[რეზონანსი. ლილი ხმალაძე]
გაზეთ "აი ია"-ს გამომცემლის, ზურაბ ხუციშვილის დაკავებას მისი ადვოკატი მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. თუმცა, არც პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს - დაკავებული "მომავლის პარტიის" ყოფილი წევრია, მოგვიანებით კი "სახალხო კრებას" შეუერთდა და მაისის აქციებშიც მონაწილეობდა.
დაკავების იმავე მიზეზებზე საუბრობენ ხუციშვილის კოლეგები და ყოფილი თანაპარტიელი.
ხუციშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არც შსს, არც პროკურატურა და არც სასჯელაღსრულების უწყება არ აკეთებს. დაკავებულის ადვოკატი პაპუნა სანდუხაძე კი ამბობს, რომ დაკავებამდე მისი დაცვის ქვეშ მყოფს უთვალთვალებდნენ, იყო მუქარის ფაქტებიც.
ზურაბ ხუციშვილი შემეცნებითი გაზეთის "აი ია"-ს გამოცემას თბილისში ხელმძღვანელობდა. ამავე დროს კონტრაქტი ჰქონდა ერთ-ერთ გერმანულ გამომცემლობასთან, რომელსაც გაზეთში გამოქვეყნებულ მასალებს აწვდიდა.
ზურაბ ხუციშვილი 21 ივლისს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) თანამშორმლებმა დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, მას ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი ამოუღეს. დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ბრალად ნარკოტიკის შეძენა, შენახვა, ტარება ედება. დანაშაული 7-დან 14 წლმადე პატიმრობას ითვალისწინებს.
ხუციშვილს საქალაქო სასამართლომ 45 - დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიებას პროკურატურასთან ერთად სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი აწარმოებს. წინასწარი სხდომა 5 სექტემბერსაა ჩანიშნული.
"ხუციშვილი კოსტავას ქუჩაზე, #59-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც სოდის თანამშრომლებმა გვითხრეს, ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ. გადმოიყვანეს ტაქსიდან, დააწვინეს ძირს, დაკავებისას ჩატარებულ ჩხრეკას გარეშე პირები არ დასწრებიან. იყო მხოლოდ სოდ-ის 2 თანამშრომელი. გადაუდებელი აუციებლობის შემთხვევაში აქვთ უფლება, ასეთი წესით ჩაატარონ ჩხრეკა. ამ შემთხვევაში რატომ არ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა და არ მოიყვანეს გარეშე პირები, გასაკვირია. ასეთი ქცევა თავადაც ვერ დაასაბუთეს.
"შემდგომ წაიყვანეს შემოწმებაზე. ანალიზისთვის საჭირო ფიზიოლოგიური მოთხოვნის გამოსაწვევად დაალევინს 2 ჭიქა წყალი და უკვე ანალიზისას დამტკიცდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება სისხლშიც აღმოაჩნდა. ბრალად ნარკოტიკების შეძენა, შენახვა, ტარება წაუყენეს. რადგან საქმე ჰეროინს ეხება, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს, ნარკოტიკის ოდენობას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს.
"სასამართლოზე პროკურატურამ აღმკვეთი ღონისძიების საკითხი დააყენა, რისი მოხსნაც დაცვის მხარემ კატეგორიულად მოვითხოვეთ.ასევე მოვითხოვეთ შეწყევტილიყო სისხლის სამართლის საქმე და უკიდურეს შემთხვევაში გირაოს შეფარდებით შემოვფარგლულიყავით. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა გაიზიარა, იმის მიუხედავად, რომ ბრალდების მხარემ მტკიცებულებებით ვერ დაასაბუთა, თუ რატომ იყო ასეთი უკიდურესი ღონისძების შეფარდება საჭირო - ანუ ის, რომ ზურაბ ხუციშვილი მიემალებოდა გამოძიებას და ხელს შეუშლიდა ობიექტურობის დადგენა.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ავალდებულებს მოსამართლეს, გაითვალისწინოს ბრალდებულის პიროვნება, ასაკი, ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობა. მოსამართლეს ვესაუბრე მის ჯანმრთელობაზე. ავარიის გამო ხუციშვილს კისრის ფუძის ძვლების მოტეხილობა აქვს, უჭირს ხელების მოძრაობა და სიარული, აქვს არანორმალური ტკივილები.
"სასამართლომ აღნიშნული არანაირად არ გიაზიარა და ზურას გამოუტანა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. გამოძიება გრძელდება და 5 სექტემბერს ჩაინიშნა წინასწარი სხდომა. გამოძიებას აწარმოებს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, გამომძიებელი ზვიად მაჩიტიძე, პროკურორი მილენა მითაიშვილის ხელმძღვანელობით", - ამბობს პაპუნა ხუნდაძე.
საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთი ბასილაშვილის თქმით, ხუციშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.
"დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილისა ქვეპუნქტით. სანქცია აღნიშნულ დანაშაულზე ითვალისწინებს 7-დან 14 წლამდე პატიმრობას. ამაზე მეტი ინფორმაცია ამ ეტაპზე სასამართლოს არ აქვს და არ შეუძლია გასცეს, რადგან საქმე ეკუთვნის საგამოძიებო სტრუქტურებს, უფრო დეტალური ინფორმაციის მოცემა, თუ სად მოხდა დანაშაული, რა მტკიცებულებებია და ა.შ., საგამოძიებო ორგანოებს ეხება", - ამბობს ბასილაშვილი. სასამართლოს შემდეგ ხუციშვილი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავიდანვე განმარტოვებით საკანში მოათავსეს, რაც, მისი თქმით, პატიმრის უფლების დარღვევაა.
"იქ პატიმრები მაშინ შეჰყავთ, როდესაც ციხეში ყოფნისას რაიმეს დააშავებს, დაარღვევს პატიმრობის შესახებ წესებს, ან არ დაემორჩილება შიდა დირექტივებს. ასეთ საკანშიც კი პატიმარს, კანონით, საწოლი და დანარჩენი ჰიგიენური პირობები უნდა ჰქონდეს. ხუციშვილი კი იქ იყო ბეტონზე, არ ჰქონდა საწოლი. არადა მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, რბილ საწოლზეც კი სახსრებისა და კისრის არანორმალური ტკივილები აწუხებს.
"ეს ყველაფერი ზურაბ ხუციშვილმა აუხსნა ადმინისტრაციას. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. იქ რომ ნახა ექიმმა და მოისმინა ხუციშვილისგან დიაგნოზი, უთხრა - ასე რომ იყო, ფეხზეც ვერ დადგებოდიო. არადა, მისი ჯანმრთელობის შესახებ "ფორმა 100"-ც წარვუდგინეთ ადამინისტრაციას.
"ზურაბ ხუციშვილზე არანაირი ფიზიკური ზემოქმედება არ განხორციელებულა, მაგრამ რა პირობებშიც იყო, ეს გალხდათ არაადამიანური პირობები. რეაგირება რომ არ ხდებოდა და ხუციშვილის ჯანმრთელობა კიდევ უფრო უარესდებოდა, სახალხო დამცველის აპარატს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარებათა სამინისტროს ხელმძღვანელ ხათუნა კალმახელიძეს მივმართე.
"სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ჩაატარეს მონიტორინგი, გამოკითხეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და შემდგომშიც დაჰპირდნენ შემოწმებას. ამის შემდეგ სამრთლებრივად მოხდა რეაგირება და 28 ივლისს ხუციშვილი საკანში გადაიყვანეს.
"მისი ჯანმრთელობის გამო ვაპირებთ დავაყენოთ შუამდგომლობა, ჩემი დაცვის ქვეს მყოფი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ, ან საერთოდ გაათავისუფლონ პატიმრობიდან. ამ ეტაპზე თავად კმაყოფილია ადმინისტრაციის მოპყრობით", - ამბობს ხუნაძე.
ხუციშვილის ადვოკატის თქმით, სასამართლოზე საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არც პროკურატურისა და არც ბრალდების მხრიდან არ ყოფილა, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და, შესაბამისად, სასჯელზე შეთანხმებაზე უარს აცხადებს.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის და ინფორმაციის მისაღებად პრესსამსახურში გადაგვამისამართა. მათთან კი, შეთანხმების მიუხედავად, დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. შსს-ს ხუციშვილის დაკავებასთან დაკავშირებით არც რაიმე სპეციალური განცხადება გაუვრცელებია.
ზურაბ ხუციშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი, დაპირების მიუხედავად, არც კალმახელიძის უწყებაში და არც პროკურატურაში არ გააკეთეს.
ზურაბ ხუციშვილი ბრალს კატეგორიულად უარყოფს. დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკული ნივთიერება არ ჰქონია.
"დაცვის მხარე ყველანაირად შეეცდება დაადგინოს სიმართლე და დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა. ამ ეტაპზე არც ბრალდების მხარეს აქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ ზურა ბრალდებულის სახით იყოს მიცემული პასუხისგებაში. აუცილებლად მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, რომლებსაც გადავცემთ გამოძებასაც და სასამართლოსაც.
"ამ ქვეყნაში ნაკლებად მაქვს სამართლიანი სასამართლოს იმედი. არადამაკმაყოფილებელ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ სტრასბურგში. თავმოყვარეობის საკითხია. ადამიანი ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. ხელშეკრულება აქვს გერმანულ გამომცემლობასთან, სადაც იგზავნებოდა "აი ია"-ში გამოქვეყნებული სტატიები", - ამბობს ხუციშვილის ადვოკატი.
