კიდევ ერთხელ დაიბნა ხალხი და კიდევ ერთი პარადოქსი მოხდა საქართველოში. ამომრჩეველმა ხმა მისცა კანდიდატს პოლიტიკური გაერთიანებისა, რომელსაც, წესით, არ უნდა ენდობოდეს.
და არც ენდობა, მაგრამ ხმაც იმიტომ მისცა, რომ ხელისუფლებაზეა ნაწყენი, ხელისუფლების კანდიდატი აღარ უნდა.
სულ ასე ხდება, რაც დემოკრატიული არჩევნები შემოვიდა საქართველოში. მხოლოდ ერთხელ იყო, რომ „მრგვალ მაგიდას“ ხმა იმიტომ მივეცით, რომ თავისუფლებას ვესწრაფოდით.
მას მერე, „მოქალაქეთა კავშირს“ ხმა იმიტომ მივეცით, რომ მოძალადეებისა და კრიმინალების ხელისუფლებიდან მოშორება გვინდოდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ „მოქკავშირი“ აღარ გვინდოდა. „ქართულ ოცნებას“ ხმა მივეცით, რადგან „ნაცმოძრაობამ“ დაგვთრგუნა, ღირსება შეგვილახა და თავიდან მოცილება გვსურდა.
დღეს რა ხდება? - ქართველი ხალხი დაიბნა და „ოცნებაზე“ განაწყენებულმა „ნაცმოძრაობას“ მისცა ხმა! იმიტომ, რომ სხვა ვერავინ დაინახა, ვისაც „ოცნების“ დაძლევა შეეძლო!
ვერ გავამტყუნებთ, რადგან არ შეიძლება გამუდმებით აოცნებო ხალხი.
- არ შეიძლება დაჰპირდე და არ შეუსრულო, ანუ არ შეეცადო, რომ შეუსრულო დანაპირები.
- არ შეიძლება კაცი მთავრობაში ცალი ქალამნით შევიდეს და იქიდან ძვირფას ფეხსაცმელში გამოწყობილი გამოვიდეს. პირიქით უნდა მოხდეს - ძვირფასი ფეხსაცმელი რომ ჰქონდეს, თანამდებობიდან რომ გადადგება, ცალი ქალამანიღა უნდა ჰქონდეს შერჩენილი;
- არ შეიძლება წერა-კითხვის უცოდინარი და უუნარო ხალხი პარლამენტსა და მთავრობაში ერთგულებისა და ნათესაობის გამო ხვდებოდნენ;
- არ შეიძლება დამნაშავენი და ჯალათები გაუსამართლებლად შეიწყალო და არათუ შეიწყალო, არამედ დააწინაურო კიდეც;
- არ შეიძლება სამართლიანობის აღდგენის დროშით მოხვიდე და სამართლიანობა არ აღასრულო;
- არ შეიძლება სამართალი დაუგვიანო ხალხს და კაფკას პერსონაჟივით სული ამოჰხადო მოლოდინში;
- არ შეიძლება წვრილ და საშუალო ბიზნესს პრიორიტეტად აცხადებდე და მსხვილ ბიზნესს უწყობდე ხელს;
- არ შეიძლება მთავრობამ თავისი უპირველესი ფუნქცია არ აღასრულოს და დაპირისპირებული მხარეები არ მოარიგოს;
- არ შეიძლება ხელისუფლებას კანონზე მაღლა ეჭიროს თავი!
ეს ზოგადად და კონკრეტულზე რომ გადავიდეთ, აუუუ რამდენი „არ შეიძლება!“ დაგროვდება!
დღევანდელი საქართველოს ყველაზე საჭირბოროტო საკითხავი საზოგადოებაში არსებული განხეთქილებაა.
განხეთქილება საზოგადოებაში „მრგვალი მაგიდის“ გამარჯვებისთანავე დაიწყო და მას შემდეგ სულ უფრო და უფრო იზრდება უფსკრული.
როგორც კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გეში აიღო, მაშინვე იყნოსა, რომ განხეთქილება საუკეთესო იარაღი იქნებოდა ძალაუფლების მოსაპოვებლად, მოიმარჯვა და დღემდე ხელიდან არ გაუშვია.
