არავინ იცის წინასაარჩევნო დაპირებაა თუ არა, მაგრამ ტყიბულელებს თავად პრემიერმა მისცა იმედი იმისა, რომ დეკემბერში შახტებში მუშაობა აღდგება. მანამდე მუშაებისთვის ხელფასების გადახის პრობლემა არ იქნება. მომავალი წლიდან კი ტყიბულში ტექსტილის ქარხანაც გაიხსნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყიბულში, მინდელის შახტის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში ტყიბულელ მეშახტეებს და კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ: მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტი ელგუჯა გოცირიძე, იმერეთის მხარის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მეშახტეებმა განაცხადეს, პრემიერი მათ დაპირდათ, რომ შახტში საწარმო პროცესი დეკემბერში აღდგება. გარდა ამისა, არაუგვიანეს მომავალი წლისა, უნდა ჩამოყალიბდეს შახტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოს ფუნქციონირება სტაბილური ვერ იქნება.
„ნახშირის მოპოვების სექტორს პროგნოზირებადობა და მდგრადობა სჭირდება. ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ შახტა ფუნქციობდეს, მაგრამ შრომის უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა და ამ კუთხით მაღალი დისციპლინა აუცილებელია. ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას“, - განაცხადა ბახტაძემ.
დაპირებები ამით არ ამოწურულა. თითქმის გადაწვეტილია, რომ მომავალი წლიდან ტყიბულში დაიწყება ტექსტილის ახალი ქარხნის მშენებლობა, სადაც სამუშაო ადგილები შეიქმნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება პირველ ეტაპზე 5 მილიონი აშშ დოლარია და მას საპარტნიორო ფონდი ჩინელ ინვესტორებთან ერთად განახორციელებს.
ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაც ვარაუდობს, რომ ტყიბულის შახტებში მუშაობა დეკემბრის შუა რიცხვებიდან განახლდება. ამ ეტაპზე საერთაშორისო კომპანია აწარმოებს დეტალურ შემოწმებას, თუმცა ხელისუფლებამ თავისი რესურსებით შემოწმება უკვე მოახდინა.
„მიმდინარეობს ტექნიკური შეფასება შახტების უსაფრთხოებაზე. ეს შეფასება დასრულდება დეკემბერში და იმ უბნებზე, სადაც გვექნება უსაფრთხოების გარანტირებული დასკვნა, დავიწყებთ მუშაობას.
ვიდრე ეს სამუშაოები დაიწყება, ჩვენ შევთანხმდით მეშახტეებთან, რომ გადავუხდით ხელფასს. მუშაობის აღდგენის შემდეგ პროცესები ჩვეულებრივ გაგრძელდება. ყველა ხედავს, რომ არ შეგვიწყვეტია ხელფასების გადახდა, წინა თვეში გადახდილია და ამ თვეშიც ასევე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა არ აღდგენილა. ყველა უნდა დავრწმუნდეთ, რომ იქ სადაც მუშაობა დაიწყება, იქნება უსაფრთხო“, - განაცხადა ქობულიამ.
5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ტყიბულის შახტაში სამუშაოები დროებით შეჩერდა. შემდეგ ისევ განახლდა, მაგრამ ივლისის ბოლოს კვლავ ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელიც ასევე ფატალურად დასრულდა. ამის შემდეგ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შახტების დახურვის თაობაზე.