ლარი როგორი სისწრაფითაც უფასურდება, ახლა დაახლოებით იგივე ტემპით მყარდება. ის კა არადა, ეროვნული ბანკი 3-4 დღეში ერთხელ მილიონობით დოლარს იძენს კომერციული ბანკებისგან, მაგრამ ლარის გამყარებას ხელს ვერაფერი უშლის. მთავრობა იქადნება, რომ ნაარჩევნებს ლარი გაცილებით ძლიერად და ყოჩაღად დაიჭერს თავს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებულ რყევებს ემოციური ფაქტორით ხსნის. გიორგი ქობულია ამბობს, რომ სავაჭრო დისბალანსის მიზეზით ლარის გაუფასურება არ მომხდარა.
„ბოლო დროს ლარის გაიაფება, ძირითადად, ემოციური მდგომარეობით არის გამოწვეული. ემოცია და სეზონი დაემთხვა ერთმანეთს, რაც პატარა ქვეყნის ეკონომიკაში ხშირად ხდება. ნამდვილად არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენ იმპორტი დიდი ოდენობით გაგვზრდოდა“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ლარს აქვს დიდი პოტენციალი გამაგრებისთვის, განსაკუთრებით თუ ექსპორტ-იმპორტის ბალანსი დავიჭირეთ და კარგად წავიდა წინ.
„არჩევნების შემდეგ ნახეთ, რა იქნება, შეიძლება, ლარი 2,70-ზე ქვემოთ ჩამოვარდეს“, - განაცხადა ქობულიამ და მისი ვარაუდი 1 დღეში ახდა. კურსი უკვე 2,66-ის ფარგლებშია. მინისტრს სჯერა, რომ ლარი უფრო გაძლიერდება.
მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანება არ ეტყობათ ფინასისტებს. ბიზნესის ანალიტიკოსი, ჯაბა თარიმანაშვილი ამბობს, რომ ლარის კურსის არამდგრადობა, კომერციული ბანკების მიერ დაწესებული მაღალი სპრედი (სხვაობა ყიდვა–გაყიდვას შორის) და ეროვნული ბანკის უმოქმედობა, საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულობის მასშტაბები ქვეყანას და ბიზნესსაც დიდად აზარალებს.
მისი ინფორმაციით, კომერციულ ბანკები „ბლუმბერგის“ კურსით კონვერტაციაზე საკმაოდ მაღალ სპრედს 4-5 თეთრის ფარგლებში სთავაზობენ ბიზნესს, ხოლო ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში სპრედი 0,5-1,0 თეთრის ფარგლებშია. მიუხედავად ამისა, ბიზნესს კონვერტაციის ხარჯების შემცირების მიზნით, არ შეუძლია დიდი მოცულობით თანხების დოლარში გამოტანა, რომ სავალუტო ჯიხურებში დაბალი სპრედით აწარმოოს ყიდვა ან გაყიდვა.
„კომერციულმა ბანკებმა 2018 წლის 3 კვარტალში (9 თვეში) ვალუტის ყიდვა-გაყიდვით დაახლოებით 162 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, სადაც 133 მილიონი ორ ბანკზე მოდის. ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, იმპორტზე დამოკიდებული ბიზნესის გაკოტრებისგან დაცვის და ვალუტის რყევისგან გამოწვეული მოსალოდნელი ინფლაციის პრევენციის მიზნით“, - აღნიშნავს თარიმანაშვილი.
მისივე განცხადებით, პრობლემის გადაჭრის გზები შესაძლებელია იყოს სპრედის მაქსიმალური მოცულობის დადგენა კომერციული ბანკებისთვის 1 თეთრის ფარგლებში; სავალუტო ჯიხურების კონვერტაციის ნაკადების „ბლუმბერგის“ პლატფორმაზე მოქცევა, იმისათვის, რომ ნაკლებმა შავმა ფულმა იმოძრაოს ბაზარზე, ხოლო ფულადი ნაკადების ბრუნვა „ბლუმბერგის“ პლატფორმაზე გაიზარდოს, რაც ნაკლებ ბერკეტებს მისცემს კომერციულ ბანკებს სპეკულაციური რყევები აწარმოონ.
„თუ დავაკვირდებით კომერციული ბანკებიდან ეროვნულ ბანკში, ხოლო ეროვნული ბანკიდან კომერციულ ბანკებში უმაღლესი თანამდებობის პირების პორტირებების სიხშირეს, გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბაზარზე ვალუტის კურსის მერყეობას და ლარის გაუფასურების მოლოდინებზე დაბრალებას შესაძლებელია მიზანმინართული ხასიათი ჰქონდეს, რის უკანაც იმალება პირადი ინტერესები ან უკონტროლო ფულისა და საკომისიოების მიღების ცდუნება“, - აცხადებს თარიმანაშვილი.
შედარებით ოპტიმისტურადაა განწყობილი საბანკო ექსპერტი გოჩა თუთბერიძე. მისი თქმით, ლარს რომ რამე სჭირდეს, ეკონომიკა არ უნდა იზრდებოდეს და ამასთან, სავაჭრო დეფიციტი ძალიან სწრაფად უნდა მატულობდეს.
„ღრმა ანალიზის შედეგად, ჩვენ ლარის დევალვაციის ეკონომიკურ საფუძველს ვერ ვხედავთ. მინისტრის პოზიციას კურსთან დაკავშირებით ნაწილობრივ ვეთანხმები. პოლიტიკურ ძალებს აწყობთ დრამატიზება. რეალურად კურსი ქართული ეკონომიკის მდგომარეობას ასახავს. ინტერვენციები არ განხორციელებულა, სებ-ს დოლარი არ გაუყიდია, პირიქით, იყიდა, თუმცა კურსს პოლიტიკური განცხადებების გავლენა დაეტყო. ეს მოკლევადიანი ეფექტია, რადგან ფუნდამენტური ფაქტორები არ იცვლება“, - განაცხადა თუთბერიძემ.