იმპორტიორები ქართულ წარმოებას უტევენ - მედიაში ხან ექსპერტების მეშვეობით, ხანაც ეკონომიკურ თოქ-შოუებში მონაწილეობით ღიად მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ აუცილებელია ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის გადასახადის გათანაბრება.
ჯერჯერობით რა არგუმენტებიც მოვისმინეთ, არის ის, რომ თურმე ევროპაში ცნება უფილტრო სიგარეტი არ არსებობს. რა მოხდება თუ ყველა სახის თამბაქოს ნაწარმი დაბეგვრის ერთიან რეჟიმში მოექცევა - ამ თემაზე „თბილისის თამბაქოს“ გენერალური დირექტორი, ზვიად მუკბანიანი გვესაუბრება:
ზვიად მუკბანიანი: ის, რომ დასასვლეთში ძვირი სიგარეტის ალტერნატივა არ არსებობს, მტკნარი სიცრუეა. ბევრ ქვეყანაში აწარმოებენ უფილტრო სიგარეტს და იმ მომხმარებლისთვის, რომელსაც არ სურს ძვირი გადაიხადოს ამ პროდუქტში - უფრო ხელმისაწვდომია.
დასავლეთის ბევრ სახელმწიფოში მაგალითად, გასახვევი თამბაქო, ფილტრები და ა.შ. უფრო შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმშია მოქცეული. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ევროპაშია ნამყოფი, ეცოდინება, რომ სიგარეტის რეალიზაციის ადგილებში შესაძლებელია შეიძინოს სხვა პროდუქცია და აქსესუარები, რომელსაც გამოიყენებს უფილტრო სიგარეტის შესაქმნელად და მსგავსი პროდუქტები ფილტრიან სიგარეტთან შედარებით შეღავათიანი განაკვეთით იბეგრება.
თუ მოხდა აქციზის გათანაბრება ფილტრიან და უფილტრო სიგარეტეზე. როგორ აისახება ეს ქართულ წარმოებაზე და ბაზარზე? ისედაც ცნობილია, რომ აქციზის გადასახადის გაძვირების გამო კონტრაბანდული პროდუქციის წილი გაზრდილია...
- უფილტრო სიგარეტის არსებობა რატომ არის საჭირო ამ ქვეყანაში, ამას აქვს ორი ძლიან მარტივი ახსნა. პირველი - თამბაქოს მოხმარება ისეთი ჩვევაა, რომ ძალიან რთულია მის მოხმარებაზე უარის თქმა, ამიტომ იაფი ალტერნატივის არარსებობა ძალიან მძიმედ დააწვება ჩვენი მოსახლეობის შეჭირვებულ ფენას. ასეთი კი ძალიან ბევრია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ გაჩნდება დიდი ცდუნება, კონტრაბანდულმა სიგარეტმა წალეკოს ჩვენი ბაზარი.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია აქციზის გადასახადი და ამიტომაც იზრდება კონტრაბანდის შემოტანის ცდუნება. უკვე არსებობს ფაქტები და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება მთელი მონდომებით ცდილობს ებრძოლოს კონტრაბანდას, ასეთი ფაქტები მაინც არსებობს.
ჩვენი გათვლებით, ბაზრის უკვე თითქმის, 10% კონტრაბანდულ პროდუქციას უკავია. ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ კონტრაბანდისტები დროშის ფრიალით შემოიტანენ სიგარეტს, ასე არ არის, ეს მოხდება შეჭირვებული ოჯახებისა და ბებოების მეშვეობითაც, რომლებიც ვერ გაუძლებენ ცდუნებას, რომ ენგურზე ერთი გადასვლით გამოიმუშაონ 100 ან 200 ლარი. რაც შეეხება წარმოებას, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კომპანია ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია საქართველოში და მიმდინარე წლს უკვე 60 მილიონ ლარზე მეტი გვექნება გადახდილი საქართველს ბიუჯეტში.
