ზაკუსკა პარლამენტში

ზაკუსკა პარლამენტში

გაუთავებელი პოლიტიკური ბატალიებისა და მუშტი-კრივის (ზოგჯერ) გარდა, ჩვენს დეპუტატებს კომიკური მომენტებიც ჰქონიათ. სიცილი სულაც არ იყო პარლამენტისთვის უცხო. დღევანდელ წერილში წინა საუკუნის 90-ან წლებში დაგაბრუნებთ და რამდენიმე „საინტერესო საპარლამენტო დებატებს“ გაგახსენებთ.

თანამემამულე პარლამენტარ მამაკაცებს „სამუშაო საათებში“ ალკოჰოლის მიღება გადაჭარბებულად უყვართ. ალბათ ამ „მანკიერ თვისებას“ უნდა დავაბრალოთ, რომ პარლამენტი ზოგჯერ აბსურდულ და გაუმართლებელ კანონებს ღებულობდა და ღებულობს.

ირაკლი ბათიაშვილი იხსენებდა:

„საგაზაფხულო სესიის ბოლო დღე იყო, მახსოვს, გვიან ღამემდე იყო რაღაც საკითხების განხილვა. ეტყობა, იმდენად გადაღლილები იყვნენ ზოგიერთი ჩემი კოლეგები, სახელსა და გვარს არ დავასახელებ, რომ თან მოშივდათ, თან მოსწყურდათ. მოვიხედე უკან და ვხედავ, რაღაცა პატარა „ზაკუსკა“ აქვთ მოტანილი, სუნიც მეცა, საკმაოდ მაღალი ხარისხის სასმელი იყო, თუ არ ვცდები, ვისკი. მოდიო, მეძახდნენ, მაგრამ მე არ შევუერთდი. ცოტა იქით გადავჯექი. მერე, მოღალატეო - მეძახდნენ. თვითონ კარგ ხასიათზე იყვნენ. დიდი ჟივილ-ხივილი იყო. უცბად მოიყარეს თავი სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებმა, რომლებიც გამეტებით აკრიტიკებდნენ და ლანძღავდნენ ერთმანეთს. მაგრამ იქ სრული იდილია სუფევდა“.

თავის დროზე ეს „ინციდენტი“ გახმაურდა და კოლეგა დეპუტატების დაცვა პარლამენტის იმდროინდელ ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელს მოუწია.

ბატონმა გიგიმ კოლეგების რეპუტაცია დაიცვა და მასმედიის წარმომადგენლები დაარწმუნა, მსგავს შემთხვევას ერთადერთხელ ჰქონდა ადგილიო. თან ისიც დაამატა, რომ ის „ისტორიული“ მიპატიჟება არც მან მიიღო.

თავად გიგი წერეთელმა ზართან დაკავშირებული კურიოზი გაიხსენა. ცნობისათვის: ზარი მთავარი იარაღია სპიკერისთვის დეპუტატების დარბაზში მოსახმობად. ჰოდა, ერთ-ერთ სხდომაზე, როცა წერეთელი აქტიურად რეკავდა ზარს, დეპუტატები შემოსვლის მაგივრად მასობრივად გადიოდნენ დარბაზიდან. ვიცე-სპიკერმა კოლეგებს ასე მოუწოდა: „ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს სკოლის ზარი კი არ არის, რომლის დროსაც უნდა გახვიდე“.

- ეტყობა, ეს ზარი მათში აღძრავდა ძალიან სასიამოვნო ბავშვურ და სკოლის დროინდელ ასოციაციებს. ამიტომ შევთავაზე: მოდით, ზარს დავანებებ თავს და სირენას დავაყენებ-მეთქი.

