სესხების გაცემის ახალი წესი კიდევ ერთხელ გადავადდა და მისი ამოქმედების ახალი თარიღი 2019 წლის პირველი იანვარია. ბანკებმა და მათმა ლობისტებმა კარგად იმუშავეს. ჯერ იყო და სებ-ს პირობები შეარბილებინეს, მერე ვადა 15 ნოემბრამდე გადააწევინეს, ახლა კი მთელი თვენახევრით. ამ ფონზე გასაკვირი არ იქნება თუ იანვრიდან რეგულაცია საერთოდაც არ ამოქმედდება.
კობა გვენეტაძის უწყებამ გუშინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
„დებულებით განსაზღვრული რეგულაციები ერთდროულად გახდება სავალდებულო, როგორც კომერციული ბანკებისათვის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, საკრედიტო კავშირებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის.
ეროვნულმა ბანკმა გაითვალისწინა სესხის გამცემი ორგანიზაციების თხოვნა და მიზანშეწონილად მიიჩნია, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიეცეთ დამატებითი დრო თავიანთი სისტემების და პროცედურების დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. აღსანიშნავია, რომ მთავარი პრინციპები კვლავაც უცვლელი რჩება“, - ნათქვამია ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ სესხის გაცემის ახალი კოეფიციენტებიც დაადგინა. სებ-ის ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით, 1 000 ან უფრო ნაკლები ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში, ჰეჯირებული მსესხებლებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 35% უნდა იყოს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პირს ყოველთვიური შემოსავალი აქვს 1000 ლარი, ყოველთვიური დასაფარი თანხა 350 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. წინა ვარიანტში ეს კოეფიციენტი 20%-ს შეადგენდა. არაჰეჯირებული სესხების შემთხვევაში, ყოველთვიური გადასახადი 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 2000 შემოსავალზე 45% უნდა იყოს; 2 000-4 000 ლარის შემოსავლისშემთხვევაში - 55%; 4 000 და უფრო მაღალი შემოსავლის შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი 60%-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება არაჰეჯირებულ მსესხებლებს, ამ შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი შედარებით დაბალია. ახალი დოკუმენტის მიხედვით, 1000 ლარის ან უფრო ნაკლები შემოსავლის შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი 25%-ით განისაზღვრა, 1 000-4 000 ლარის შემთხვევაში - 30%-ით, 4 000 ლარის ან უფრო მეტის შემთხვევაში - 35%-ით.
ცნობისათვის, ჰეჯირებულია მსესხებელი, თუ შემოსავალი აქვს ლარში და სესხსაც ლარში იღებს, არაჰეჯირებული კი, როდესაც შემოსავალი აქვს ლარში, სესხს კი უცხოურ ვალუტაში იღებს.
გარდა ამისა, განახლებული რეგულირება არ კრძალავს არაფორმალური სექტორიდან ან ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავალის შემთხვევაში კრედიტის გაცემას.
„სესხის გამცემი შეაფასებს მსესხებლის შემოსავლების მოცულობას და სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას შიდა პროცედურების შესაბამისად მიიღებს; შემოსავლის ბანკში ჩარიცხვა აუცილებელი არ არის, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფორმალური სექტორიდან შემოსავლის ან ბანკში ჩარიცხვის შემთხვევაში, გამსესხებლისთვის უფრო მარტივია შემოსავლების შეფასება და, შესაბამისად, სესხის გაცილებით უკეთესი პირობით გაცემა“, - აღნიშნავენ სებ-ში.
გამოდის, რომ ეროვნულმა ბანკმა თითქმის ყველა ის პრინციპი შეცვალა, რასაც რადიკალურად უნდა შეეცვალა ბაზარზე არსებული ვითარება. დაგვინებული და შერბილებული რეგულაციებით მომხმარებელი ისევ დაუცველი დარჩება, ხოლო საფინანსო ორგანიზაციების პარპაში კვლავინდებურად გაგრძელდება.