ზურაბ ხუციშვილი ჟურნალისტობის პარალელურად პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწეოდა. დაკავებული "მომავლის პარტიის" წევრი იყო, მისი დაშლის შემდეგ კი რამდენიმე ადამიანთან ერთად "სახალხო კრებას" შეუერთდა.
"მომავლის პარტიის" ყოფილი წევრი ლადო სადღობელაშვილი ამბობს, რომ ზურა ხუციშვილი ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო და 2010 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამცხე-ჯავახეთში პარტიული სიით იყრიდა კენჭს. ყოფილი თანაპარტიელი ფიქრობს, რომ ხუციშვილი სწორედ მისი აქტიური პოლიტიკური საქმიანობისა და ოპოზიციური შეხედულებების გამო დააკავეს.
"ხუციშვილი გია მაისაშვილის ახლო მეგობარი გახლდათ. ეროვნული მოძრაობის წევრი იყო. ბოლოს 18-19 ივლისს ვესაუბრე. არაფერი განსაკუთრებული არ მოუყოლია. მომიწოდა, მხნედ დადექი, ამ ხელისუფლებას გასაქანი არ მივცეთ, ბოლომდე ვიბრძოლოთო.
"აქტიურ ოპოზიციურ საქმიანობას ეწეოდა. "მომავლის პარტიის" დაშლის შემდეგ შეუერთდა "სახალხო კრებას". რეალურად, ვინც კი შემჩნეული იყო მაისის აქციებზე, ყველას დევნა მიმდინარეობს. ხალხს პირდაპირ იჭერენ, პროვოკაციებს უწყობენ.
"ზურაზე შემიძლია პირდაპირ გითხრათ - გამორიცხულია, მსგავსი რამ მომხდარიყო, ანუ ნარკოტიკი ჰქონოდა. ძალიან წესიერი პიროვნებაა. მაგალითისათვის კაკი დარასელია, შოთა იამანიძე შემიძლია დაგისახელოთ - ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სწორედ აქციების პერიოდში აქტიურობდნენ, შემდეგ კი მათაც ნარკოტიკები "აღმოუჩინეს".
"ხელისუფლება ცდილობს, ასეთი პატარა აფეთქებებით ჯერ თავად კონკრეტული ადამიანები გაანადგუროს და ასევე დაანახოს სხვას, რომ თუ იაქტიურებენ, მათაც იგივე ელით", - ამბობს სადღობელაშვილი.
ხუციშვილის ბრალეულობას უარყოფს მისი ადვოკატიც. დაკავებას კი უფრო მეტად მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. თუმცა, არ გამორიცხავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური მოტივითაც დაეპატიმრებინათ.
"აი ია" ძირითად აქცენტს ეროვნულ ღირებულებებზე აკეთებს, არ არის ეს პოლიტიკური გამოცემა. ზურა ის პიროვნებაა, რომელიც ქვეყანას არასოდეს უღალატებს. ამ ეტაპზე თავად ბრალდებული გაურკვევლობაშია - რატომ გაუკეთეს ასეთი რამ.
"ზურა ამ ყველაფერს საკუთარ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. ეს ცოტა ისეთი საკითხია, არ მინდა, ამაზე საუბრით პოლიტიკურ ჭრილში გადავიდე. ჩემი აზრით, დაკავება მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. თანაც ის არ ეთანხმება ბევრ რამეში ხელისუფლების პოზიციას. შესაძლოა, ბევრს ეს არ მოსწონს. აქციებშიც მონაწილეობდა, პოლიტიკური მოძრაობის ხალხთან რამდენად ახლოს იყო, არ ვიცი, მაგრამ იქ აქტიურობდა როგორც ჟურნალისტი, იღებდა ინფორმაციას როგორც ჟურნალისტი და სურდა დაეფიქსირებინა არსებული მგომარეობა, თუნდაც მაისის მოვლენებთან, დაპატიმრებებთან დაკავშირებით და ა. შ. თანაც ინფორმაცია იმისთვის გინდა, რომ მიაწვდინო და გააგებინო სხვებსაც. ჟურნალისტს ამის უფლებას კანონი აძლევს.
"შესაძლოა, მისი დაკავების ერთ-ერთი საფუძველი ესეც იყოს. არ ვიცი, სოდ-ისა და შსს-ს, პროკურატურის თანამშრომლების თავში რა ხდება, რატომ დაიჭირეს. მეორე მომენტიცაა - ქვეყანაში არსებული დღევანდელი მდოგმარეობიდან გამომდინარე, ვერ გამოვრიცხავ, რომ ხუციშვილი პოლიტიკური ნიშნით იყოს დაკავებული. ეტყობა, საშიშად მიაჩნიათ ზურა", - ამბობს ხუციშვილის ადვოკატი.
