გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ გადაცემა „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ -ში სტუმრობისას საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვაზე დახარჯული ფული შავ ხვრელში ჩასხმული გამოდის, რადგან სახელმიწფოსთვის პრიორიტეტი არა პირველადი ჯანდაცვა, არამედ მომაკვდავი ადამიანების მკურნალობაა.
„მთავარი საკითხი, რაზეც ვფიქრობ, ის არის, რომ დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში ყურადღება არ არის გამახვილებული ინფრასტრუქტურაზე. მეორე – საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეს არის პრევენცია, ანუ მკურნალობ არა ავადმყოფს, არამედ მანამდე ვერევით ამ ყველაფერში, სანამ ავადდება ადამიანი, რაც არის დასავლური პრაქტიკა და რისკენაც მიემართება აბსოლუტურად ყველაფერი.
ნაცვლად იმისა, რომ გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ფინანსები უკვე ამ მიმართულებით დახარჯულიყო, ჩვენ ამ ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს. ანუ, მაგალითად, ადამიანს რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიოთერაპია მიიღოს და ვიცით, რომ ამან შეიძლება, ექვსი თვით გაუხანგრძლივოს ცხოვრება. მაგრამ არ ვხარჯავთ იმის ნახევარ ფულს იმაზე, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართოს და არ მივიდეს სამკურნალოდ აქამდე. აი, ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგია, რომ მაქსიმალურად იყოს ყურადღება გამახვილებული საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის გნცხადებას „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე გამოეხმაურა. მან ვაშაძის გამოსვლა ჰიტლერის ფაშისტურ განცხადებას შეადარა და ამომრჩეველს გამოფხიზლებისაკენ მოუწოდა.
„ეს რა არის მეგობრებო? როცა საქართველოში ონკოლოგიურად დაავადებული 10 000 ადამიანია, ამას იცით რა ჰქვია? ამას ჰქვია რადიკალური სოციალდარვინიზმი, ანუ ფაშიზმი და მე წაგიკითხავთ ჰიტლერის 1929 წლის ნიურნბერგში ნათქვამ სიტყვებს და შეადარეთ; „თუ გერმანია წლიურად 700 დან 800 ათასამდე სუსტ, დაავადებულ ადამაინს თავიდან მოიშორებს, საბოლოოდ, შედეგად, მივიღებთ ძალთა ამაღლებას“, - მოსახლეობას მივმართავ და იმათ, ვინც ამათ მხარი დაუჭირა: ძმებო და მეგობრებო, ახლა მაინც გამოფხიზლდით რა საფრთხის წინაშე დგახართ და ვისთან გაქვთ საქმე“.
ვაშაძის განცხადებას კრიტიკა მოჰყვა სოციალურ ქსელშიც და ბევრმა ამას მთლად ფაშიზმი არა, მაგრამ სალანძღავი სიტყვები არ დააკლო.
რა იგულისხმა გიორგი ვაშაძემ და რამდენად სამართლიანად გააკრიტიკა ჯანდაცვის სფერო, For.ge ამ თემაზე ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტს, სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა.
ბატონო სერგო, რამდენად სწორად და სამართლიანად დააყენა საკითხი გიორგი ვაშაძემ, რადგან ეს განცხადება ბევრი ადამიანისთვის და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კრიტიკის საგანი გახდა?
- ამ განცხადებას მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია, თორემ ის ღლიცინი, რომ გართულებულ შემთხვევებს და ონკოლოგიურ ავადმყოფებს არ ვუმკურნალოთ, ასეთი რამ როგორ უნდა მოუვიდეს ადამიანს თავში? გიორგი ვაშაძის განცხადება ეხებოდა პრევენციის როლს და რამდენად მნიშველოვანია ადრეული დიაგნოსტიკა. ელემენტარული ჭეშმარიებაა, რომ დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და საერთოდ თავიდან აცილება, პროფილაქტიკა, ბევრად უფრო იაფია და მარტივია, ვიდრე გართულებული დაავადების მკურნალობა. ვაშაძის განცხადებაში ამაზე იყო აქცენტი, რომ სახელმწიფო არ დგანს სათანადო ნაბიჯებს, რომ ეს პრევენცია სათანადო დონეზე იყოს.
პირველადი ჯანდაცვა თუ გამართული გვექნება, ნაკლები დანახარჯი გვექნება ჰოსპიტალურ სექტორში, ქრონიკულ დაავადებებში, იგივე სიმსივნეების ადრეული პრევენცია თუ მოხდება და ა.შ. ეს არის სამედიცინოს ჩვეულებრივი ანა-ბანა.
