"სად მარხია ძაღლის თავი" თამბაქოს ინდუსტრიაში

უფილტრო სიგარეტის აქციზური განაკვეთი დღესდღეობით 60 თეთრს, ფილტრიანის კი - 1 ლარსა და 70 თეთრს შეადგენს, რის გამოც ქართულმა უფილტრო სიგარეტმა, რომელიც დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის სეგმენტზეა გათვლილი, ბაზარზე მნიშვნელოვნად შეავიწროვა უცხოური წარმოების ნაწარმი, იმის მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი დემპინგური ფასებითაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ადგილობრივი წარმოება მძაფრ კონკურენციაში ამყოფებს უმსხვილეს საერთაშორისო კორპორაციებს. შესაბამისად, შედეგმაც არ დააყოვნა და მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ საქართველოში philip morris international, british american tobacco, japan tobacco international და imperial-tobacco-ს წარმომადგენლობა. მედიაში, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ქვეყნდება ინფორმაცია, რომ ფინანსთა სამინისტრო ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის განაკვეთის გათანაბრების საკითხზე მუშაობს.

საქმე ისაა, რომ ტრანსნაციონალური კომპანიების საქართველოს წარმომადგენლობაში მიიჩნევენ, რომ არ შეიძლება, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტები დაბეგვრის სხვადასხვა რეჟიმში იყოს და აუცილებელია მათი ერთიან განაკვეთში მოქცევა.

იკშეშთრ ფქუკშსფტ ეწიფსსწ-ს კორპორატიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე ამბობს, რომ არსებული პრაქტიკა კანონის შავი ხვრელია და ცვლილებას საჭიროებს.

"სახელმწიფოებრივი მიდგომა არის მთავარი და, ასევე, რა თქმა უნდა, ევროპული გამოცდილება. არც ერთის მიხედვით, სხვადასხვა აქციზი არ უნდა იყოს. საუბარია იმაზე, რომ იყიდება ცალკე თამბაქო და საჩუქრად მოჰყვება ფილტრი. საერთო ჯამში, მომხმარებელი ეწევა ფილტრიან სიგარეტს, მაგრამ ადგილობრივი კომპანიები იხდიან ნაკლებ აქციზს, შესაბამისად, სახელმწიფო დიდ თანხებს კარგავს. წლიურ ჭრილში დაახლოებით 100 მილიონ ლარზეა საუბარი, რასაც სახელმწიფო კარგავს ამ კონკრეტული მიდგომით. თავისთავად ეს არის ხვრელი კანონმდებლობაში, რომელიც უნდა გამოსწორდეს", - აცხადებს ზვიად სხვიტარიძე.

ბუნებრივია, სხვიტარიძეს აშფოთებს, რომ ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტი დაკარგეს, რაც მათი სადისტრიბუციო კომპანიების შემოსავალზე აისახება. ეს არის რეალობა და არა ის, რომ მას ბიუჯეტისთვის "დაკლებული" მილიონები აწუხებს. სხვა თუ არაფერი, ადგილობრივი წარმოება ქვეყნის ბიუჯეტში წელიწადში ათობით მილიონ ლარს იხდის, ტრანსნაციონალურ კომპანიებს კი გაყიდული პროდუქციიდან შემოსავალი თავიანთ ქვეყანაში გააქვთ და საქართველოს ბიუჯეტში მიზერულ თანხას იხდიან, არაფერს ვამბობთ ადგილობრივი წარმოების მიერ დასაქმებულ ათასობით მოქალაქეზე. არის კიდევ სხვა პრობლემებიც, რომელიც იმავდროულად იჩენს თავს, თუ ფინანსთა მინისტრი თავისი წინამორბედი დიმიტრი ქუმსიშვილის მსგავსად ტრანსნაციონალური კომპანიების ლობირებას გააგრძელებს და ამით ქართულ წარმოებას, რომელმაც ეს-ესაა, ფეხი აიდგა, "დაასამარებს".

შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, 2017 წელს ადგილობრივ მწარმოებლებზე 57 მილიონზე მეტი აქციზური მარკა გაიცა, 2018 წელს კი ამ მაჩვენებელმა 63 მილიონ ნახევარ აქციზურ მარკას გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფილტრო სიგარეტის მოხმარება იზრდება და ადგილობრივი წარმოება ვითარდება. ექსპერტების თქმით კი, ეს ტრანსნაციონალური კომპანიების ინტერესში არ შედის.

ეკონომისტი გიორგი ვარდოსანიძე ამბობს, რომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი არა გადასახადების ზრდა, არამედ ადგილობრივი წარმოების განვითარება უნდა იყოს, რადგან ქვეყნებში, სადაც პრიორიტეტი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა, სპეციალურ შეღავათებს უწესებენ საკუთარ წარმოებას და სხვა ქვეყნის ბაზრების ათვისებაშიც ეხმარებიან.

