"თუ ქართველმა სამხედროებმა რამე ჩაიდინეს, ამ მიმართულებით ჰააგაში რა გინდა?! იმიტომ რომ, ჩვენს ხელისუფლებას აქვს სურვილი, სააკაშვილი დაადანაშაულოს, შეიძლება ქვეყანა დააყენო რისკის ქვეშ?! ზუსტად იგივე სურვილი აქვს რუსეთის ხელისუფლებასაც. რუსეთი აცხადებს, რომ ჩემს სამშვიდობოებს დაესხა თავს საქართველო, ამიტომ დაიწყო ომი და მთელი ეს ამბავი. სწორედ ამ ნაწილშია ძაღლის თავი დამარხული, რასაც სამწუხაროდჩვენი ხელისუფლება ერთი-ერთში იმეორებს რუსეთის ნარატივს და ერთი-ერთში უნდათ, რომ სააკაშვილის გასამართლებამდე მივიდეს საქმე. ეს კი შეგნებული საზოგადოებისთვის მიუღებელია და მინდა გითხრათ, რომ არც გამოუვათ,"- აცხადებს ა/ო "ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი.
„რეზონანსი": ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო ბოლო დღეებში პოლიტიკური ბრალდებების საგანი გახდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ მმართველ ძალას სამხედროებისა და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაპატიმრება სურს ამ სასამართლოს მეშვეობით და არგუმენტად თეა წულუკიანის ინტერვიუ მოჰყავს, სადაც მინისტრმა თქვა, რომ თუ დანაშაული მომხდარია, პასუხისმგებლობა დადგება ყველასი ინდივიდუალურად, ეთნიკურობისა და მოქალაქეობის მიუხედავად და აქ სახელმწიფო ვერ იქნება მხარე. ხელისუფლება კი ამბობს, რომ ოპოზიცია ჯარისკაცების თემით სპეკულირებს. რამდენად არის იმის ალბათობა, რომ ჰააგამ დააპატიმროს ქართველი სამხედროები და პოლიტიკოსები?
მარიამ ჯიშკარიანი: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ. ისეთს, როგორიცაა ეთნოწმენდა, გენოციდი, ადამიანები გატაცება, უკანონო პატიმრობა, მკვლელობები. რუსეთ-საქართველოს ომთან მიმართებაში გამოძიება მიმდინარეობს შემდეგი მუხლებით: ქართველი მოსახლეობის ეთნოწმენდა, მკვლელობები, როგორც რუსულ, ისე ქართველ სამშვიდობოებზე თავდასხმა და შემდგომ კიდევ სხვა დანაშაულებები, თუკი რამე გამოიკვეთა, მათ შორის არაპროპორციული ძალის გამოყენება სამოქალაქო სამიზნეების მიმართ ქართული და რუსული მხრიდან, ანუ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა.
ის განცხადებები, რომელსაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილი და მათი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ერთი-ერთში ემთხვევა რუსეთის სახელმწიფოს პოზიციას ამ დავაში. რუსეთის პოზიცია დაფიქსირებულია ჰააგის პროკურორ ფატუ ბენსუდას ანგარიშში, რომლითაც მან მოითხოვა გამოძიების დაწყება. რუსეთის პოზიცია ზუსტად ისაა, რომ საქართველომ დაიწყო სამხედრო კონფლიქტი იმით, რომ დაესხა თავს სამშვიდობოებს და მოახდინა ე.წ. მძინარე ცხინვალის დაბომბვა. იმავე ანგარიშში საქართველოს პოზიცია ასეთია, რომ საქართველოს წარმოდგენილი აქვს სხვა მტკიცებულებები და რომ პირიქით მოხდა - საქართველოს სამშვიდობოებზე თავდასხმა და რომ იბომბებოდა ქართული მოსახლეობა და რომ საქართველოს ხელისუფლება იძულებული შეიქმნა ეპასუხა თავდაცვითი მიზნით. დღევანდელი ხელისუფლება კი განცხადებებით რუსეთის პოზიციას იზიარებს.
