[რეზონანსი. გიორგი ფუტკარაძე]
სოფელი ერგნეთი ცხინვალიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სოფლიდან კარგად მოჩანს ცხინვალის გარეუბნები. სოფლის ბოლოს ცენტრალურ ტრასაზე ქართული ბლოკპოსტია განთავსებული. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ბლოკპოსტს იქით ერგნეთის მცხოვრებლები აღარ გადასულან.
სოფელი თითქმის მთლიანად გადამწვარია, სახლების აღდგენა მოსახლეობას უსახსრობის გამო არც უცდია და შესვლისას ფიქრობთ, რომ მიტოვებულ სოფელში მოხვდით. სიჩუმეს თითქმის არავინ და არაფერი არღვევს. მოსახლეობა სახლებიდანაც იშვიათად დადის.
ქალბატონი ანო ჩლაიძე მეუღლესთან ერთად ერგნეთში, დოიჯაანთ უბანში ცხოვრობს. ამ უბანში ყველა სახლი გადამწვარია, ისევე როგორც თითქმის მთელი ერგნეთი. რესპონდენტი იხსენებს, რომ სახლში 3 წლის წინ, 12 სექტემბერს დაბრუნდა და მას შემდეგ მისი საცხოვრებელი პირობები თითქმის არ შეცვლილა.
მართალია, სოფელში სიმშვიდეა, თუმცა დაუცველობის განცდა და შიში მაინც არსებობს.
"ერთი ავტომატიანი რომ შემოვიდეს, ისე წაგვრეკავს, უკან ვერ მოვიხედავთ", - ამბობს მოხუცი ქალბატონი, თუმცა იქვე დასძენს, რომ სროლების ხმა უკვე დიდი ხანია აღარ ისმის. ერთადერთი, რამაც ბოლო პერიოდში სოფლის მყუდროება დაარღვია, თვითმფრინავი იყო, რომელიც სოფლის შორიახლოს დაფრინავდა.
"ვიღაცამ შეგვაწუხოს, ასე არ ხდება", - გვეუბნება ქალბატონი ანო, - "მაგრამ პრობლემებს რა დალევს. წყალი არ გვაქვს, ზოგმა წყლის საქაჩი მოტორი იყიდა და იმით რწყავს მინდორს, მაგრამ ესეც ვერ შველის".
უხვი მოსავალი ბოლო წლებია არ ყოფილა - ცოტა ხახვი, ცოტა ნიორი, ცოტაც კარტოფილი - საჭმელად რომ ყოფნით, იმდენი მოსდით ხოლმე. ზამთარში შეშას ურიგებენ, ელექტროენერგიაც აქვთ, თუმცა ფულადი დახმარება ძალზე მწირია. ვეკითხები, ხომ არავის აღუდგენია სახლი, პასუხზე კი რესპონდენტს მწარედ ეცინება.
"ვის უნდა აღედგინა, შვილო? პურის ფული ძლივს გვაქვს, კვირაში ერთ კილო შაქარსაც ვერ ვყიდულობთ", - ამბობს ქალბატონი ანო.
...ჩიხში, დამწვარ სახლთან რამდენიმე ბავშვი სილაში თამაშობს. ზაფხულში ერგნეთში ბავშვების სიმრავლე ნამდვილად შეიმჩნევა. იქვე მდებარე სახლის ეზოს კარს ვაღებ და მასპინძელს ვეკითხები, შეიძლება თუ არა რომ შვეიდე. ნანა ხაჩიძე მეზობლებთან ერთად დამწვარი სახლის აივნის ქვეშ ზის. მიმიპატიჟა.
საუბარს სოფელში არსებული ვითარებით ვიწყებთ. როგორც ქალბატონი ნანა ამბობს, დღისით თავს დამწვარი სახლის აივანს აფარებს. კოტეჯში გაძლება საშინელებაა, გარდა იმისა, რომ აუტანელი ტემპერატურაა, კედლები გასალესია და ქვიშა იატაკზე ჩამოდის.
