კახა კალაძის სურვილია, დედაქალაქი დაიცვას მეოთხედი საუკუნის ქაოსის შედეგებისგან, რომელმაც თანდათან გამოფიტა თბილისი, გააქრო ის ურბანული ფასეულობები, რომელიც ადამიანის ჯანსაღი განვითარებისა და არსებობისთვისაა აუცილებელი. თუმცა ქალაქის მერის ამ კეთილშობილური სურვილის მიღმა საინტერესოა, რა პრობლემებია დედაქალაქის აუღებელ ციხესიმაგრედ მიჩნეულ არქიტექტურის სამსახურში?! ამის შესახებ For.ge-ს ტექნოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ორგანიზაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე ესაუბრა.
თბილისი 100 მედეგი ქალაქის ქსელს 2016 წლიდან შეუერთდა, მაგრამ ჩვენს დედაქალაქში რისკები მაინც არსებობს, დაწყებული მიწისძვრის საფრთხიდან, დამთავრებული ისტორიული უბნების დამახინჯებით და დედაქალაქის ბანგლადეშად გადაქცევის საფრთხეთი, რაც „ნაციონალების“ ხელწერა იყო. დღეს რამდენად არის დაცული ჩვენი დედაქალაქი მავნე ჩარევებისგან?
- ზუსტად 25 წელიწადია, თბილისში არც ერთი შენობა არ შემოწმებულა სეისმომედეგობაზე. არადა, შენობების კონსტრუქციული მედეგობა და დანარჩენი მაჩვენებლები სეისმომედეგობას უნდა შეესაბამებოდეს. თბილისი 8-ბალიან სეისმურ ზონაში მდებარეობს, ამიტომ ყველა შენობა უნდა აშენდეს ისე, რომ აკმაყოფილებდეს 8 ბალის მოთხოვნებს. ამაზე უნდა იყოს გაანგარიშებული კონსტრუქცია. ზუსტად აქ ტრიალებს უბედურება. თუ მართლაც მონდომებულია ბატონი კახა, უშველოს ამ ქალაქს და თბილისის სეისმომედეგობაზე იზრუნოს, პირველ რიგში, თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამა ერთხელ მაინც უნდა წააკითხოს ვინმეს, რომელიც მშენებელთა ლიგამ სამჯერ გავაგზავნეთ დედაქალაქის მერიაში. ამ პროგრამის განხილვა დაიწყონ ადგილობრივ სპეციალისტებთან, მით უმეტეს, ჩვენთან, მშენებელთა ლიგაში შემორჩენილია ის კადრები, რომელთა მხრებზეც გადავიდა მთელი ნახევარი საუკუნის მშენებლობები თბილისში. კახა კალაძემ საქმე დაიჭიროს პროფესიონალებთან. მერიაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე სხედან არაპროფესიონალები. მერიის სამსახურებში, განსაკუთრებით, მაღალ თანამდებობებზე მშენებელი, ინჟინერი არ არსებობს. არის მხოლოდ არქიტექტორი. ამ დროს, სეისმომედეგობაზე როცა ვსაუბრობთ, აქ მთავარია მშენებელი. შესაბამისად, მერიაში უნდა აიყვანონ გამოცდილი მშენებელი.
სეისმომედეგობის გამო, ალბათ, არსებობს გარკვეული შეზღუდვები. ამ ფონზე რამდენად გამართლებულია თბილისური „ცათამბჯენების“ აშენება?