ვიცე-სპიკერმა ერთი კურიოზიც გაიხსენა. ვახტანგ რჩეულიშვილმა თვითნებურად რომ დაიკავა სპიკერის სავარძელი, როცა სხდომა ელდარ შენგელაიას უნდა წაეყვანა. გიგი წერეთელი მოგვიანებით აპირებდა მისვლას, როცა მანქანის რადიოში ჩხუბი ჩაესმა: „თქვენ ვინ მოგცათ სხდომის წაყვანის უფლება“, „ჩამოდით ტრიბუნიდან“, „მე თქვენ გაჩვენებთ, წესრიგს ახლავე დავამყარებ“ და ა.შ. ამ წივილ-კივილში დაბნეულმა ვიცე-სპიკერმა მანქანა სასწრაფოდ მოაბრუნა და პარლამენტისკენ გაეშურა. მთელ ამ გაუგებრობაში ყველაზე კურიოზული ის იყო, რომ რჩეულიშვილი აცხადებდა, გიგი ავად არის, ალბათ, ერთი-ორი წელიწადი ვეღარ მოვა პარლამენტში, მე აქ უნდა ვიყო და უნდა გასწავლოთ ჭკუაო. ამ ამბავში იყო რჩეულიშვილი, როცა ხმალამოღებული გიგი წერეთელი დარბაზში შევარდა, სიტყვებით: „არ მელოდით, ხომ?!“ დარბაზში ტაში გაისმა, მთავარ სოციალისტს კი დიდად არ გახარებია მოვლენების ასე განვითარება და „პოსტის“ დატოვება.

პარლამენტარმა სანდრო ბრეგაძემ კობა ამირხანაშვილის ცუღლუტობის ამბავი გაიხსენა:

„ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე, ღამის 3 საათი იყო, მიკროფონები დაიკარგა. როდესაც მივიდა, აღარ მახსოვს, გია ბარამიძე თუ კობა დავითაშვილი სასაუბროდ, მიკროფონები აღარ იყო. ნუ, ქალბატონი ნინო აღშფოთდა, დაიწყეს მიკროფონების ძებნა, მერე, როგორც გაირკვა, კობა ამირხანაშვილის წაღებული იყო“.

აი, ბატონი გურამ შარაძე კი კოლეგა დეპუტატების მიბაძვამ თავის დროზე ცუდ დღეში ჩააგდო. ის არ სვამდა კონიაკს, ყავას და არ ეწეოდა სიგარეტს. ერთ პატივცემულ საზოგადოებაში, უფრო ზუსტად კი - პარლამენტის ბანკეტზე, სადაც უცხოელებიც იყვნენ, როგორც თავად ბატონი გურამი იხსენებდა, კარგ ტონად ითვლებოდა ამ ყველაფრის ერთად მიღება, სთხოვეს, თავი არ მოგვჭრა, ამ ერთ დღეს მაინც დაარღვიე ტრადიცია, შემოგვიერთდიო. ჰოდა, შარაძემაც „გაწირა“ თავი, მაგრამ „ვაი, შენს გურამს, ნახევარ საათში გავიშხლართე“. ოღონდ სად, შარაძეს არ დაუკონკრეტებია. ასე ძვირად დაუჯდა თავის მოჩვენება - ქართველები „სვეტსკები“ და ნამდვილი ევროპელები ვართ.

ადამიანის უფლებათა დამცველ ნანა ბიჭიაშვილს თავს გადახდენილი კურიოზები კოლეგა თამაზ გიორგაძეს უკავშირდება. აი, ერთი მათგანი: როდესაც ისინი ჯანდაცვის კომიტეტში ერთად მუშაობდნენ, იყო ასეთი ტრადიცია - დღესასწაულებზე „ფართებს“ აწყობდნენ. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ნანა ბიჭიაშვილმა უარი თქვა და საოჯახო საქმეები მოიმიზეზა. „დავიწყე დილას ყველაფერი ერთად, სადილს ვაკეთებ, იქ რაღაცას ვრეცხავ. რეკავს ტელეფონი: ქალბატონო ნანა, ზურაბ ჟვანიას მისაღებიდან გირეკავთ, თუ შეგიძლიათ და თუ დრო გაქვთ, ბატონ ზურაბს უნდა თქვენთან საუბარი. ნუ, ახლა პარლამენტის თავმჯდომარეა. ვიცვამ და სასწრაფოდ გავრბივარ. თორმეტ საათზე ვარ დაბარებული, არ შემიძლია დაგვიანება. პაემანზეც კი ადრე მივდიოდი თავის დროზე. თორმეტს აკლია ათი წუთი. ჟვანიას მისაღებში ახალგაზრდა ბიჭი ზის, მეც დავჯექი. ვფიქრობ, ნეტა სახეზე მცნობს თუ არა. გახდა 12 საათი. ეს ბიჭი არაფერს ამბობს, არც მე. ტელევიზორს ვუყურებთ. გახდა პირველის ათი წუთი. ბოლოს როგორც გაირკვა, ბატონი ზურაბი თბილისში საერთოდ არ იყო, წინა დღეს გაფრენილიყო შტატებში და ათ დღეში იქნებაო. აღმოჩნდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებიდან არც არავის დაურეკავს.