მაშინაც კი, როცა ქართველები ერთმანეთს ტყვიას ესროდნენ, შესაძლებელი იყო დაზავება და მორიგება - დღეს შეუძლებელია. ასეთი უფსკრული, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებს შორის, არასოდეს ყოფილა. „ოცნებამ“ „ნაციონალები“ დაინდო და ე.წ. „კოჰაბიტაცია“ გამოუცხადა. დღეს, ძალამოკრებილი „ნაციონალები“ ნიშნს უგებენ, დაგვინდეთ ხომ, ახლა ნახეთ რაც მოგივათო!
რა ვქნათ? რა წყალს მივეცეთ? ერთმანეთი აღარ დავინდოთ, არ შევიბრალოთ, არ მივუტევოთ? ისე მოვიქცეთ, როგორც რევოლუციონერები იქცეოდნენ?
ამას წინათ, ამ საკითხზე ვმსჯელობდი კონფერენციაზე, ერთმა მოქმედმა პოლიტიკოსმა, „ნაცმოძრაობის“ წევრმა სიტყვა შემაწყვეტინა და შემეკამათა, არ გეთანხმებიო, ტერიტორიულ მთლიანობის საკითხზე ხომ ვთანხმდებით, ჩვენ და „ოცნებაო“.
სულ ახლახან საოკუპაციო ხაზთან მისულ პრეზიდენტობის კანდიდატს, ყმაწვილმა ქალმა, იმის ნაცვლად, რომ გვერდში ამოდგომოდა და ეთქვა, მომხვდურის წინააღმდეგ ყველანი ერთნი უნდა ვიყოთო, სიტყვა შეაწყვეტინა და უშვერი პირით გალანძღა.
ასეა, ზრდილობა და უფროს-უმცროსობა დავკარგეთ, მტრის წინააღმდეგ გაერთიანების მოვალეობაც აღარ გვახსოვს!
- არ შეიძლება განხეთქილების გაღვივება და ძალაუფლების ხელში ჩაგდების იარაღად ქცევა.
მეორე და არანაკლებ საჭირბოროტო საკითხავია, ისტორიული მეხსიერება.
წარსული არა მარტო უნდა გვახსოვდეს, არამედ ცოცხლად უნდა შევიგრძნობდეთ მას.
„ისტორიის შეგრძნება გულისხმობს, რომ წარსული არამარტო წარსულად აღვიქვათ, არამედ თანამედროვეობადაც . . .“(ტ.ს. ელიოტი).
წარსული და აწმყო რეალურია და კონკრეტული, მომავალი სავარაუდოა, პერსპექტიული და თუ წარსულიდან არ გამოხედავ, კარგს არაფერს მოგიტანს.
ვერც იმ ცხრა წელს დავივიწყებთ და ვერც ამ ექვს წელიწადს.
თუ დავივიწყებთ, ვერ გავიგებთ რამ გამოიწვია განხეთქილება საქართველოში, ვერ შევაფასებთ და ვერ ვუმკურნალებთ.
გავიხსენოთ, ქართლის მეფე, სიმონ პირველი, იყო მთავარსარდალი და პირადად უძღოდა ლაშქარს, უშუალოდ მონაწილეობდა ხელჩართულ ბრძოლებში. ორჯერ ჩავარდა ტყვედ და ორჯერვე იმიტომ, რომ მეტისმეტად გაიჭრა წინ, სიმამაცისა და შემართების მაგალითს იძლეოდა.
სამოცდათხუთმეტი წლის მეფე ერეკლე, კრწანისის ბრძოლაში, აღა მაჰმად ხანის მოსაკლავად შეიჭრა შუაგულ ბრძოლაში, თანამებრძოლები დაეხოცნენ და მაინც წინ მიიწევდა, ძალით გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან.
გმირობის ბევრი მაგალითი მინახავს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართულ ბრძოლებში, სამშობლოსათვის დაღუპულ ბევრ გმირს ვიცნობდი. შინდისის გმირებს არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემს მშობლიურ მხარეში გამართული ეს ბრძოლა სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში არსებულ ზნეობრივ მაგალითებს შორის.
გავიხსენოთ, სოხუმის დაცემის მერე საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების მინისტრები თანამდებობიდან გადადგნენ. ეს სწორია, ასე უნდა მომხდარიყო! და ესეც სანიმუშო საქციელია!