"კედლებზე ფარდები ჩამოვაფარე, რომ ქვიშა საწოლში არ ჩავიდეს", - ამბობს რესპონდენტი და საკუთარ დამწვარ სახლს თვალცრემლიანი გაჰყურებს, - "სამ დღეში ერთხელ მოდის წყალი. ახლობელმა ძველი მაცივარი მაჩუქა და წყალს იმაში ვაციებ ხოლმე, თუმცა მეზობლებსაც არ აქვს მაცივარი და ყველას პროდუქტს ვერ ვინახავ".
ამბობს, რომ უკვე მესამე წელია მოსავალი ფაქტიურად არ აუღიათ, რადგან უწყლობა სერიოზული პრობლემაა. ადრე წყალს ცხინვალის მხრიდან იღებდნენ და მინდვრებსაც რწყავდნენ, თუმცა, ახლა ეს უკვე შეუძლებელია. ქართულ საგუშაგოს იქით არც კი უცდიათ წასვლა, მხოლოდ იმ მინდვრებში გადიან, რომელიც ქართული მხარის მიერ კონტროლდება და სადაც ხეხილის ნარგავები აქვთ.
"ჩემს ნაკვეთში ატამი მაქვს დარგული. წელსაც დავბარე მიწა, სასუქიც მოვაყარე, მაგრამ უწყლობის გამო ცვივა ისე, რომ დამწიფებას ვერ ასწრებს", - ამბობს რესპონდენტი.
პრობლემები ამ სოფელში ყველასთვის საერთოა და ყველაზე მთავარი პრობლემა სწორედ უწყლობას უკავშირდება. სოფელს ცენტრალური ტრასა ორ ნაწილად კვეთს, ზემოთა მხარეს სახნავ-სათესი მიწები და ხეხილის ბაღებია, ქვემოთა მხარეს კი - საცხოვრებელი სახლები. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მორწყვა განსაკუთრებით ნაკვეთებს სჭირდებათ, თუმცა, ვერ ახერხებენ.
ნანული დოიჯაშვილი საკუთარ ეზოში ამოსულ ლობიოს უკვე რამდენიმე დღეა წყალს ვერ უსხამს, ფოთლებმა გაყვითლება დაიწყო.
"ორი დღეც და უკვე გახმება. რისთვის ვიწვალე? გამგებელს ეტყვი - არაფერს აკეთებს, სხვას ვის უნდა ველაპარაკო? სამი დღე რომ ადამიანები წყალს ვერ ვსვამთ, ჩვენ ხალხი არ ვართ? ჭაბურღილი გააკეთეს და ღმერთმა იცის, რისთვის, ვინც წყალს ქაჩავს, გუშინ გაბრაზდა, გასაღები დატოვა და წავიდა. უწყლოდ დავრჩით", - ამბობს რესპონდენტი.
თუკი გაუმართლა და წყალი მოვიდა, ბალონებში ინახავენ, რომ პირუტყვსაც დაალევინოს. ცოტას ეზოს ლობიოსთვის იზოგავს და ცოტას სასმელადაც იტოვებს. ეზოს წინ, კაკლის ძირში ძროხა ბალახობს. როგორც ქალბატონი ნანული ამბობს, "წითელი ჯვრის" დააფინანსებით იყიდა.
"პრობლემებს რა დალევს, მოსახლეობას ძალიან უჭირს. მოსავალი არ მოდის, წყლის გარეშე როგორ წამროგიდგენიათ, რომ რამე მოვიდეს? გაუბედურებულია ყველაფერი, ის თესლი მაინც შეგვენახა, რაც მიწაში ჩავყარეთ", - ამბობს რესპონდენტი და აღნიშნავს, რომ ზაფხულში თავის რჩენა იმდენად არ უჭირთ - ზოგს ჭერამი აქვს, ზოგს ლობიო და ამით გააქვს თავი. ზამთარში კი პენსიის იმედად რჩებიან.