგნმენტის ზრდის პროპორციულად იღებენ საკმაოდ დიდ პრემიებსა და ბონუსებს, ხოლო ბაზრის შემცირებასთან ერთად პრემიები აკლდებათ - ამიტომაც ცდილობენ ყველას მოსყიდვას. მარტივი ენით რომ ვთქვათ, საქართველოში ტრანსნაციონალური კომპანიების წარმომადგენლობას საკუთარი ინტერესები ამოძრავებს და მითია მათი შეშფოთება, თითქოს უფილტრო სიგარეტის დაბალგანაკვეთური დაბეგვრით საქრთველოს ბიუჯტი დიდ თანხებს კარგავს.
საინტერესოა, რომ ამ კომპანიებმა საქართველოს ყველა ხელისუფლების დროს მოახერხეს საკმაოდ საინტერესო სქემების აწყობა, მაგალითად, „ბრითიშ-ამერიქან თობაქოს“ პროდუქციას ბაზარზე ოპერირებას უწევს კიდევ ერთი კომპანია - „თ ენდ რ დისტრიბუშენი“ - თავიდან მის 70%-ს ბიზნესმენი თემურ ჭყონიას ფლობდა, ხოლო აქციების 30%-იან პაკეტს ექს-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მეგობარი, რაფიელ სურამელაშვილი. მოულოდნელად, ჭყონიამ წილი დათმო და კომპანიის მფლობელი ახლა მხოლოდ სურამელაშვილია.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ისტორიაა, თუმცა როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, სურამელაშვილი ტრანსნაციონალური კომპანიების შუამავალი გახდა კვირიკაშვილის მთავრობასთან. ალბათ, იმისი მტკიცებულების მოპოვება ადვილი არ იქნება, ეს ლობიზმი კორუფციაში გადაიზარდა თუ არა და მართლაც მიჰქონდა თუ არა სურამელაშვილს ჩემოდნებით ტრანსნაციონალური კომპანიების „მადლიერება“ ქუმსიშვილთან, მაგრამ სათანადო დაინტერესების შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია და ყველაფრის გარკვევა შეიძლება.
ამ და სხვა მსგავსი ინფორმაციების გაჟონვის შემდეგ იმის ნაცვლად, რომ ხმაური ატეხილიყო და მომავალი მთავრობების კორუფციისკენ მიდრეკილების ერთგვარი პრევენციაც მომხდარიყო, ვნახეთ, როგორ ჩუმად გააცილეს კვირიკაშვილის მთავრობა და დღემდე უცნობია, რა გახდა მასთან დამშვიდობების რეალური მიზეზი, თუმცა ეს სხვა თემაა.
რაც შეეხება მსხვილ იმპორტიორებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე მთავრობასთან საკუთარი ინტერესების კულისებში გატარების პერსპექტივას ნაკლებად ხედავენ და სწორედ ამიტომ, სხვა მეთოდებით იბრძვიან ადგილობრივი წარმოების წინააღმდეგ.
სქემა, რასაც თვალს ვადევნებთ ბოლო პერიოდში, ასე გამოიყურება - მაგალითად, ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ თურმე საგადასახადო კოდექსში ხარვეზი არსებობს; შემდეგ როგორც მოსალოდნელი იყო, ჟურნალისტები ფინანსთა მინისტრს ეკითხებიან სწორდება თუ არა ეს ხარვეზი და ისიც პასუხობს, რომ საკითხს ექსპერტები სწავლობენ. ამის შემდეგ იმპორტიორები უკვე ღიად ითხოვენ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადის გათანაბრებას და ისევ თავიანთ კომპანიებში დასაქმებული ექსპერტების მეშვეობით ცდილობენ, თითქოს ნეიტრალური პოზიცია მიაწოდონ საზოგადოებას, იმის თაობაზე, რომ უსამართლობაა თამბაქოს სხვადასხვა ნაწარმზე დაბეგვრის სხვადასხვა რეჟიმი ვრცელდებოდეს და ა.შ.
იმპორტიორების მხრიდან იმისი მცდელობაც შეინიშნება, რომ ცნება უფილტრო სიგარეტი საერთოდ გაქრეს ქართული სინამდვილიდან. ცხადია ეს პროცესი აქ არ დასრულდება და გაგრძელებაც ექნება, თუმცა მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას. რამდენად გაუწევს ანგარიშს ერთი მხრივ, სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ხალხს რომელსაც ძვირი პროდუქტის შეძენის უნარი არ შესწევს, მეორე მხრივ ადგილობრივ წარმოებას, სადაც ეს ხალხია დასაქმებული.