„რ": სასამართლოს იურიდიული მტკიცებულებებით გამოაქვს განაჩენი და „ოცნებიდან" პოლიტიკურ განცხადებებს გადაწყვეტილების მიღებისას რამდენად ექნება დიდი მნიშვნელობა?
მ.ჯ: რა თქმა უნდა, ექნება. თუ ქვეყანა იზიარებს რუსეთის პოზიციას, რომ თვითდადანაშაულებას ახდენს, ეს გავლენას მოახდენს გამოძიებაზე, გავლენას მოახდენს მოწმეებზე ფსიქოლოგიურად, ეს მთლიანად ჯარის დემორალიზებას გამოიწვევს, დევნილების დემორალიზებას გამოიწვევს, რომელიც მსხვერპლია და თურმე საკუთარი სახელმწიფო ყოფილა დამნაშავე მაში, რომ ის ეთნოწმენდის მსხვერპლი გახდა. სიტუაცია მარაზმამდე მიდის. ეს არის რუსული სტრატეგია და ის, რაც რუსეთს უნდა ამ სასამართლოში. იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება, იმიტომ რომ, გამოძიება ობიექტურია და სხვა მტკიცებულებებიც იქნება. თუმცა, ამავდროულად საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ეს არ არის მარტო პოლიტიკური განცხადებები, ჩვენ ხომ არ ვიცით ამის უკან რა დგას. იუსტიციის სამინისტრო ამ გამოძიებას მტკიცებულებებს აწვდის და რას აწვდის, ჩვენ ხომ არ ვიცით?! შესაძლებელია, სრულიად ცალმხრივად აწვდის და არ აწვდის იმას, რაც ობიექტურია.
ხელისუფლება, რომელიც ასეთ საზიანო განცხადებებს აკეთებს და მიკერძოებულია, რა თქმა უნდა, არაობიექტური იქნება და მათ მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებს ჩვენ ვერ დავეყრდნობით, ეს რისკის ქვეშ აყენებს მთლიანად საქართველოს იმიჯს და ამ ომის სიტუაციას. აბსურდამდე მიდის საქმე, რომ თურმე საქართველო ყოფილა ის ქვეყანა, რომელიც თავს დაესხა რუსეთს.
„რ": შესაძლებელია, რომ რუსული მხარე არ დაისაჯოს და დაისაჯოს ქართული მხარის რომელიმე მაღალჩინოსანი და სამხედრო?
მ.ჯ: მგონია, რომ ასე ვერ მოხდება, თუმცა რუსეთის დიდი მცდელობაა ეს გადაბრალდეს მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს და ქართულ მხარეს, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო სამხედრო კონფლიქტი და ამით გაიმართლოს თავი ეთნოწმენდასა და ოკუპაციაზე. რუსეთს ეს მცდელობა ერთი ერთში ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო მცდელობას.
„რ": ჰააგაში სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო 2016 წლის იანვარში. ოპოზიცია ამბობს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მიმართა ჰააგას, ჩვენ ქვეყნის შიგნით ამ ომის გამოძიებას ვერ ვაწარმოებთ და იქნებ თქვენ გამოიძიოთო და ამ მოთხოვნით რისკის ქვეშ დააყენა სამხედროები. თუმცა წულუკიანმა თქვა, რომ საიამ და სხვა არასამთავრობოებმა მიმართეს პეტიციით ჰააგას 2012 წელს. რატომ დაიწყო ეს გამოძიება და რა რისკი გაჩნდა?
