2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან 5 წლის შემდეგ, არჩევნებზე ხმის მიცემის დღის განსაზღვრა კვლავ სადავო თემად იქცა. მაშინაც და ახლაც, არჩევნების დღედ სამუშაო დღის გამოცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. არგუმენტი კი, 2013 წლის მსგავსად, ახლაც იგივეა: „არჩევნების შუა კვირაში გამართვა „საკმაოდ პრობლემურია“ მათთვის, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს და ვისაც ქვეყნის შიგნით გადაადგილება უწევს, რათა რეგისტრაციის ადგილზე მისცეს ხმა“.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქალაქეებს პოზიციის დაფიქსირება სამუშაო დღეს მოუწევთ, რასაც არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია დღესაც აპროტესტებს. საარჩევნო თარიღის გამოცხადების დღეს, სამმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ - “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” განცხადება გაავრცელა და ცესკოს მოუწოდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არასამუშაო დღეს დაენიშნა. განცხადებაში წერია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რიგი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. თუმცა მათი ეს მოთხოვნა საარჩევნო ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა და არჩევნების ჩატარების დღედ 28 ნოემბერი, ოთხშაბათი განსაზღვრა. სხდომის შემდეგ კი ცესკომ 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოაცხადა. ამავე დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ და ცესკოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს დანიშვნას აპროტესტებდნენ.
შედარებისთვის: არასამთავრობოთა პროტესტს 5 წლის წინ საარჩევნო თარიღის ცვლილება მოჰყვა. მაშინ, 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ იმჟამინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, შეეცვალა არჩევნების თარიღი. 2013 წლის პირველ ივლისს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავდაპირველად არჩევნების თარიღად 27 ოქტომბერი, თვის ბოლო კვირა დღე განსაზღვრა, თუმცა დაახლოებით სამი საათის შემდეგ, პრეზიდენტის პრეს-პიკერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 27 ოქტომბერი შეარჩია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ თავდაპირველი თარიღი შეცდომით გამოცხადდა და რომ არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდებოდა. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის გუნდი ცესკოს გაადწყვეტილებას დღეს ოპოზიციის პოზიციიდან აპროტესტებს.
"2013 წელსაც, პრეზიდენტს ჰქონდა უფლებამოსილება, რომ კანონის თანახმად დაენიშნა არჩევნები და მან აირჩია ხუთშაბათი. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ საზღვარგარეთ და საქართველოში მყოფი ამომრჩევლისთვის, რომელსაც სხვა რეგიონში უწევს გადაადგილება, არჩევნებში მონაწილეობა დაბრკოლება იქნებოდა. მაშინ ჩვენ ეს განცხადება გავავრცელეთ და პრეზიდენტმა შეცვალა არჩევნების თარიღი. მაშინაც და ახლაც მივიჩნევთ, რომ ცესკოს ჰქონდა უფლება, არჩევნები დაენიშნა პირველ დეკემბერს, რაც არ გააკეთა. ჩვენ სხდომის გამართვამდე გავავრცელეთ საერთო განცხადება და იგივე არგუმენტების გათვალისწინებით მოვუწოდებდით ცესკოს, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, არჩევნები დაენიშნა არასამუშაო დღეს“, - განუცხადა "2020NEWS"-ს "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა ნინო რიჟამაძემ.
2013 წლისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ მაშინ არასამთავრობო სექტორის ძალისხმევას შედეგი მოჰყვა და საპრეზიდენტო არჩევნების დღედ, ხუთშაბათის ნაცვლად კვირა განისაზღვრა.
დღეს, სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე განცხადების გავრცელებით შემოიფარგლნენ, თუმცა როგორც უკვე ცნობილია, მათ ამ აქტივობას ცვლილება არ მოჰყოლია და არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება. ეს დღე საქართველოში უქმედ გამოცხადდა.