თუ არ იქნება იაფი სიგარეტის წარმოების საშუალება, ქართველ მეწარმეებს ძალიან გაუჭირდებათ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფონზე მსხვილ, მულტინაციონალურ კომპანიებთან კონკურენცია. ბიუჯეტი თავისთავად, დაკარგავს ამ შემოსავლებს, ათასობით საქართველოს მოალაქე დარჩება უმუშევარი. ასევე, ის საინჟინრო-ტექნიკური პოტენციალი, რომელიც ჩვენი საწარმოს მეშვეობით შეუნარჩუნდა საქართველოს, სხვა ქვეყნებში გადაინაცვლებს.
ამ ყველაფრით კი მოგებული არც ბიუჯეტი დარჩება, არც საქართველოს მოსახლეობა, არც ეკონომიკა და არც მთლიანად ქვეყანა - ეს ვის აწყობს, ყველასთვის ცხადია - ტრანსნაციონალური კომპანიები გაიათმაგებენ მოგებას.
სხვათა შორის, ის ფული, რასაც საქართველოს მოსახლეობისგან იგებენ, ამ ქვეყანაში ნამდვილად არ რჩება, არც არავის არ ასაქმებენ - საქართველოში ერთი საწარმოც არ აუშენებიათ და ინვესტორის მანტიამორგებულებს წლების განმავლობაში ჩანთებით მიაქვთ ფული თავიანთ აქციონერებთან.
მათი ერთ-ერთი არგუმენტია ის, რომ უფილტრო სიგარეტს ცალკე მოჰყვება ფილტრი და მარტივი მოქმედებით უფილტრო სიგარეტი გადაიქცევა ჩვეულებრივ, ფილტრიან სიგარეტად. მათი მტკიცებით, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს საკანონმდებლო ხარვეზთან, რომლის გასწორებასაც ითხოვენ. თქვენ რა არტგუმენტებს უპირისპირებთ ამ ყველაფერს?
- ჩვენ ვახდენთ უფილტრო სიგარეტის წარმოებას საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. ასევე ხდება მისი რეალიზაციაც - ამას არეგულირებს საგადასახადო კოდექსი, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, რომლის თანახმად, თამბაქოს ნაწარმთან ერთად მომხმარებლითვის რაიმე აქსესუარის საჩუქრად გადაცემა აკრძალულია. ჩვენ ამ პროდუქტებს უფასოდ არავის არ ვაძლევთ და ყველაფერი იყიდება.
რაც შეეხება საკანონმდებლო ხარვეზს, ასეთი რამ არ არსებობს. არც სამართლებრივი და არც სხვა ლოგიკით არ შეიძლება უფილტრო სიგარეტი ფილტრიან სიგარეტად დაკვალიფიცირდეს. სიგარეტს ან აქვს ფილტრი, ან არა - და ეს ნათლად ჩანს თითოეული სიგარეტის ვიზუალური დათვალიერებისას.
რაც შეეხება აქსესუარების გამოყენებას, მომხმარებელს ნამდვილად ვერ მივუთითებ, სიგარეტს ასანთით მოუკიდოს თუ სანთებელით - ფილტრი გამოიყენოს თუ - არა.
მაღაზიაში შესაძლებელია ცალკე ფილტრის შეძენა? მომხმარებელთა ნაწილი ამბობს, რომ ფილტრის მოთხოვნის შემთხვევაში უარით ისტუმრებენ - ეს კომერციული ობიექტების ინიციატივაა?
- ორივე პროდუქტს სხვადასხვა ღირებულება აქვს და ისიც არ მგონია, რომელიმე სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ჩვენი პროდუქციის გამსაღებელია, ასეთ ინსტრუქციას გასცემდეს. მე, პირადად, მაღაზიაში ცალკე ფილტრიც მიყიდია და უფილტრო სიგარეტიც.