მ.ჯ: ასე მარტივად არ არის საქმე. არასამთავრობოებსაც აქვს მიმართული და მთავრობამაც მაშინვე 2008 წელს აცნობა ჰააგის სასამართლოს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა კაცობრიობის წინაღმდეგ მიმართული დანაშაული რუსეთის მხრიდან. ამ თანამშრომლობაში არაფერი ცუდი არ არის, ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულია უმძიმესი დანაშაულებანი და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. შესაბამისად, 2008 წელს საქართველოს პროკურატურაში აღიძრა საქმე კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულზე და პარალელურ რეჟიმში ინფორმირებული ხდებოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოც რა ეტაპზე იყო გამოძიება. რა თქმა უნდა დადგებოდა ის ეტაპი, როცა საქართველოს ხელისუფლება იტყოდა, რომ ვერ იძიებს საქმეს, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ და რუსეთი არ თანამშრომლობს. ამიტომ, არაფერი ცუდი არ არის, რომ ჰააგა იძიებს, თუ გამოძიება ობიექტური იქნება და საქართველოს ხელისუფლება თუ მიაწვდის იმ ობიექტურ ინფორმაციას, რაც მართლა არსებობდა.
ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან გაგზავნილია 93 ქეისი ეთნოწმენდის, წამებისა და უკანონო პატიმრობის ქეისები და ჩვენი ორგანიზაციის მასალებიც დაედო საფუძვლად ამ გამოძიებას. შემდგომში მოხდა ის, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ძიება 2015 წელს შეწყვიტა და ამის შემდეგ დაიწყო ძიება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ საქართველოს მხრიდან არანაირი დანაშაული ჩადენილი არ ყოფილა, ასეთი მტკიცებულებები და საჩივრები ჩვენთან არ შემოსულა, მაგრამ თუ არსებობდა ასეთი საჩივრები, ჩვენი სამხედროების მიერ ჩადენილ რაიმე დანაშაულზე, ეს ჩვენს ხელისუფლებას თვითონ უნდა გამოეძია. რა უშლიდა ხელს, რომ თუ ვინმე დამნაშავე იყო, თავად დაესაჯა და საქმე არ მისულიყო ჰააგამდე?!
„რ": იქნებ გამოძიება დასრულდა და არც ერთი ქართველის დამნაშავეობა არ დადასტურდა? რა ვიცით ჩვენ ამ მიმართულებით?
მ.ჯ: მაშინ წულუკიანმა ასე კი არ უნდა იმეტყველოს, არამედ გამოვიდეს და თქვას, რომ ჩვენ გამოვიძიეთ და ჩვენი მხრიდან, ჩვენი სამხედროები მხრიდან არანაირი დანაშაული ჩადენილი არ არის. დღეს რასაც ხელისუფლება აკეთებს, ეს სამარცხვინო განცხადებებია. გვითხრან, სადამდე მივიდა გამოძიება და რა დაადგინეს იმ ნაწილში, რაც საქართველოს ეხება?! თუ ქართველმა სამხედროებმა რამე ჩაიდინეს, ამ მიმართულებით ჰააგაში რა გინდა?! ჩვენი ხელისუფლების განცხადებებიდან კი ეჭვქვეშ დგება, რა მიმართულებით თანამშრომლობს ჩვენი ხელისუფლება. იმის გამო, რომ ვიღაცას ვიღაცის მიმართ პოლიტიკური ინტერესი აქვს, ხომ არ შეიძლება ქვეყანა გადავაყოლოთ?! იმიტომ რომ, ჩვენს ხელისუფლებას აქვს სურვილი, სააკაშვილი დაადანაშაულოს, შეიძლება ქვეყანა დააყენო რისკის ქვეშ?! ზუსტად იგივე სურვილი აქვს რუსეთის ხელისუფლებასაც. რუსეთი აცხადებს, რომ ჩემს სამშვიდობოებს დაესხა თავს საქართველო, ამიტომ დაიწყო ომი და მთელი ეს ამბავი. სწორედ ამ ნაწილშია ძაღლის თავი დამარხული, რასაც სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება ერთი-ერთში იმეორებს რუსეთის ნარატივს და ერთი-ერთში უნდათ, რომ სააკაშვილის გასამართლებამდე მივიდეს საქმე. ეს კი შეგნებული საზოგადოებისთვის მიუღებელია და მინდა გითხრათ, რომ არ გამოუვათ.