„ნაკლებად სავარაუდოა, გახშირებულ ბიძგებს ძლიერი მიწისძვრა მოჰყვეს“

„ნაკლებად სავარაუდოა, გახშირებულ ბიძგებს ძლიერი მიწისძვრა მოჰყვეს“

პოლიტიკურ კატაკლიზმებს ბუნებრივი რყევებიც დაემატა და რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისი მცირებიძგიანმა მიწისძვრებმა მოიცვა. ბუნებრივმა მოვლენებმა პოლიტიკოსებსაც შეახსენა თავი. შალვა ნათელაშვილმა არ დამალა, რომ დიდ მიწისძვრას მოელის, ამიტომ მოითხოვა, სანამ დროა, დაიწყოს ხალხის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა, რადგან, როგორც წესი, დიდი მიწისძვრებისთვის ეს მოვლენები არც თუ იშვიათად შესამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.

„ყოველდღიურად ხდება სეისმური რყევები. წუხელ კიდევ ზედიზედ ორჯერ დაფიქსირდა ასეთი რყევა. ხშირად მათი ეპიცენტრი მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში და განსაკუთრებით თბილისშია. მეცნიერულად ცნობილია, რომ დიდი მიწისძვრებისთვის ეს მოვლემები არც თუ იშვიათად შესამზადებელ ეტაპს წარმოადგენს, მთავრობა კვლავ ზეცაში იყურება. მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გადამოწმდეს ის უამრავი ავარიული შენობა, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, დაიწყოს მათ გამაგრება, დემონტაჟი და ხალხის გადაყვანა უსაფრთხო ადგილას, მერე ტრადიციულად არ თქვან მოულოდნელი იყოო“, - წერს „ლეიბორისტების“ ლიდერი ფეისბუკზე.

ჩვენ დავინტერესით, რამდენად საფუძვლიანია ჩვენს საზოგადოებაში არსებული შიში, რომ მცირებიძგიან გახშირებულ მიწისძვრებს უთუოდ ძლიერი მიწისძვრა მოჰყვება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ჯავახიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვეულებრივ, ეს ბიძგები გვიჩვენებს, რომ ტექტონიკური პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის, ეს პროცესი მიმდინარეობს თბილისის ტერიტორიაზეც. ზურაბ ჯავახიშვილი გვაიმედებს, რომ ნაკლებ სავარაუდოა, გახშირებულ ბიძგებს ძლიერი მიწისძვრა მოჰყვეს, უფრო მოსალოდნელია, რომ ეს ბიძგები უბრალოდ ჩაივლის, რადგან ჩვეულებრივ ძლიერ მიწისძვრებს არ ახლავს ხოლმე წინ ასეთი გააქტიურება.

„ეს პროცესი რთულია და ძალიან ხშირად ძლიერი მიწისძვრა ხდება ყოველგვარი წინასწარი ბიძგების გარეშე. ამიტომ მცირე ბიძგები არაფერს გვიჩვენებს. სხვათა შორის, თბილისის მახლობლად, ლილოს ტერიტორიაზე ასეთი მცირე ბიძგები ადრე არ ყოფილა, ამ მხრივ საინტერესო და ყურადღებამისაქცევია სულ ბოლოს მომხდარი ფაქტი. ლილოს ჩვენ ყურადღება მივაქციეთ იმიტომ, რომ ერთ დღეში მოხდა ძალიან სუსტი ბიძგები, რაც არავის უგრძვნია, მარტო აპარატურა გრძნობს, ეს მიგვანიშნებს, რომ რაღაც პროცესი მიმდინარეობს. თორემ ისე, საქართველოში დღეში რამდენიმე მიწისძვრა ხდება და, საბედნიეროდ, ეს სუსტი მიწისძვრებია.