იმპორტიორებს, აქციზის გადასახადის გაზრდის გამო 25%-ით შეუმცირდათ მომხმარებელი, რადგან ის გადაერთო შედარებით იაფფასიანი თამბაქოს მოხმარებაზე. გამოდის, რომ ადგილობრივმა წარმოებამ მათ მომხმარებელი წაართვა? ამიტომ ხომ არ ითხოვენ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის გათანაბრებას?
- ცხადია, მათ აქვთ თავიანთი ვიწრო კომერციული ინტერესები. სხვათა შორის, ეს ის მულტინაციონალური კომპანიებია, რომლებმაც 2014-2015 წლებში გაანადგურეს ადგილობრივი წარმოება იმით,რომ თვითღირებულებაზე დაბალი ფასით ახდენდნენ დაბალშემოსავლიანი სეგმენტისთვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას.
ამასან დაკავშირებით სასამართლო დავებიც გვქონდა და საქართველოს მთავრობასაც არაერთხელ მივმართეთ. პროდუქციის იმპორტირებისას ინვოისში მითითებულია პროდუქციის თვითღირებულება - ამას თუ მივუმატებთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და მარკეტინგულ ხარჯს, ძალიან მარტივია იმის გამოთვლა, ღირებულებაზე დაბალი ფასით შემოდიოდნენ ბაზარზე თუ არა. ისინი ბევრად უფრო იაფად ყიდდნენ პროდუქციას, რაც, მათ შორის, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის დარღვევაც იყო.
ჩვენ პრინციპულად არ წავედით კანონის დარღვევაზე და იმ პერიოდში ბაზრის საკმაოდ დიდი ნაწილი დავკარგეთ. დღეს შესაძლოა, ისინი კარგავენ ბაზრის სეგმენტს და ამიტომაც რეაგირებენ ასე მწვავედ.
თუმცა, მე ვფიქრობ, რომ საკითხს ცოტა სხვაგვარად უნდა შევხედოთ - იმასაც უნდა მიექცეს ყურადღება, რომ ვითომ ინვესტორის იმიჯს იქმნიან საქართველოს მთავრობისა და მოსახლეობის თვალში - რა ინვესტიცია აქვთ გაკეთებული? რა ააშენეს საქართველოში და რამდენი ადამიანი დაასაქმეს?!
ისინი ინვესტორები არიან უკრაინაში, სადაც ქარხნები ააშენეს, ხალხი დაასაქმეს და უკრაინის ბიუჯეტში მილიარდობით გრივნას იხდიან. უკრაინაში წარმოებულ სიგარეტს საქართველოში ყიდიან, ხოლო აქ მოგებულ ფულს ჯიბეში იდებენ და საკუთარ აქციონერებს უნაწილებენ.
ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა, რამდენადაც ცნობილია, მათ წინა ხელისუფლებაში ჰყავდათ საკმაოდ სერიოზული ლობისტები და შემდეგ უკვე ინერციით გაგრძელდა ეს პროცესი...
- თავიანთი ლობისტების მეშვეობით წინა ხელისუფლებასთან შეძლეს საკითხის მოგვარება - თითქოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნების თანახმად მოქმედებდნენ და წინა ხელისუფლებამ მიიღო დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, როდესაც ადგილობრივ ნაწარმსა და იმპორტირებულ ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაათანაბრა - ასეთი დათქმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებში არ ყოფილა ჩადებული - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, ბელორუსი, რომლებმაც მულტინაციონალურ კომპანიებს მოთხოვეს - თუ სურდათ, ესარგებლათ ადგილობრივი წარმოებისთვის მინიჭებული შეღავათებით, ინვესტიცია ჩაედოთ ადგილობრივ წარმოებაში.
ამიტომ ააშენეს ტრანსნაციონალურმა კომპნიებმა თამბაქოს ქარხნები ამ ქვეყნებში. საქართველომ ეს შანსი არ გამოიყენა და ტრანსნაციონალურმა კომპანიებიც, როგორც ბანანის რესპუბლიკას, ისე მოგვექცნენ, რადგან მათთვის იაფი ლობისტების მეშვეობით ადვილად მოაგვარეს საქმე.
