რა დაუჯდა სახელმწიფოს სააკაშვილის მაღალჩინოსნების საზღვარგარეთ განათლების მიღება?!

რა დაუჯდა სახელმწიფოს სააკაშვილის მაღალჩინოსნების საზღვარგარეთ განათლების მიღება?!

"ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დაარსებული სტუდენტური პროგრამის ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში ნახევარ მილიონზე მეტი ლარი ყოფილი მაღალჩინოსნების სწავლა-განათლებაზე დაიხარჯა.

"ცოდნის კარი“ ითვალისწინებდა სტუდენტების საზღვარგარეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსებას, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ სასწავლო  პროგრამით ,,ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა მინისტრებმა და მაღალი თანამდებობის პირებმა ისარგებლეს. მათ შორის არიან: ნიკა გვარამია, ნინო კალანდაძე, ირაკლი ეზუგბაია, თინათინ ბოკუჩავა, ლევან ბეჟაშვილი და სხვა მრავალი, ამ ჩამონათვალშივე  ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილიც მოხვდა.

აღნიშნულის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს: 

"2010 წელს, საქართველოს რიგით მერვე პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლოზ (ნიკა) გილაურმა, მთავრობის დადგენილებით N58, პროგრამას - „ცოდნის კარი“ - ჩაუყარა საფუძველი. პროგრამა გულისხმობდა ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსებას. 

მოგვიანებით, 2013 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, პარლამენტში გამოსვლისას, განაცხადა: ”არსებობს ასეთი პროგრამა, „ცოდნის კარი“, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენ ნიჭიერ თანამემამულეებს, აიმაღლონ თავისი კვალიფიკაცია და სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლონ უცხოეთის წარმატებულ უნივერსიტეტებში“. რამდენიმე თვით ადრე, 23 ივლისს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, იმ სტუდენტებს შეხვდა, რომელთაც სამინისტრო მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვადასხვა პროგრამებზე სწავლას უფინანსებს. სასტიპენდიო პროგრამას „ცოდნის კარი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლიდან ახორციელებს. 2013 წელს 29 ბაკალავრი, 45 მაგისტრი, 3 დოქტორი და სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების 4 სტუდენტი დაფინანსდა“.

2010 წლიდან დღემდე, მედიისათვის, ბურუსით მოცულია ამ პროგრამის კომისიის წევრთა ვინაობა. ორი წლის წინ, ტელეკომპანია „იმედმა“ რამდენიმე დოკუმენტი მოიპოვა, რომლითაც გაირკვა, რომ 2010 წელს კომისიის წევრები იყვნენ: დიმიტრი შაშკინი (თავმჯდომარე), კახა ბაინდურაშვილი, თინა ბურჯალიანი, ეკატერინე ზღულაძე, ნიკოლოზ (ნიკა) რურუა. ნიკა რურუამ, „იმედის“ ჟურნალისტს განუცხადა რომ მსგავსი კომისიის და საგანმანათლებლო პროექტის - „ცოდნის კარი“ - შესახებ არაფერი სმენია. ფაქტიურად, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, აღიარა, რომ კომისიის მიერ შედგენილ ოქმებზე, მისი ხელმოწერა გაყალბებული იყო. ეს მოხდა 2016 წელს! კანონით, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის უწყებას გამოძიება უნდა დაეწყო, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ მომხდარა. 

ამ პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიხარჯა 2 მილიონ ლარზე მეტი, აქედან, არც მეტი არც ნაკლები, ნახევარი მილიონი მოხმარდა ჩინოვნიკების სწავლა-განათლებას. დიახ, ჩინოვნიკების სწავლა-განათლებას! იმ ჩინოვნიკებისა, რომელთაგან ზოგი მინისტრი იყო, ზოგი მინისტრის მოადგილე, ზოგიც სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან ისეთ სტრატეგიულ თანამდებობებზე მუშაობდა, წესით სასწავლი არც არაფერი უნდა ჰქონოდათ!

ნინო კალანდაძე - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2010 წელს ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში მიდის და 18. 525 ლარად სწავლობს ინგლისურს. მომდევნო წელს მიდის ტაფტის უნივერსიტეტი და 28. 298 ლარად სწავლობს, რას არ ვიცი. ჟურნალისტთან კომენტარისას, ნინო კალანდაძე აცხადებს: კვალიფიკაციის ასამაღლებლად მჭირდებოდა ეს დოკუმენტი. აი, თურმე რაშია საქმე, მინისტრის მოადგილე ოფიციალური დოკუმენტებით, მიდის სასწავლებლად, რაც მას, კვალიფიკაციის ამაღლება ჰგონია. ცნობისთვის, კვალიფიკაციის ამაღლება ხდება ფორუმებზე და სხვაგან, სხვა ვითარებაში. იმ დროს, როცა ნინო კალანდაძე, ყოფილი სტიუარდესა, „კვალიფიკაციას იმაღლებდა“ ჰარვარდსა და ტაფტში, მისი წლიური ხელფასი (მხოლოდ ხელფასი) 65 ათასი ლარი იყო. 

რკინიგზის დირექტორის, ირაკლი ეზუგბაიას სწავლა-განათლება სახელმწიფოს, ოქსფორი, სედის ბიზნეს სკოლაში, 113. 912 ლარი დაუჯდა. რკინიგზის „შეფის“ ხელფასს არ დავწერ, უბრალოდ გეტყვით, ბიუჯეტიდან გადახდილი მისი სწავლის თანხას, ბევრად აღემატება. 

