რას იძიებს ჰააგის სასამართლო და ვინ იყენებს ჯარისკაცებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის

რას იძიებს ჰააგის სასამართლო და ვინ იყენებს ჯარისკაცებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის

ჰააგაში მიმდინარე სასამართლოსა და ქართველი სამხედროების შესაძლო დაპატიმრებაზე დიდი დაპირისპირება-ბრალდებები ბოლო დღეებია არ წყდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

ოპოზიცია აცხადებს, რომ „ოცნება" ცდილობს 2008 წლის ომში „ნაციონალების" დროინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები და ქართველი სამხედროები დასვას ბრალდებულის სკამზე ჰააგაში, ხოლო „ოცნება" ოპოზიციას ქართველი ჯარისკაცებით სპეკულირებასა და თემის პოლიტიზირებაში სდებს ბრალს.

რას იძიებს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო, რომელიც 2016 წლის იანვარში დაიწყო და ვინ იყენებს ქართველ სამხედროებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის - ბრალდებები იუსტიციის მინისტრის ინტერვიუს შემდეგ დაიწყო.

თეა წულუკიანმა ოთხშაბათს „იმედთან" ინტერვიუში თქვა, რომ ჰააგის პროკურორმა შესაძლოა აგვისტოს ომის ზოგიერთი მონაწილის დაკავების მოთხოვნა დააყენოს ეთნიკურობისა და მოქალაქეობის მიუხედავად და აქ საქართველოს ხელისუფლება არ იქნება წარმოდგენილი როგორც მხარე. სწორედ ამ განცხადების გამო დაიწყო ბრალდებებიც გაერთიანებული ოპოზიციიდან, რომ იუსტიციის მინისტრმა მინიშნება გააკეთა და შესაძლოა ქართველ სამხედროებს პატიმრობა დაემუქროთ.

მათ საპასუხოდ კი გუშინ „ოცნებიდან" არაერთი განცხადება გაკეთდა.

თეა წულუკიანმა თქვა, რომ მათი მიზანია დაამტკიცონ ქართველების ეთნიკური წმენდა, ქართველი ტყვეების წამება, ოპონენტები კი ცდილობენ ჯარისკაცები აიყოლიონ პროვოკაციაში და ეს არ გამოუვათ.

„ვინ ვინ და ჯარმა ყველაზე კარგად იცის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ასევე ქვეყნის გარეთ იუსტიციის მინისტრი და იუსტიციის სამინისტრო, ასევე ქართული ოცნების მთავრობა იყო, არის და იქნება მათი ყველაზე ერთგული მხარდამჭერი,"- განაცხადა წულუკიანმა.

ასევე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბინძური ტყუილია, რომ თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედროებს ემუქრებათ ჰააგაში გასამართლების საფრთხე, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტს - საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.

„ვერ ეღირსებით, ბინძური ტყუილებით ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთიანობასა და სიმტკიცეში ბზარის გაჩენას!"- აცხადებს კალაძე.

მისი თქმით, ეს სიცრუე მოიგონეს მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ისტორიისა და მისი მომავლის წინაშე, „ვინც საკუთარი გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკით პრაქტიკულად რუსის ჯარს შემოუძღვა საქართველოში, დაკარგა 150 სოფელი, მათ შორის, ჯერ განაიარაღა და მერე უბრძოლველად ჩააბარა კოდორი, მტერს შეატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი დაღუპული გმირების ცხედრების გამოტანაზეც არ უზრუნია" და ახლა ახლა რუსი პოლიტტექნოლოგების რჩევით და რეკომენდაციით, გმირი სამხედროების ზურგს ამოფარებულები ცდილობენ სხვას დააბრალონ ის, რაც თავად დაუშავეს ხალხს და ქვეყანას.

ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობა გამორიცხა, თუმცა ყოფილი ხელისუფლების შესაძლო პასუხისმგებლობა არ გამორიცხა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, ჰააგაში შესაძლოა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც იძლეოდა ბრძანებებს 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს.

„პასუხისმგებლობა არის ვერტიკალური და უკანონო ბრძანების გამცემ პირებზე შეიძლება ჩვენ ვიმსჯელოთ, თუ ვინ გასცა უკანონო ბრძანება," - განაცხადა ბესელიამ.

გაერთიანებული ოპოზიცია კი თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს.

როგორც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხდა, წულუკიანი საკუთარი განცხადებებით სახელმწიფოს წინაშე დანაშაულს სჩადის და ამ ყველაფერს ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ ისევე გამოიყენებს, როგორც ზურაბიშვილის განცხადებებს იყენებს ამჟამად.

მისი თქმით, კალაძემ განაცხადა, რომ თითქოს ოპოზიცია ამბობს, რომ ჰააგის სასამართლომ შეიძლება გამოიძიოს კონკრეტული სამხედროების საქმეები და სჯობს კალაძემ იუსტიციის მინისტრის ინტერვიუს მოუსმონოს.

„წულუკიანმა პირდაპირ თქვა, რომ კონკრეტულ პირებზე, სამხედროებთან მიმართებაში, შეიძლება საქმე აღძრას ჰააგის სისხლი სამართლის სასამართლომ. უფრო მეტიც, მან პირდაპირ ეთერში ჩაიდინა დანაშაული, სადაც თქვა რომ ეს სამხედროები და სახელმწიფო არაფერ შუაში არ არის ერთმანეთთან და თითქოს ეს გმირები იყვნენ ვიღაცა ადამიანები, ისე საუბრობს ამ ადამიანებზე. უფრო მეტიც, 2015 წელს ქალბატონმა წულუკიანმა გააგზავნა წერილი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში, სადაც თქვა, რომ ქართულმა მხარემ შეწყვიტა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით. რა მიზნით? ძალიან კარგად იცოდა, რომ ამის შედეგად ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო სწორედ ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ დაიწყებდა გამოძიებას და რამდენიმე თვეში ეს გამოძიება ისევ განაახლა და ეგონა, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩებოდა ყველასთვის,"- აცხადებს ვაშაძე.

მისივე თქმით, არ შეიძლება „ოცნებამ" პერსონალურ ინტერესებს გადააყოლოს თავიდან ბოლომდე ქვეყანა და სახელმწიფო.