აღსანიშნავია, რომ ეს ზურაბ ხუციშვილის დაკავების პირველი ფაქტი არ ყოფილა. 10 ივლისს ის ბორჯომში პოლიციისთვის ბოროტი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გაასამართლეს და 400 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის თქმით, ქუჩაში მეგობარს ელაპარაკებოდა, მივიდა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციის თანამშრომელი და უთხრა, რომ ხმამაღალი საუბრით კანონს არღვევდა.
სანდუხიძის მტკიცებით, დაკავებულს შელაპარაკებაც კი არ მოსვლია პოლიციის თანამშრომელთან. ამის მიუხედავად, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
სანდუხაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასჯელს 1990-იან წლებში იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით იხდიდა. მაშინ ხუციშვილი "მრგვალი მაგიდის" სამცხე-ჯავახეთის განყოფილების თავმჯდომარე იყო და, ადვოკატის თქმით, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სხვა მხარდამჭერებთან ერთად პოლიტიკური შეხედულებების გამო დააპატიმრეს.
გაზეთ "აი ია" გერმანული რედაქციის ხელმძღვანელი ხატია ღუდუშაური ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ზურაბ ხუციშვილის დაპატიმრების მიზეზი.
ღუდუშაურის თქმით, "აი ია"-ს პირველი ნომრის გამოსვლის შემდეგ, ჯერ კიდევ აპრილში, ზურაბ ხუციშვილს ემუქრებოდნენ, რომ ნარკოტიკებს ჩაუდებდნენ და ციხეში აღმოჩნდებოდა.
მუქარისა და თვალთვალის ფაქტს ადასტურებს დაკავებულის ადვოკატიც. ამბობს, რომ ხშირად თავად ხუციშვილსაც დაუნახავს, როგორ დაჰყვებოდა უკან მანქანა, როგორ უღებდნენ ფოტოებს.
"სხვა ადამიანებსაც შეუმჩნევიათ ასეთი ფაქტები. ეკითხებოდნენ ზურას, რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა, ასე რატომ ხდებოდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა, დანაშაულებრივ კავშირში არავისთან ყოფილა და ამის გამო ფიქრობდა, რომ უკანონოდ არ მოექცეოდნენ", - ამბობს დაკავებულის ადვოკატი.
"აი ია"-ს გერმანული რედაქციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი კოლეგის დაკავების შემდეგ გაზეთის გავრცელება შეჩერდა, რადგან რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სწორედ ხუციშვილი იყო. ხატია ღუდუშაურის თქმით, "აი ია" ქართულ და მსოფლიო მასობრივი მედიის საშუალებებს, "ჟურნალისტებს საზღვრების გარეშე", ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს, დასავლეთის დიპლომატიურ სტრუქტურებს მიმართავს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და ჩაერთონ საქმის ობიექტურად წარმართვაში.
ზურაბ ხუციშვილის დაკავებას ქართველი ჟურნალისტებიც გააპროტესტებენ. "კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის" აქტიურად აპირებს ამ მიმართულებით მუშაობას.
ერთ-ერთი, ვინც საპროტესტო ტალღას შეუერთდება, ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტია. იგი მიიჩნევს, რომ ხუციშვილი მისი პოლიტიკური შეხედულებებისა და ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააკავეს. არ გამორიცხავს, ახლანდელი დაპატიმრების მიზეზი ბორჯომში მომხდარი ინციდენტიც იყოს.
"როგორც მე ვიცი, ნარკოტიკის ამოღებისას მოწმეები არ ყოფილან და თუ ასე ხდება, როგორც ორჯერ ორი ოთხია, ისე ფაქტია, რომ ჩაწყობილია. დღეს ნარკომანიც, სულელი უნდა იყოს, რომ ჯიბეში ნარკოტიკით დადიოდეს, მით უმეტეს, ადამიანი, რომელსაც რაღაც პერიოდი უთვალთვალებდნენ და ყოველ წამს ელოდა ასეთ რამეს.
"არ არის სამართლიანობა, როდესაც მოწმე მხოლოდ ის ადამიანია, ვინც ნარკოტიკი ამოიღო. ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე ჟურნალისტები ორგანიზაციულად უნდა გაერთიანდნენ. ტელევიზია დაეთმოს ამ თემას, რადიო, საგაზეთო სტატიები. რადგან ეს მცირეტირაჟიანი გაზეთია, ან დაკავებულს არ ჰყავს გავლენიანი მეგობრები, ამიტომ ხომ არ შეიძლება დაიჩაგროს ადამიანი?", - ამბობს ღლონტი.