იმპორტიორს საქართველოს პატრიოტობას ნამდვილად ვერავინ მოსთხოვს და ვალდებულიც არ არის ადგილობრივი წარმოების ბედზე იფიქროს, მაგრამ არსებობს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უნდა იცავდეს, ისე, მაგალითად, როგორც უკრაინის ხელისუფლებამ წაუყენა მათ საკუთარი პირობები და დღეს სწორედ ამ კომპანიების მიერ უკრაინაში აშენებულ ქარხნებში წარმოებული თამბაქოთი მარაგდება საქართველო.
როგორი გავლენები აქვთ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული სკანდალის შემთხვევამაც დაგვანახა, - როდესაც თამბაქოს ნედლეულის ადგილობრივი წარმოების იდეა პროექტად კი იქცა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, „ფილიპ მორისის“ ჩარევის შედეგად ჩაიშალა - ითქვა რომ ერთ-ერთმა პოტენციურმა კომპანიონმა პროექტი გაყიდა. ასეა თუ ისე, ახლო მომავალში მსგავსი წარმოების შექმნის პერსპექტივა უკვე აღარ ჩანს, იმის მიუხედავად, რომ იდეით თავად ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა და ინვესტირებაც საკუთარ თავზე აიღო.
მოახერხებს თუ არა თამბაქოს ქართული წარმოება ამ შემთხვევაში თავის დაცვას, ძნელი სათქმელია, მით უმეტეს, რომ მედიით გამუდმებით მიმდინარეობს ამ თემის წამოწევა, რომლის ინიციატორი სწორედ დიმიტრი ქუმსიშვილია.
გეგმავენ თუ არა თამბაქოს დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებას, პარლამეტის საბიუჯეტო-საფინანსო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტები ინფორმაციას არ ფლობენ. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სამინისტრო ექსპერტებთან ერთად თამბაქოს ადგილობრივი წარმოების მიერ ფილტრიანი სიგარეტის უფილტროდ გასაღების საკითხს სწავლობს.
„ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს და კანონის ფარგლებში მოვიქცევით. თუ ექვემდებარება აქციზი გათანაბრებას - გავათანავბრებთ. ამაზე მუშაობს ჯგუფი, მათ შორის ექსპერტები, როგორც სამინისტროს შიგნით, ისე სხვა უწყებებთან ერთად და მოვიქცევით ისე როგორც კანონს შეესაბამება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამგვარი კანონპროექტი განსახილველად შეტანილი არ არის, მაგრამ მზადდება თუ არა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ინფორმაცია არ გააჩნიათ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრანსნაციონალური კომპანიები მსოფლიო მიზნებისაკენ სწრაფვის პროცესში ახერხებენ ეროვნული მთავრობების ძალაუფლების დაძლევას და პირდაპირ და ირიბად მონაწილეობენ მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში, საქართველოს ეროვნული ინტერესების გვერდის ავლაში დიდი ძალისხმევის დახარჯვა არც მოუწევთ. თუმცა ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას მკვეთრი პასუხი უნდა გააჩნდეს, აპირებს თუ არა ეროვნული წარმოების ხელშეწყობას და ეს ხელშწყობა რაში გამოიხატება.
სხვათა შორის, მამუკა ბახტაძე, როდესაც პრემიერობისთვის ემზადებოდა, საკუთარი პოზიციის პრეზენტაციისას აცხადებდა, რომ მზად არის ტრანსნაციონალურ კომპანიებს ყველანაირი შეღავათი გაუწიოს იმ შემთხვევაში, თუ ისინი შემოვლენ საქართველოში, გახსნიან წარმომადგენლობებს, ააშენებენ საწარმოებს და სამუშაო ადგილებს შექმნიან. კარგი იქნებოდა, ეს მიდგომა თამბაქოს მსხვილ იმპორტიორებზეც გავრცელებულიყო - მათ უამრავი საწარმო შექმნეს იმ ქვეყნებში სადაც ოპერირებენ - უკრაინაში, რუსეთში, თურქეთში, ბელორუსში და ა.შ. საქართველოში კი ამ პოლიტიკის ნაცვლად ბაზრის სრული მონოპოლიზაციის მცდელობას უკვე მერამდენედ ვადევნებთ თვალს.