რუსული ბენზინი და დიზელი საქართველოში იმდენად მომძლავრდა, რომ პირველ ადგილზე გადავიდა და მისი წილი ბაზარზე გამუდმებით იზრდება. რამდენად სახიფათოა ჩრდილოეთ მეზობელზე ენერგოსაკითხებში მჭიდრო დამოკიდებულება, ეს ყველას მოეხსენება და გარდა ამისა, არსებობს კითხვები საწვავსი ხარისხთან დაკავშირებით.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელ ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა შემოვიდა რუსეთიდან - 241,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,5%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, წელს სწორედ რუსეთია საქართველოსთვის საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი.
სულ 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 910,1 ათასი ტონა, რაც 26,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (883,7 ათასი ტონა).
მან ჩაანაცვლა რუმინეთი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი იყო.
„სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ ეს შედეგი რუსული ბრენდების სიმრავლითაა გამოწვეული. რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავი მცირედით, თუმცა მაინც ძვირია რუსულ ბენზინზე და შესაბამისად, მივიღეთ მსგავსი შედეგი.
„ძირითადი მიზეზი არის ეკონომიური ხასიათის. საბოლოო ჯამში, თბილისში მიღებული საწვავის თვითღირებულება ოდნავ უფრო იაფია, ვიდრე, დავუშვათ, რუმინეთიდან შემოტანილი საწვავის თვითღირებულება. კომპანია „გალფის“ უკან დგას „როსნეფტი“ რუსული სახელმწიფო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდა საქართველოს ბაზარზე, ასევეა „ლუკოილიც“, ისიც რუსული კომპანია და მათი წილიც საქართველოს ბაზარზე ძალიან დიდია.
ზოგადად დამოკიდებულება საქართველოს და რუსეთს შორის, მოგეხსენებათ, არც ისე გადასარევია, აქედან გამომდინარე ეს ენერგეტიკული დამოკიდებულება როდის და რა საფრთხეს მოგვიტანს დროის ამბავია“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ იაკობიძემ.
განსხვავებული პოზიცია აქვს თსუ-ს ბიზნესისა და ეკონომიკის დეკანს, გიორგი ღაღანიძეს. მისი თქმით, ნავთობის მიღება ნებისმიერი ქვეყნისგან შეგვიძლია პორტის არსებობის შემთხვევაში. ზოგადად კი ენერგოსექტორში დივერსიფიკაცია აუცილებელია, თუმცა კონკრეტულად რუსული საწვავის მოძლიარება ადგილობრივ ბაზარზე ხიფათს არ შეიცავს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში კი აღნიშნავენ, რომ რუსულ საწვავთან დაკავშირებით ხარისხის პრობლემა არ არსებობს. არც კომპანიებში გამოუთქვამთ ამ მხრივ პრეტენზია და არც მომხმარებელია უკმაყოფილო.
„შეიძლება ითქვას, ხარისხი შეესაბამება იმ სტანდარტს, საიდანაც მოდის და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმასაც. რუსეთიდან შემოდის როგორც მაღალი კატეგორიის „ევრო 5“-ის სტანდარტის საწვავი, ასევე ისეთიც, რომელიც ნაკლები ხარისხისაა, მაგრამ კანონით დადგენილ ნორმას აკმაყოფილებს“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.