გარდა იმისა, რომ პირველად ჯანდაცვას ყურადღება უნდა მიექცეს, რაზეც ვაშაძემ ისაუბრა, 2017 წლის სტატისტიკის მიხედვით ვხედავთ, რომ პრობლემაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტშიც, ანუ სახელმწიფო ვერ ახერხებდა საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების შეკავებას და გეგმური ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა...
დიახ, და მინდა გითხრათ, რომ ახლაც გაზრდილია.
- იმის გამო, რომ საყოველთაო ჯანდაცვა გეგმიურ შემთხვევებს 70% - 80%-ით აფინანსებს, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებს, 100%-ით, ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, თქვა, რომ ექიმები, პაციენტების სამკურნალო დოკუმენტაციის შედგენისას გეგმურ შემთხვევებს გადაუდებლად ასაღებდნენ და საბოლოოდ ამიტომაც ვერ ხდებოდა ჯანდაცვის ხარჯების შეკავება...
ეს არის უბრალოდ ექიმებზე გადაბრალება და ექიმებზე ამის გადაბრალება პირდაპირ გეტყვით, რომ არის დიდი უნამუსობა. ექიმებთან არის ხარისხის, გადამზადების და ა.შ. რაღაც პრობლემები, მაგრამ სახელმწიფო რომ ხარჯებს ვერ აკონტროლებს, ეს არის იმ სახემწიფო სისტემის, მენეჯმენტის და იმ პოლიტიკის ბრალი, რომელსაც სახელმწიფო აწარმოებს. ამაზე პასუხისმგებელია ჯანდაცვის მინისტრი და ჯანდაცვის სამინისტროს მაღალი ეშელონები.
5 წელია რაც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა. რა გაკეთდა დადებითი ამ პროგრამაში და ასევე, ოპოზიციურ პარტიებს ამ პროგრამის ფარგლებში, რა ხელჩასაჭიდი პრობლემები დარჩათ გასაკრიტიკებელი, რომელიც შეიძლება ვაშაძის მსგავსად რომელიმე პარტიამ ასე ვთქვათ წამოაძახოს ხელისუფლებას?
- დადებითი იყო, ის რომ გეოგრაფიული და ფიზიკური ხელმისაწვდომობა გაიზარდა. უფრო მეტ ადამიანს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებებს. ასევე ოპერაციებზე ვიტყვი, რომ დიდი სეგმეტი დაფინანსდა და ეს კარგია.
უარყოფითი ტენდენცია არის ის, რომ 2014-15 წლებში უკეთესი იყო დაფინანსების სქემები და 2017 წლიდან გაუარესდა. როგორც წესი პროგრამას იწყებ ნელ-ნელა, აფართოებ, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა, იმიტომ, რომ თავიდანვე არ იყო გათვლილი. დაიწყეს უფრო დიდი და უფრო კარგი პაკეტით, და შემდეგ უკვე გადავიდნენ შეზღუდვაზე. მაგალითად, ამბულატორიული პირები თუ არ არიან სოციალურად დაუცველები ან სპეციალურ ჯგუფებში მოქცეული, სახელმწიფო არ აფინანსებს მათ და თავისი ჯიბიდან იხდიან, ეს არის ძალიან ცუდი.
ამას გარდა, არის ხარისხის პრობლემა, ასევე არ გაუმჯობესებულა სამედიცინო პერსონალის პირობები. ასევე წამლების კომპონენტის გათვალისწინება ვერანაირად ვერ მოხერხდა და არ მოხერხდა ამ პროგრამაში, რაც არის ამ სისტემის ნაკლი.
თვითონ პროგრამა თავისთავად კარგი წამოწყებაა და უკეთესი განვითარება უნდა ჰქონოდა თავიდანვე, რომ როგორც გიორგი ვაშაძემ თქვა, პირველადი ჯანდაცვის რეფორმირებით დაწყებულიყო.
კარგია, რომ სახელმწიფო ხარჯავს ფულს. უფრო მეტიც უნდა დახარჯოს, იმიტომ, რომ არის ამის საშუალება. მაგალითად, შევარდნაძის დროს საყოველთაო ჯანდაცვის კიარა ვერანაირი პროგრამა ვერ გვექნებოდა, რადგან 50 მილიონი იყო სულ ჯანდაცვის ბიუჯეტი და მთელ ქვეყნის ბიუჯეტი 500 მილიონი. ბიუჯეტი გაიზარდა 9-10 მილიარდამდე და გვაქვს ფუფუნება, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ პროგრამები. კარგია, რომ სახელმწიფო პროგრამები არსებობს, მაგრამ კარგი იქნება, რომ რასაც ვხარჯავთ, იმის შესაბამისი ეფექტი მივიღოთ.