სესხებზე შეზღუდვის ვადა ისევ გადაიწევს?!

სესხებზე შეზღუდვის ვადა ისევ გადაიწევს?!

საკრედიტო რეგულაციების შემოღება შეიძლება კიდევ გადაიდოს და წელს საერთოდაც აღარ ამოქმედდეს. ყოველ შემთხვევაში ამას კატეგორიულად ითხოვენ ბანკები და მათი მხარდამჭერები. 1 დღით ადრე უცნობია ეროვნული ბანკის პოზიცია, რომელიც ქვეყნის მთავარი საფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნას არ გამოხმაურებიან.

ახალი საკრედიტო რეგულაციის ამოქმედების თარიღს, ეჭქვეშ აყენებს „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობა. „თიბისის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე პირდაპირ ამბობს, რომ ბანკებისთვის სესხის გაცემის ახალი რეგულაციების ამოქმედების თარიღი უცნობია.

„ჩვენი სურვილია რეგულაციები საბანკო სექტორზეც პირველი იანვრიდან ამოქმედდეს და არა 15 ნოემბრიდან. საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი არც საბანკო სექტორისთვის არ არის. ბოლო 3 კვირაა მიმდინარეობს კონსულტაციები ძირითად დოკუმენტთან დაკავშირებით. იცით, რომ ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს მუშა ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში.

ჯერჯერობით ბოლო ვერსია არ გვაქვს. ჩვენ უფრო უკეთესი დოკუმენტი გვინდა, მაგრამ ჯგუფი მუშაობს. საბანკო ასოციაციის სურვილია, ისევე, როგორც მიკროსაფინანსო ინსტიტუტებში, ახალი რეგულაციები ძალაში შევიდეს პირველი იანვრიდან. ვნახოთ, როგორ ამოქმედდება“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

რეგულაციების გადავადებას ითხოვს „საქართველოს ბანკიც“, კომპანიის გენერალური დირექტორი კახაბერ კიკნაველიძე ამბობს, რომ ხელმოწერიდან, ანუ საბოლოო დოკუმენტის გამოქვეყნებიდან მის ძალაში შესვლამდე უნდა იყოს გარკვეული პერიოდი - ორი კვირა ან ერთი თვე, რომელიც საშუალებას მისცემს ბანკებს დანერგონ საკუთარ სისტემებში ახალი რეგულაციები.

„კონსულტაციები დღესაც მიმდინარეობს. მიდის რამდენიმე მიმართულებაზე მუშაობა“, - აღნიშნა კიკნაველიძემ და იქვე დასძინა, რომ უფრო დიდი ალბათობაა, რეგულაციები არა 15 ნოემბრისთვის, არამედ უფრო გვიან ამოქმედდეს.

სხვაგვარად აფასებენ ვითარებას პარლამენტში. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ საბანკო რეგულაციები აუცილებელია, რადგან სესხი უნდა დაიფაროს მსესხებლის შემოსავლიდან და ის უნდა იყოს აღებული იმ ვალუტაში, რომელშიც მსესხებელს გააჩნია შემოსავალი. რაც შეეხება რეგულაციების ამოქმედების ვადას, მას ცენტრალური ბანკი თავად დაადგენს, რომელიც საკუთარ საქმიანობაში დამოუკიდებელია.

„საკითხი ეხება ჭარბვალიანობას და პრობლემას, რომელიც აკუმულირებულია საბანკო სექტორში. რეგულაცია აუცილებელია და ფორმულა უნდა იყოს ასეთი: ყველა მსესხებელი სესხს უნდა მოემსახუროს საკუთარი შემოსავლებით. სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, მსესხებელი კრედიტს უნდა მოემსახუროს ლიკვიდური აქტივებით. მსესხებელი არ უნდა იყოს ვალდებული, რომ საბანკო მომსახურებისთვის თავისი უკანასკენლი საცხოვრებელი გაყიდოს“, - განაცხადა კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალი რეგულაციები საბანკო სექტორზე 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ 15 ნოემბრამდე გადაიწია. დღეს კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამოქმედდება თუ არა რეგულაციები ხვალ საბანკო სექტორისათვის. სხვა საფინანსო სექტორს შეზღუდვა 2019 წლის იანვრიდან დაუწესდება და სწორედ ამ დრომდე გადავადებას ითხოვენ კომერციული ბანკებიც. მიუხედავად მათი კატეგორიული პოზიციისა, სებ-ი თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დუმს.