დერეფანში მიმავალ გაბრაზებულ ნანა ბიჭიაშვილს თამაზ გიორგაძე შეხვდა, უთხრა, რაც გადახდა და სთხოვა, იქნებ მანქანით გამიყოლოო. როცა მანქანიდან გადადიოდა, მაშინ უთხრა გიორგაძემ - რომ არ წამოხვედი, წადი ახლა და აკეთე სადილები და ალაგე სახლიო.

მამუკა არეშიძე, დაახლოებით 15 წლის წინანდელ შემთხვევას გაიხსენებს.

„1999 წელს ახალი პარლამენტი კი შემოვიდა შენობაში, მაგრამ ჩვენი კომისია კიდევ ორი წელი აგრძელებდა მუშაობას. ოთახები შეარემონტეს, გაანაწილეს და სადაც ჩვენ ვიჯექით, ის მრეწველთა ფრაქციას გადასცეს.

ერთხელაც ფრაქციის სხდომა მიმდინარეობდა. მეც იქ ვიყავი და ერთ-ერთმა მრეწველმა ოთახში თავისი იმერელი ნათესავი - ახვლედიანი შემოიყვანა.

ის კაცი პირველად ყოფილა პარლამენტის შენობაში. შიგნიდან დათვალიერება უკვე მოესწრო და აღტაცებისა და გაკვირვებისგან აზრზე მოსვლა უჭირდა. შემოვიდა და ვისაც შეხედა, ყველა ცნობილი პიროვნებაა! გოგი თოფაძის, ზურაბ ტყემალაძის და განსაკუთრებით რომან გვენცაძის დანახვამ მთლად გადარია, - პარლამენტი თუ ასეთი ხალხით არის „გაძეძგილი“, გვეშველება და ეგააო.

- ბატონო რომან, - ეკითხება მოკრძალებით, - სულ რამდენნი ხართ პარლამენტში?

გვენცაძემ იფიქრა, - ფრაქციის წევრთა რაოდენობა აინტერესებსო და ამაყად ეუბნება:

- თხუთმეტი!

- რამდენი? - შეწუხდა კაცი. ათასის იმედი ჰქონდა.

- თხუთმეტი! რა, ცოტაა?

- ბატონო რომან, საქეიფოდ რო დავდივარ, თხუთმეტი მარტო კლარნეტისტი მომყვება...“

დღევანდელი საპარლამენტო კურიოზების მორიგი გამოშვების დასასრულს სიტყვას ბატონ ალექსანდრე შალამბერიძეს მივცემ. სამწუხაროდ ბატონი ალექსანდრე უკვე რამდენიმე წელია ჩვენს შორის აღარ არის.

„აღარც მახსოვს, მე და ვიტალი ხაზარაძემ რამდენჯერ ვიჩხუბეთ და შევრიგდით. მოკლედ, მაგარი ნაჩხუბრები ვართ. მე, გია მეფარიშვილი, კობა დავითაშვილი და ხაზარაძე რაღაც კანონზე ვკამათობთ. მეფარიშვილი მეუბნება:

- მე, როგორც იურისტი, გეუბნები, რომ ეს ასეა.

- მე, როგორც მექანიზატორი, გეუბნები, რომ ეს ესე არაა, - ვეწინააღმდეგები.

კამათში ხაზარაძე ჩაერია და ჩემი მხარე არ დაიჭირა?! მოვრჩით საუბარს და ხაზარაძეს ვეკითხები:

 - მხარი რატომ დამიჭირე?

- ბიჭო, არავის უთხრა და მეც მექანიზატორი ვარ“.