საერთოდ, საქართველო საშუალო სეისმურობის რეგიონია და ძლიერი მიწისძვრა იშვიათად ხდება, თუმცა, ცხადია, ხდება ხოლმე ძლიერი მიწისძვრაც და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. საქართველოში ძლიერ მიწისძვრებს ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვება ხოლმე. დღეს საკმაოდ კარგი სეისმური ქსელი გვაქვს, გასულ საუკუნეში, თუნდაც 80-იან წლებში ასეთი კარგი აპარატურა არ არსებობდა. ამიტომ ცოტა ძნელია შევადაროთ, რა ხდებოდა იმ პერიოდში და თუნდაც ლილოში ათწლეულების წინ იყო თუ არა ასეთი მცირე ბიძგები. სეისმურობის კვლევისას ხშირია, რომ რომელიღაც უბანი გააქტიურდება, ამ გააქტიურებას შეიძლება შემდეგ არაფერიც არ მოჰყვეს, მაგრამ ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს“, - აცხადებს ზურაბ ჯავახიშვილი.

ამასთან, აკონკრეტებს, რომ საქართველოში სეისმურად აქტიური კავკასიონია, განსაკუთრებით, მისი ცენტრალური ნაწილი და ჯავახეთის ზეგანი. ამ ადგილებში უფრო ხშირად ხდება მიწისძვრები. სპეციალისტის განმარტებით, უფრო გლობალურად რომ შევხედოთ, არაბეთის ფილა აწვება ევრაზიის ფილას, ხოლო ჩვენ მათ შორის ვართ მოქცეული და ამიტომაც ხდება ეს ბიძგები.

„ამ ეტაპზე სეისმოლოგები რაიმე განსაკუთრებულს არ ველით. სეისმოლოგებს გადაჭრით არც ის შეუძლიათ თქვან, ზუსტად როდის და სად მოხდება მიწისძვრა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიწისძვრა აუცილებლად მოხდება და დაახლოებით რა სიხშირის იქნება, ესეც შეგვიძლია დავაფიქსიროთ. ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ხშირად მოხდება სუსტი მიწისძვრები, შედარებით იშვიათად - საშუალო მიწისძვრა და უფრო იშვიათად - ძლიერი მიწისძვრა. მიწისძვრისთვის მზად უნდა ვიყოთ და ეს მზადყოფნა, პირველ რიგში, ეხება შენობებს. შენობები უნდა იყოს სეისმომედეგი.

1991 წელს ძალიან ძლიერი მიწისძვრა მოხდა საქართველოში, რაჭაში, შემდეგ 2002 წლის 25 აპრილს თბილისში საშუალო სიმძლავრის, ანუ 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, თუმცა ზუსტად ეს გვაშფოთებს, რომ იმ პერიოდში არ ვიყავით მზად და იმ საშუალო მიწისძვრამაც კი საკმაოდ ბევრი შენობა დაანგრია. იმ დროს მსხვერპლიც კი იყო ქალაქში. 6 მაგნიტუდა კი საკმაოდ ძლიერია მიწისძვრისთვის“.

სპეციალისტს უჭირს იმის თქმა, რომელი შენობა უფრო სახიფათოა, უხარისხოდ აგებული ახალი ნაგებობები, თუ ძველი შენობები. მისი შეხედულებით, ძველი უბნები გაცილებით სახიფათოა, რადგან იქ არის ძველი შენობები, რომლებიც სეისმომედეგობის თვალსაზრისით არ პროექტდებოდა. ასე რომ, დაახლოებით 50-იან წლებამდე აშენებული კონსტრუქციები არ არის სეისმომედეგი, თუმცა ახალი შენობების შესახებაც ბევრი ეჭვია გამოთქმული. ცხადია, ახალი ნაგებობების ირგვლივ კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვით, სანამ თითოეული შენობის შესწავლა არ მოხდება.

„არ გამოვრიცხავ, ზოგიერთი ახალი ნაგებობა ძალიან კარგად იყოს აშენებული და პრობლემა არ ჰქონდეს. ძველ შენობებს კი მუდმივად სჭირდება შესწავლა. როგორც წესი, კულტურული მემკვიდრეობის შენობებს დეტალურად სწავლობენ და მათ ამაგრებენ, რათა სეისმომედეგი გახდეს. შესაძლოა, ძველი შენობა ძლიერად და კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ იმის გამო, რომ ძველად სეისმომედეგი კონსტრუქციების პრინციპი არ იყო ჩამოყალიბებული, მათ შეიძლება გამაგრება დასჭირდეს“.