გიორგი ვაშაძემ, საქართველოს თავს აყვედრის და აცხადებს: „მნიშვნელოვანი იყო ეს, იმისთვის, რომ სწორედ იქ მიღებული ცოდნა გამომადგა იუსტიციის სახლების პროექტის განსახიორციელებლად“. გესმით თქვენ? თურმე იუსტიციის სახლს საქართველოში განათლებამიღებული ერთი ადამიანიც კი ვერ დააპროექტებდა! სახელმწიფოს გიორგი ვაშაძის „გაგენიოესება“ 35 ათასი ლარი დაუჯდა. ვაშაძემ იუსტიციის სახლის დაპროექტება, ჰარვარდში, ბიზნეს-სკოლაში „ისწავლა“ და ამ დროს ის იყო მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე. „ეს ინვესტიცია ქვეყანას დაუბრუნდა იუსტიციის სახლების სახით“, - განაცხადა ვაშაძემ. გესმით? თურმე, ვაშაძის დიპლომი, ინვესტიცია ყოფილა! სწავლის პერიოდში ვაშაძის ხელფასზე არაფერს დავწერ. 
შემდეგი: ოთარ ძიძიკაშვილი, პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი და ადმინისტრაციის თანამშრომელი ხელფასით წელიწადში 60 ათასი ლარი, 1900 ლარიანი ჩანთითა და 5000 ლარიანი საზაფხულო არდადეგებით. ძიძიკაშვილის კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლა სახელმწიფოს 111.897 ლარი დაუჯდა. სხვათაშორის, ძიძიკაშვილიც გვაყვედრის თავს და ჟურნალისტთან აცხადებს: საპენსიო რეფორმის ავტორი ვარ, ამ კითხვის დასმას როგორ მიბედავთ, არ უნდა მესწავლა? 

შემდეგი: ვასილ სიხარულიძის, სააკაშვილის მრჩეველი საგარეო საკითხებში, 2010 წელს ჰარვარდის სამაგისტირო სკოლაში სწავლა სახელმწიფოს 134. 142 ლარი დაუჯდა. 

2011 წელს, ლევან ბეჟაშვილის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრში სწავლა 7139 ლარი დაჯდა.

2010-2012 წლებში ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში ოთო კახიძის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის სწავლა ბიუჯეტს 95. 057 ლარი დაუჯდა.

2012 წელს ტაფტის უნივერსიტეტში 42 455 ლარით დაფინანსდა თინათინ ბოკუჩავას სწავლა, ამ დროს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ამ პერიოდში აღებულ ხელფასზე არაფერს ვიტყვი!
ნიკა გვარამია, მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, სასწავლებლად წავიდა ჯორჯიის უნივერსიტეტში, სადაც ინგლისური ენას დაეუფლა, ემორის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამა გაიარა და საერთო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტმა გადაიხადა 162 155 ლარი.

ზემოთ მოგახსენეთ, „ულუფაზე“ გამახსენდა-მეთქი, აი, მთავარი „ულუფა“, ინფორმაცია არქივიდან: ნიკოლოზ სააკაშვილი კერძო სკოლაში, ბრიტანულ–ქართულ აკადემიაში სწავლობს და 2011 წლის 1 ნოემბერს მისი ერთი წლის სწავლის გადასახადი, 5900 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარა. დოკუმენტების მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უფროსი შვილის, ნიკოლოზ სააკაშვილის ამერიკულ აკადემიაში სწავლის საფასურიც (14.000 ლარი) ბიუჯეტიდან გადაიხადა. საუბარია 2010-2011 წლის სწავლის საფასურზე გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში“.

დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ, ეს ის დროა, როცა სწავლა ყველა უნივერსიტეტში ფასიანია და არც ერთი პროგრამა არ ფინანსდება. სწორედ იმ დროიდანაა „გადმოყოლილი“ უამრავი სტატუსშეჩერებული სტუდენტი. სხვათაშორის, გადადებული გამოცდების თუ სხვა პროცედურებისათვის, ყველაზე დიდი გადასახადი, სწორედ გიული ალასანიას უნივერსიტეტშია. 

აქვე აღვინიშნავ, სააკაშვილმა მისი თაობის ის წარმომადგენლები, მაღალკვალიფიციური კადრი, რომელთაც ინგლისური ენა არ იცოდნენ ერთი ხელის მოსმით „ჩარეცხა“, სააკაშვილმა, საკუთარი შეხედულებისამებრ, ჩარეცხა ის ადამიანებიც, ვინც ინგლისური იცოდნენ, კვალიფიკაციის ამაღლებაც სახელმწიფოს ხარჯზე არ სჭირდებოდათ. ეს ადამიანები გამოაცხადა მარგინალებად, ოდიოზურ ფიგურებად, საზოგადოება გახლიჩა და დააქუცმაცა, დააპირისპირა ერთმანეთთან, დღეს კი გამოდის და „ულუფებზე“ საუბრობს, თურმე ტყიბულში მისი ნაცნობი სამიდან ერთ ოთახში ცხოვრობს.... მეტს არაფერს ვიტყვი... ან რა საჭიროა?..." წერს  ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.