2008 წლის ომზე ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პოლიტიკურ დაპირისპირებად იქცა

2008 წლის ომზე ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პოლიტიკურ დაპირისპირებად იქცა

წინა საარჩევნო პერიოდში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პროცესი პოლიტიკური სპეკულაციების თემად იქცა. ყოფილი ხელისუფლება მოქმედს საქმის "შებრუნებაში" ადანაშაულებს და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წიგნიდან ციტატების ამავე სასამართლოში საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოყენებაზე მიუთითებს.

მოქმედი ხელისუფლება კი ამბობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2011 წელს ჰააგაში საქმე წააგო და ახლა მათ უწევთ ორმაგი ძალისხემვა - საქმის შემოსატრიალებლად. არც საქმის "შემოტრიალება" და "შემობრუნება" იურიდიული ტერმინი არ გახლავთ და მათ პოლიტიკური ოპონენტები ლექსიკისთვის სიმძაფრის შესაძენად იყენებებ.

მოსამართლე ნონა წოწორია, რომელიც წლების განმავლობაში სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში საქართველოს წარმოადგენდა, ამბობს, რომ ისეთ განცხადებებს, როგორიცა "ომი დაიწყო საქართველომ" და "სააკაშვილმა მძინარე ცხინვალი დაბომბა" რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ძალიან დიდი და სამართლებრივი ბრძოლა რომელიც საქართველოს მოუწევს, ამიტომ არის საჭირო გააცნობიერონ პოლიტიკოსებმა ის ფაქტი, რომ ასე წამოსროლილად სიტყვების გამოყენება ძალიან ძვირად შეიძლება ქვეყანას დაუჯდეს. პოლიტიკოსები, რომლებიც ამ საკითხებით მანიპულირებენ თუ ამ საკითხებს იყენებენ საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გასამყარებლად, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს იმდენად სახიფათოა ქვეყნისთვის, რომ მათ უნდა დაუჯდეთ პოლიტიკური ფასი. ეს უნდა იცოდნენ, რომ არის ფაქტობრივად პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი. თუ არ ვიმუშავეთ კარგად ჰააგაში და მე შეშფოთებით ვადევნებ თვალ-ყურს იმ განცხადებებს, რომელიც ახლა ჰააგაში მიმდინარე პროცესს ეხება, არავინ არ იცის იქ რა განაჩენი შეიძლება დადგეს", - განაცხადა ნონა წოწორიამ "კურიერთან" საუბარში.

ჰააგაში საქმის არასათანადო წარმოებაში ადანაშაუელბს გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ და წულუკიანმა კერძო პირებად გამოაცხადეს 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები და ამ გადაწყვეტილების შედეგად, ქართველ ვეტარანებს დამოუკიდებლად მოუწევთ რუსული არასამთავრობოების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ ბრძოლა.

"საქართველოს სახელმწიფო მისი იუსტიციის მინისტრის სახით ხელს იბანს 2008 წლის ომის ვეტერანებთან დაკავშირებით და აცხადებს მათ კერძო პირებად, რომლებმაც ინდივიდუალურად უნდა დაიცვან თავი მათ წინააღმდეგ ოკუპანტი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ. თუ ამ საქმის განხილვისას ამჟამინდელი ხელისუფლება იქნება, მოხდება ჩვენი ჯარისკაცების საქმეების განზოგადება საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და დავდგებით უმძიმესი საფრთხის წინაშე. "ოცნებამ" და მინისტრმა წულუკიანმა შეძლეს წარმოუდგენელი: წინა ხელისუფლების დროს ოკუპანტი ქვეყნის პასუხისმგებლობის თემა შემოატრიალეს აგრესიის მსხვერპლ, საქართველოს საწინააღმდეგოდ იმისთვის, რომ თავისი ვიწროპარტიული ინტერესები დაიცვან და იმისთვის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეუქმნან პრობლემები.

"მინისტრ წულუკიანის განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, სასწრაფოდ არის გასაკეთებელი ორი რამ: მინისტრი წულუკიანი და მინისტრი ზალკალიანი უნდა გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი მოხდა მათი პროფესიონალური გამოუსადეგრობის გამო თუ გამიზნულად. სასწრაფოდ საჭიროა მათ თანამდებობებზე დაინიშნონ პროფესიონალი და ქვეყნის ინტერესების დამცველი ადამიანები", - განაცხადა ვაშაძემ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ჰააგის სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობის პარალელურად ოპონენტების დაპირისპირებას ეხმაურება.

"კიდევ ერთხელ ჰააგის შესახებ ანუ იმაზე რომ ამ შენ უფრო გრძელი ცხვირი გაქვს ძახილში ქვეყანა შემოგეჭყლიტათ.

1. ჰააგაში არის ორი საერთაშორისო სასამართლო. ანუ ის რასაც საქართველოში აქტიურად და ხშირად შეგნებულად ერთმანეთში ურევენ 2 სხვადასხვა სასამართლოა. 1 - გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო (ICJ) , 2 - საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო (ICC). 2. აგვისტოს ომის საქმეს ჯერ ჯერობით საერთაშორისო სისხლის სამარათლის სასამართლომდე არ მიუღწევია, ჯერ პროკურორთან არია გამოძიების სტადიაზეა. არც მანამდე ის ICC-ში არასოდეს ყოფილა. 3. 2011 წელს ICJ-მ არ მიიღო ჩვენი საქმე განხილვაში. ეს იყო გადაწყვეტილება.

4. საქართველოს არ წაუგია საქმე ICJ-ში ეთნიკური წმენდის შესახებ. არავის დაუდგენია რომ ეთნიკური წმენდა არ მომხდარა. 5. საქმე არ მიიღო წარმოებაში ICJ-მ არა არსობრივი მიზეზით, არამედ ტექნიკური. არ არის ამოწურული ადგილობრივი მექანიზმებიო. 6. არავითარი სტრასბურგის გადაწყვეტილება ამას არ ჭირდება და არგუმენტი რომ ამას ველოდებით ყურით მოთრეულია. 7. სტრასბურგის სასამართლოც სხვაა და ევროპის საბჭოს ინსტრუმენტია.

8. ჩვენ რაც მოგვეთხოვებოდა 2011-ის შემდეგ იყო იმის დამტკიცება რომ ამოვწურეთ ადგილობრივი მექანიზმები და საქმის შებრუნება. 9. მაინც ინფორმაციისთვის ლუქსემბურგშია კიდევ ერთი სასამართლო და ვინმე თუ ახსენებს მერე მოგიყვებით", - წერს ხიდაშელი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის 12 აგვისტოს ჰააგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.