[რეზონანსი, მარი ოთარაშვილი]
ახალგორში დე ფაქტო მმართველებმა იმ ბინების დალუქვა დაიწყეს, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ პრაქტიკულად არ გაღებულა და, შესაბამისად, არავის უცხოვრია. საუბარია თვითონ რაიონში არსებულ კორპუსის ბინებზე, რომელთაგანაც ამ დროისთვის, ადგილობრივების თქმით, დაახლოებით 20-მდე უკვე დალუქულია.
თავად დე ფაქტო მმართველებისგან ამის მიზეზად ერთი მხრივ სახელდება ის, რომ აღნიშნული ფაქტი 90-იანი წლების ეთნოკონფლიქტისათვის რევანშია, მეორე მხრივ კი, მათ მოწყინდათ ცარიელი სახლების ყურება.
„ჩამოვიდნენ და იცხოვრონ, თორემ... რატომ უნდა იყოს აქ ცარიელი სახლები? თუ წეროვანში (ან სადაც არიან, იქ) კარგ პირობებს ვერ ელევიან და აქ ჩამოსვლა ეზარებათ, გაყიდონ ეს სახლები. ამდენი ვინმე ჩამოჰყავთ რუსებს და სჭირდებათ. ბოლოს და ბოლოს, იშვიათად მაინც ჩამოვიდნენ და შუქი აანთონ სახლებში, რომ იფიქრონ, აქ არიან, თორემ ეგენი სახლებს დაკარგავენ,“ - ამბობს „მთელ კვირასთან“ საუბრისას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი.
როგორც ადგილობრივები განმარტავენ, კორპუსებში არსებული ცარიელი ბინების დალუქვას ზურგს უმაგრებს კოკოითის ის ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა კომუნალური ბინა სახელმწიფო საკუთრებაა.
„კორპუსის ბინები მართლაც სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს თუ მოუნდა, ჩამოგართმევს... როდემდე უნდა ვუნახოთ აქ ბინები? განა გვეზარება და ვამადლით, მაგრამ ტექნიკის საუკუნეში, როცა საშუალება გაქვს მეტ-ნაკლებად მაინც ფლობდე რაღაცა ინფორმაციას, ხომ უნდა გაიგო ის, რომ რუსები ჩრდილო კავკასიელებს შემოგისახლებენ და დარჩებიან ცარიელზე. იმათ კი, როცა არჩევანია - ციმბირს აირჩევ თუ საქართველოს, რა თქმა უნდა, საქართველოს აირჩევენ. სულ რომ აღარ ჩამოდიან, კვირაში ერთი დღე ჩამოისეირნონ მაინც. მათთვის აჯობებს ეს, თორემ ჩვენთვის, აქ დარჩენილებისთვის რა...“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ქალბატონი.
ვიდრე დე ფაქტო მმართველები ცარიელი ბინების დალუქვას მიჰყოფდნენ ხელს, ახალგორში 25 მაისს იმათთვის დაიწყეს ბინების ჩამორთმევა, რომელთაგანაც 90-იან წლებში ზოგიერთი იქ მცხოვრები ეთნიკური ოსების სალხში შეიჭრა, ზოგმაც ოსების დევნასა და მათ ვლადიკავკაზში განდევნაში გარკვეული წვლილი შეიტანა. სწორედ ამ მომენტით იმ ოსებმაც ისარგებლეს, რომელთაც იმ დროს ბინების გაყიდვა მოახერხეს და საფასურიც აიღეს. მათგან ზოგიერთი დღეს აცხადებს, რომ თითქოს გაქცევისას ბინის საფასური არ აუღია, რადგან ეს ვერ მოასწრო.
ნესტან ხრიკული, ახალგორის ერთ-ერთი მცხოვრები: „ჩემს ბინაში შევიდა კოკოითის მოადგილე, გადმოიყვანა ვიღაცები, გატეხა კარი და შევიდა ჩემს სახლში. ჩემი სახლიდან არც ერთი თეფში და წიგნი არ მაქვს წამოღებული იმიტომ, რომ ხშირად ვიყავით ახალგორში, წეროვანში კი მარტო ერთი სახლი მივიღეთ. რამდენადაც ოჯახში სულადობრივად ბევრნი ვართ, ამდენ ნივთს ვერ წამოვიღებდი.
გარდა ამისა, სახლის დაცლა-დატოვებას არც ვაპირებდი. მოხუცები მყავს ახალგორში და ამიტომაც მათ უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი. აბსოლუტურად ჩემი ყველანაირი ქონება, რაც მაქვს, იქ დავტოვე. შეტეხეს, თავიანთი ბოქლომი დაადეს. იმის საშულებაც კი არ მომცეს, რომ ჩემი ნივთები გამომეტანა.“
ხრიკული „მთელ კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბინის წამრთმევები წართმევის მიზეზებზე არ საუბრობენ.
„რომ ვიკითხე, რა მიზეზით და რატომ, რა დავაშავეთ, ვის რა წავართვით, ამაზე არავინ არ გვპასუხობს. მომიტანეს ცხინვალიდან გამოგზავნილი გადაწყვეტილება. ვითომ სასამართლო ჩატარდა. არავინ დავსწრებივართ და რანაირად ჩატარდა სასამართლო?! ვითომ ამ სასამართლომ მისცა მათ საშუალება, ჩვენ გამოვესახლებინეთ. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება კი არა, ყალბი რაღაცა. დააახლოებით 30 ოჯახს, ყველა კორპუსში, სადაც ქართველები ვცხოვრობდით, თავიანთი კლიტეები დაადეს. ეგენი ვინმემ თუ არ შეაჩერა, კერძო ბინებზეც გადავლენ,“ - აცხადებს ხრიკული.
მისივე თქმით, „90-იან წლებში არავისთვის არაფერი წაურთმევიათ. ეგ ყველაფერი გაყიდული აქვთ და ფული აქვთ აღებული. ჩვენ მოწმეც გვყვავს, რომ ეს სახლი ნაყიდი გვაქვს. ყველაფერი დოკუმენტურად მაქვს გაფორმებული.“
ხრიკულის ბინის ამჟამიმდელი მფლობელი სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ახალგაზრდობისა და კულტურის მინისტრი ლოლიტა ბედოევაა. ბედოევა 90-იან წლებში აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა, რომლიდანაც, როგორც თავად და სხვა ახალგორელი ოსები (სხვათა შორის, ზოგიერთი ქართველიც) ამბობენ, ქართველებმა გააძევეს. ამ დროისთვის ლოლიტა ბედოევა ცხინვალშია. ამიტომაც მისი ჩაწერა ვერ მოხერხდა.
იქვე, ხრიკულის მეზობლად მცხოვრებ ახალგორელებს ვერ გაურკვევიათ, რომელია ამ კონკრეტულ საქმეში მტყუან-მართალი, რადგან ორივე მათგანს - ნესტან ხრიკულსაც და ბინის ახალ მფლობელ ლოლიტა ბედოევასაც ბინის მესაკუთრეობის დამდასტურებელი დოკუმენტაცია აქვს.
დე ფაქტო ადმინისტრაციიდან ჩინოვნიკები ცარიელი ბინების დალუქვას 90-იანი წლებისას დაგროვილ მიზეზებს მიაწერენ. თუმცა ეს ადგილობრივებს მხოლოდ მიზეზად მიაჩნიათ, რეალობად კი ის, რომ თუ ახალგორელები მართლაც არ დაბრუნდნენ ახალგორში, მათ სახლებს სხვები დაეპატრონებიან.