როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები არჩევნების შემდეგ, ვაშაძის ან ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ამ თემაზე "რეზონანსი" პოლიტოლოგ რამაზ საყავრელიძეს ესაუბრა.
"საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებებს თუ გავყვებით, რის გაკეთებას აპირებენ არჩევნების შემდეგ, ვაშაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში მკაფიოდ თქვა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის ეცდება თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ქართულ ასპარეზზე გამოიყვანოს ის ადამიანები, "ნაციონალური მოძრაობის" ის წევრები, ვინც დღეს საპყრობილეში არიან, ან ვინც უცხოეთშია, ანუ სააკაშვილი.
"ასევე ამ ინტერვიუში, მან წამოაყენა ასეთი ვარიანტიც, რომ შეუძლია გამოიყვანოს ათასობით ადამიანი და ვნახოთ, თუ არ შეასრულებენ რა მოთხოვნებიც იქნებაო.
"ერთი სიტყვით რომ შევაჯამოთ, ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად მაქსიმალურად გამოიყენებს პრეზიდენტის სტატუსს, ანუ ქუჩის აქციებს ჩაუდგება სათავეში.
"სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, არ მახსენდება, რომ მან რაიმე პოლიტიკური დაპირება გააკეთა, არჩევნების შემდეგ, რას გააკეთებს; მას აქვს ზოგადი პირობები, ამა თუ იმ სფეროსთან მიმართებაში.
"ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში, ხელისუფლება არ იცვლება და დგება კიდევ ერთი საკითხი. ის დაპირებები, რომელიც ივანიშვილმა მისცა ხალხს, რომ ერთი წლის მანძილზე შეიცვლება საკადრო პოლიტიკა, სამართლიანობის აღდგენის მდგომარეობა და ის საკითხები, რომლის მიმართაც ხალხს უკმაყოფილო განწყობა აქვს, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ადვილად შესრულდება, ვაშაძის შემთხვევაში კი გაჭირდება.
"ანუ, თუ პროცესები განვითარდა ვაშაძის სცენარით, მაშინ "ქართულ ოცნებას" მოუწევს დესტაბილიზაციის კერების ჩაქრობა სხვადახვა წერტილებში, რადგან "ნაცმოძრაობის" ინტერესშია, ქვეყნაში ისეთი მდგომარეობა იყოს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველაფერი "ოცნებას" დააბრალოს. სიტუაციის გამოსწორება "ოცნებას" მუდმივი დაპირისპირების ფონზე მოუწევს.
"რა შეეხება, მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას, ცენტრები ეხლაც გვაქვს, მესამე პოლიტიკური ცენტრის სტატუსით იყო "ევროპული საქართველო" და უსუფაშვილის მოძრაობა, მაგრამ ის წონა და ძალა გაეწონასწორებინათ პოლიტიკური ვითარება, მათ არ აღმოაჩნდათ. თუ პოლიტიკური სასწორი არ გაწონასწორდა ისევ ახალის შექმნა დიდ შედეგს ვერ მოიტანს.
"დღეს არც წონიანი ფიგურა ჩანს, რომელიც ასე უყვართ საქართველოში, შეიძლება ახალი პოლიტიკური ძალა არ აღმოჩდეს საპირწონედ იმ პოლიტიკური ძალების, რომლებიც დღეს პოლიტიკურ სასწორზე დევს"- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.