მაგრამ „ის, რაც გორში მსოფლიო ტელევიზიების თვალწინ მოხდა, მეცხრამეტე საუკუნეში ან მეოცის დასაწყისში რომ მომხდარიყო, ორი დღე დაელოდებოდნენ, მესამე დღეს მაღალი რანგის ოფიცრები ეწვეოდნენ, წამოსვლის წინ იარაღს დაუტოვებდნენ და ეტყოდნენ: „იცი შენ, რაც უნდა გააკეთო“, - ამას ქართველი პოეტი და მოაზროვნე დავით წერედიანი წერს. მკაცრად განსჯის, მაგრამ - სამართლიანად!
- არ შეიძლება შეშინებული და გაქცეული მთავარსარდალი კვლავ წინამძღოლობისაკენ მიიწევდეს და თავის პროტეჟეს გვთავაზობდეს საპრეზიდენტო კანდიდატად. ეს ყველაზე მთავარი და მტკივნეული „არ შეიძლებაა!“
ორი საპრეზიდენტო კანდიდატიდან არც ერთი არაა იდეალური, მაგრამ მოდით, ერთმანეთს შევადაროთ.
„ნაცმოძრაობის“ კანდიდატს მოსკოვში აქვს დამთავრებული უმაღლესი დიპლომატიური სკოლა, მუშაობდა საბჭოთა კავშირისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სწავლისა თუ კარიერის მანძილზე უთუოდ ექნებოდა კავშირი უშიშროებისა და დაზვერვის ორგანოებთან.
„ოცნების“ კანდიდატს პარიზში აქვს დამთავრებული უმაღლესი დიპლომატი სკოლა, დიპლომატიურ სამსახურში იყო და თავისი კარიერის მანძილზე უთუოდ ექნებოდა შეხება საფრანგეთის დაზვერვისა და უშიშროების ორგანოებთან.
ევროპისაკენ მივისწრაფით, საფრანგეთი ჩვენი მოკავშირეა და ნაკლებ სავარაუდოა უახლოეს ათ წელიწადში დამოუკიდებელი საქართველო საფრანგეთთან საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
რუსეთთან საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩვენი ტერიტორიები აქვს მიტაცებული და კიდევ ჯიქურ მოიწევს. ამიტომ:
- არ შეიძლება საბჭოთა კომუნისტი მაღალჩინოსნების ჩამომავალი, კომუნისტური პარტიის წევრად ნამყოფი, რუსეთის უშიშროების ორგანოებთან ნათანამშრომლები კაცი გახდეს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი.
არ ვამბობ, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ უნდა მოვიკვეთოთ და კეთროვანად გამოვაცხადოთ, მაგრამ არ შეიძლება ასეთი კაცი საქართველოს სახელმწიფოს მეთაური გახდეს. ამით ჩვენ უარს ვეტყვით ჩვენს დამოუკიდებლობას და ჩვენს თავისუფლებას!
დაბოლოს, რაც არ უნდა ვემდუროდეთ „ოცნებას,“ მოვლენათა რადიკალიზაცია არ უნდა დავუშვათ, ქვეყანას მტრად არ უნდა გავუხდეთ - არ შეიძლება!
„დავითისა მტერობისათვის რათ უნდა შეექმნეთ მტერი ქვეყანასა!“ - გაკვირვებულ იყო სოლომონ ლიონიძე, თითქოს რო ვეღარაფერი ვეღარ გაეგო და ასე მიმართავდა აღრეულ ხალხსა.
თითქოსა-მეთქი, გაგებით რომ გაეგო ცხადია:
იქით სარდლები იწევენ, აქეთ მეფის ძენი; მელიქი და სომხობა გველურად იქცევიანო... - გაეგო ცხადია.
ჯვარცმულისა მადლმა, იღუპება ქვეყანა უშველებლადო, გაეგო ცხადია და რაღა თქმა უნდა, მაგრამ მეტად გაკვირვებულიყო: დავითსა მტერობისათვის რათ უნდა შეექმნათ მტერი ქვეყანასაო, - გაკვირვებულიყო, გაკვირვებულიყო . . .“ - წერდა ოთარ ჩხეიძე წერილში „დავითისა მტერობისათვის“ 1991 წელს.
მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, არც სოლომონ ლიონიძის მერე და არც 1991 წლის მერე.
ვიღაცას მტრად გაუხდებიან, მტრად დაუსახავენ ხალხს, მერე იგივე ხალხს დააბნევენ, ბრბოდ გადააქცევენ და ღუპავენ ქვეყანას უშველებლად.