მანამდე ყველა მულტრინაციონალური კომპანია ცდილობდა ქართულ კომპანიებთან საერთო ენის გამონახვას, რათა საქართველოში ეწარმოებინა პროდუქცია, რაც დაასაქმებდა საქართველოს მოსახლეობას და გაზრდიდა შემოსავლებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში. მაგრამ წინა ხელისუფლებამ არჩია, ქვეყნისთვის მოსალოდნელ დოვლათზე ბევრად ნაკლები საკუთარ ჯიბეში საიმედოდ ჩაედო.
ამ კომპანიებს, რაკი მაშინ გაუვიდათ, დღესაც ჰგონიათ, რომ თავიანთი ხრიკებით, იაფფასიანი მოსყიდვებით, ლობისტებით, ვითომ ექსპერტებით, რომლებიც ტელევიზიით ვითომ სიბრძნეებს ღაღადებენ, თავისას მიაღწევენ.
ვითომ დამოუკიდებელი ეკონომიკური გადაცემების ყიდვით და სხვა მეთიოდებით ცდილობენ შექმნან ისეთი ფონი, რომ შედეგით ისევ საქართველოს მოსახლეობა, ბიუჯეტი და ქართული წარმოება დაიჩაგროს.
ხელისუფლება რას ფიქრობს ამ ყველაფერზე? ალბათ ქართველი მეწარმეები საქმის კურშში აყენებენ, რა პრობლემების წინაშე არიან? ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიგან ყოველთვის მოდის გზავნილები, რომ დაინტერესებულია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით...
- წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღევანდელ ხელისუფლებასთან საკმაოდ კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს. მიმდინარეობს განხილვები წარმოების ხელშეწყობის სხვადასხვა პროექტებზე და ა.შ. არ შეიძლება იყო უმადური, როდესაც ასეთი ტიპის თანამშრომლობა არსებობს.
განსაკუთრებით, ბოლო ერთი წელია, მთავრობა მუდმივად ცდილობს ჩვენთან დიალოგის რეჟიმში იყოს, რათა საწარმო არ დაიხუროს და ათასობით ადამიანი არ დარჩეს უმუშევარი. რამდენად უსმენენ ტრანსნაციონალური კომპანიების იაფფასიან ლობიზმს, ამას ალბათ მომავალი დაგვანახებს.
რაც შეეხება კონტრაბანდას, რომელიც სერიოზულ საფრთხედ შეიძლება გადაიქცეს ქვეყნის ეკონომიკისთვის, ბუნებრივია, ამ სეგმენტის მოთამაშეებისთვის უფრო მეტია ცნობილი, საიდან ხვდება აღურიცხავი სიგარეტი ქართულ ბაზარზე...
- კონფლიქტური რეგიოინებიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, იყო სომხეთიდან შემოტანის რამდენიმე სერიოზული მცდელობა. არის აფხაზური აქციზური მარკით შემოსული სიგარეტები და ა.შ. ჩვენი გათვლებით, რამდენადაც შემცირდება უფილტრო სიგარეტის წილი ქართულ ბაზარზე, იმდენად გაიზრდება კონტრაბანდა და ამის შეჩერება შეუძლებელი იქნება.
განვითარებული ქვეყნები ვერ ებრძვიან კონტრაბანდას და ჩვენ, როდესაც ამდენი გაუკონტროლებელი ტერიტორია და საზღვრის საკმაოდ რთული რელიეფი გვაქვს, კონტრაბანდის შემოსვლას როგორ შევაჩერებთ?!
წარმოიდგინეთ, ინგლისი კუნძულია და იქაც კი არსებობს კონტრაბანდის პრობლემა.
როდესაც დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს სხვა ალტერნატივა აღარ დარჩებათ, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ყველა გზას გამოძებნიან იმისათვის, რომ ბაზრის ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.