- მერია თვითონ არღვევს 2010 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებულ სეისმომედეგობის კანონს. ეს არის ყველაზე დიდი რისკი ამ ქალაქში. რკინაბეტონის კარკასული ტიპის შენობა თუკი მდებარეობს ისეთ 8-ბალიან ზონაში, რომელსაც განეკუთვნება თბილისი, მაშინ იქ არ შეიძლება 12 სართულზე უფრო მეტი სართულის აშენება. ხოლო, თუ არის ე.წ. ურიგელო კარკასული შენობა, მაშინ იქ არ შეიძლება 7 სართულზე უფრო მაღალი ნაგებობის აშენება. მაინც თუ ააშენებ მაღალ შენობას, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სეისმომედეგობაზე გათვლილ 4 უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას განახორციელებ, რაც საქართველოში არც ჩატარებულა, ამის არც სპეციალისტები გვყავს, არც მოწყობილობა გაგვაჩნია და არც ტარდება. სწორედ ასე აშენებენ ნაგებობებს თბილისში ბოლო 25 წლის განმავლობაში. ამდენად, რაც არის 12-სართულიანზე უფრო მაღალი რკინაბეტონის კარკასული ტიპის შენობა და 7 სართულზე უფრო მაღალი ურიგელო კარკასული ნაგებობა, ეს ყველაფერი უკანონო მშენებლობაა. ამაში პირველი დამნაშავეა თვითონ მერია.
ასეთი დარღვევები კალაძის დროსაც ხდება?
- ეს ახლა არ დაწყებულა, ეს ძირითადად დაიწყო უგულავას დროს, მერე გააგრძელა ნარმანიამ და ახლა აგრძელებს კალაძის დროინდელი მერიაც. არაფრით არ შეიძლება ამის დაშვება. მივწერე კიდეც პრემიერ-მინისტრს, რომ არ სრულდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები, უბრალოდ, მათ არ ემორჩილებიან და არ ასრულებენ. ასევე, სავალალოა, რომ არ სრულდება კანონი, რომელიც 2008 წელს უგულავამ გააუქმა. ეს არის კანონი, რომელიც არეგულირებდა შენობებს შორის დაცილების საკითხს, ანუ ახლად აშენებულ შენობებს შორის რამდენი უნდა ყოფილიყო მანძილი, რათა იზოლაციის წესები არ დარღვეულიყო და სხვადასხვა მოთხოვნებთანაც შესაბამისობაში მოსულიყო. ეს ნიშნავს, რომ შენობა არ უნდა მიახლოებოდა მეორე შენობას ისე, რომ დაერღვია ფუნდამენტი. ეს ნორმები უგულებელყვეს, აღნიშნული კანონი გააუქმეს და შენობა პირდაპირ მეორე შენობას მიატყუპეს ისე, რომ უკვე ხელს ართმევენ მაღალ კორპუსებში მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს. ესეც უკანონობაა. კი ბატონო, ეს კანონი გაუქმებული იყო, მაგრამ 2014 წელს ისევ ამოქმედდა, რასაც დღემდე მალავს ქალაქის მერია და არ იყენებს. არადა, 2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით ამოქმედდა მთავრობის დადგენილება, სადაც პირდაპირ წერია, რომ, თუ საქართველოში არ არსებობს სამშენებლო კანონმდებლობა და ის ხარვეზიანია, მაშინ დროებით უნდა ვისარგებლოთ საქართველოში 1992 წლამდე არსებული ყოფილი საბჭოთა კავშირის ნორმებით. 1992 წლის შემდეგ საბჭოთა რუსეთის სამართალმემკვიდრეა რუსეთი და უნდა ვისარგებლოთ იმ კანონებით, რაც რუსეთში მიიღეს. ფაქტობრივად, რუსეთზე ვართ ახლა მიბმული და უნდა გადმოვიღოთ ეს კანონები, რადგან 90%-ით არ გვაქვს მოწესრიგებული სამშენებლო კანონმდებლობა. ჩვენ რუსეთის ეს კანონიც მოვიძიეთ და დედაქალაქის მერიას მივწერეთ, რომ შენობები ერთმანეთს უნდა დაშორდეს, ამასთან, მოვთხოვეთ, დარღვევების გამო დროებით შეაჩერონ ნებართვების გაცემა და მოიყვანონ კანონთან შესაბამისობაში. მივუთითეთ ისიც, როგორ უნდა იყოს დაცილებული შენობები, მაგრამ დღემდე ამას არ აკეთებენ.