"როგორც ჩანს, ხელისუფლებებს ეშინიათ დამოუკიდებელი ბიზნესის - მათთვის უფრო ხელსაყრელია მუჭში ჰყავდეთ მოქცეული ეს სეგმენტი და ადვილად აკონტროლონ", - აღნიშნავს ვარდოსანიძე.

ეკონომისტი აზიკო (ილია) სისვაძე კი ტრანსნაციონალური კომპანიების ჩვეული მოქმედების სქემაზე საუბრობს და ამბობს, რომ მსგავსი კომპანიების ინტერესი ხშირ შემთხვევაში კონკურენტი ადგილობრივი ბიზნესის ჩაყლაპვა და ბაზრიდან გაძევებაა.

"მოსყიდვა, კონკურენტების ფინანსური მაქინაციების საშუალებით გაკოტრება და ჩაკვლა ტრანსნაციონალური კომპანიების მოქმედების ტაქტიკაა, რაც კანონით არ შეიძლება და ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს კონკურენციის სააგენტოს, თუმცა ფაქტია, რომ ეს სააგენტო, ხადურის ხელმძღვანელობით, ვერ ან არ ასრულებს თავის მოვალეობას, რაც შეიძლება ორი მიზეზით აიხსნას: შესაძლოა, მთავრობიდან მოდის ისეთი დირექტივა, რომ მონოპოლიებს ხელი არ ახლონ, ან ადგილობრივი ბიზნესის შეზღუდვა და ტრანსნაციონალური კომპანიების ბაზარზე შემოსვლა ვიღაცებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროდ არის ქცეული", - აცხადებს სისვაძე.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე კი აღნიშნავს, რომ ერთიანი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა, არც ერთ ხელისუფლებას არასოდეს არ ჰქონდა, მაგრამ შესანიშნავად ლობირებდა დიდ ბიზნესებს, რომელიც ყველაზე დიდი შემაფერხებელია საქართველოში, რადგან ეს "დიდი" ბიზნესები ყოველთვის ხელისუფლებებით იკვებებოდა.

"როდესაც შენ, ხელისუფლება ლობირებას უწევ იმპორტიორებს, ქვეყნის ეკონომიკის 80% ჩამოკიდებულია იმპორტზე, ამ დროს იგნორირებული გყავს შენი ბიზნესი", - ამბობს გიორხელიძე.

ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის ერთიან დაბეგვრის რეჟიმში მოქცევა რომ ტრანსნაციონალური კომპანიების ინტერესებიდან გამომდინარეობს, ამაზე მეტყველებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ასოცირებული პროფესორის - ნიკოლოზ მჭედლიშვილის განცხადება, რომელიც სწორედ "ბრიტიშ ემერიქან თობაქოს" წარმომადგენლობაში მუშაობდა წლების განმავლობაში.

"ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 80-100 მილიონ ლარს კარგავს ბიუჯეტი იმიტომ, რომ უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე სხვადასხვა აქციზია. აქ იყო "ძლიერი" არგუმენტი ის, რომ სოციალურად დაუცველ და ნაკლებშემოსავლიან ფენას შეეძლოს სიგარეტის მოწევა. ეს იყო წლების განმავლობაში, რაც მესმოდა ხოლმე მთვარობის მხრიდან, რომ უფილტრო სიგარეტი უფრო იაფი უნდა ღირდეს და უფრო ნაკლებად იბეგრებოდეს იმიტომ, რომ ხელმისავწდომობა იყოს, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი. ამიტომ მომხრე ვარ, რომ გათანაბრდეს", - აცხადებს მჭედლიშვილი.

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რატომ არ არის მნიშვნელოვანი მჭედლიშვილისთვის შედარებით ნაკლებშემოსავლიანი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება, გაუგებარია. ეკონომისტი აზიკო (ილია) სისვაძე სიგარეტზე ფასის ზრდის შემთხვევაში რამდენიმე შესაძლო სავალალო შედეგს ასახელებს.

"თუ ადგილობრივი ბიზნესი მოკვდა, ეს გამოიწვევს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შემცირებას. გარდა ამისა, როცა მოსახლეობა პროდუქტს გაზრდილი ფასით ყიდულობს, ის უარს ამბობს სხვა სახის პროდუქტზე, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესი აწარმოებს, მაგალითად, თუ 1 თვეში ადამიანს 150 ლარის სიგარეტი სჭირდებოდა, იგივე რაოდენობა მომატებული ფასის გამო თვეში 250 ლარი დაუჯდება, ანუ მათ შორის სხვაობა 100 ლარია და ზარალდება ყველა ის ფირმა, რომლის პროდუქტიც მომხმარებელს ამ 100 ლარით უნდა შეეძინა.

ამასთანავე, თუ ადგილობრივ ბაზარზე შედარებით იაფი სიგარეტი აღარ გამოვა, ან თუ თამბაქოს ფასი საგრძნობლად მოიმატებს, იქნება კონტრაბანდის საფრთხეც, ე.წ. შავი ბაზარი და ეს გამოვა ისე, რომ მთავრობისგან არის ბიძგი, ქვეყანაში დაიწყოს კონტრაბანდა", - აცხადებს სისვაძე.