ქალაქის გენგეგმა რომ მიიღეს, იქ უკვე გადმოდის დარღვევებით გაცემული უკანონო მშენებლობის ნებართვები, ეს ყველაფერი, დაწყებული უგულავადან, ნარმანიადან, ახლანდელი მერიიდან, უკვე დაკანონებულია.
კახა კალაძე უცხოელებს განუმარტავს, რომ ჩვენს დედაქალაქს დიდი პოტენციალი აქვს თანამშრომლობისთვის და ინვესტირების კარგი შესაძლებლობები გააჩნია. როგორ ფიქრობთ, თუნდაც კანონმდებლობის დახვეწაში უცხოელები ვერ დაგვეხმარებიან?
- ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, რაც უკვე მოგახსენეთ, ეს ქალაქი განწირულია. უცხოელებს რომ სთხოვენ დახმარებას, ადგილობრივი ნორმები მაინც მოაწესრიგონ. კატასტროფის წინაშე ვდგავართ. ჩვენ დაპანტენტებული გვაქვს თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამა, თუ რა უნდა გაკეთდეს. გვპირდებოდნენ, რომ შეგვხვდებოდნენ არჩევნებამდე, მაგრამ დღემდე არ გამოგვხმაურებიან. ვიმეორებ, ჩვენს ლიგაში აკადემიკოსები არიან, აქ არის მთელი მშენებლობის ელიტა. საბჭოთა კავშირში ყველაზე ძლიერი მშენებლობის სამინისტრო საქართველოში გვქონდა. თუ საბჭოთა კავშირში რაიმე ნორმალური ნაგებობა იყო, ყველაფერს ქართველი ინჟინრები აპროექტებდნენ, ქართველები აშენებდნენ და კვალიფიციური მუშებიც ჩვენიდან მიჰყავდათ. სწორედ ასეთი გამორჩეული ხალხის 8 ხელმოწერა გაიგზავნა მერიაში და მათ არც კი უპასუხეს წერილზე. დღემდე გრძელდება უბედურება. თქვენ წამოიდგინეთ, თავის დროზე 13-სართულიანების მშენებლობა შევაჩერეთ და ახლა 7-სართულიანების ნაცვლად ააშენეს 20-სართულიანი, 30-სართულიანი, 40-სართულიანი შენობები. 65-სართულიან შენობას აპროექტებენ ბათუმისთვის, წარმოიდგინეთ, სადამდე მივედით.
ფიქრობთ, რომ ეს ურბანული ქაოსია?
- ქაოსი კი არა, საშინელებაა და პირველი დანაშაულია ქალაქის წინაშე. შენობა შენობას მიადგეს და 3, 4 და 5-სართულიან შენობებს ლამის თავზე დაადგეს 30 და 32 სართულიანები. 8-ბალიანი მიწისძვრა რომ მოხდეს და ის 3 და 4-სართულიანი შენობა კიდევაც რომ გადარჩეს, ეს მაღალი კორპუსები პირდაპირ ჩამარხავენ ადგილზე დაბალსართულიან შენობებს, ანუ დაბალი შენობები დასამარხად არის განწირული. ამასთან, მაღლივმა კორპუსებმა დაბალ შენობებს მიადგეს მაღლივი კორპუსების საძირკვლებიც, 14-20 მეტრით სიღრმეში წავიდნენ, გამოუთხარეს საძირკველი დაბალსართულიან შენობებს და დატოვეს ჰაერში. იქ მოხვდება თოვლი, წყალი, დასველდება გრუნტი, სულ სხვა თვისებებს შეიძენს გრუნტი და დაიბზარება და დაიშლება მთელი შენობა. რომელ მდგრადობაზეა საუბარი. ჯერ რაც გამოსასწორებელია, ამაზე ვილაპარაკოთ და გვითხრას კახა კალაძემ, რას აპირებს.